GE
19 მარტი, 2026 12:23

გამოიცანი ფერები, ფორმები და ფიგურები – უნივერსალური ვიზუალური რესურსი მოსწავლეებისთვის

ავტორი: ია მაჩიტიძე – ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის უფროსი სპეციალური მასწავლებელი

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის:

რატომ არის ვიზუალური რესურსები აუცილებელი ყველა მოსწავლისთვის?

განათლების მიზანია, სასწავლო პროცესი იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი და საინტერესო ყველა მოსწავლისთვის. გთავაზობთ ფერების, ფორმებისა და ფიგურების ამოსაცნობ ვიზუალურ მასალას, რომელიც უნივერსალური ინსტრუმენტია და ეფექტურად მუშაობს როგორც ტიპური განვითარების, ისე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეებთან.

იხილეთ რესურსი: ფერები, ფორმები, ფიგურები

სსსმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც შესაძლოა, ჰქონდეთ შემეცნებითი, მეტყველების ან ყურადღების დეფიციტი, ასეთი აქტივობები მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნული სავარჯიშოების შესრულებისას ვითარდება:

კოგნიტური უნარები

ფერებისა და ფორმების გარჩევა ავითარებს ვიზუალურ აღქმას. მსგავსი და განსხვავებული ნიშნების პოვნა აძლიერებს შედარებისა და კლასიფიკაციის უნარს. ფიგურების ამოცნობა ხელს უწყობს ლოგიკური აზროვნების ფორმას.

ენობრივი განვითარება

ფერებისა და ფორმების დასახელება ამდიდრებს ლექსიკურ მარაგს.

მოტორული უნარები

გაფერადება, შემოხაზვა, ამოჭრა ავითარებს წვრილ მოტორიკას.

  • ფორმა და ფერი არის ის „ენა“, რომელიც სიტყვების გარეშეც გასაგებია. ეს ეხმარება ბავშვს სამყაროს აღქმაში მაშინაც კი, თუ მას მეტყველების სირთულეები აქვს;
  • მკაფიო სტრუქტურა და ვიზუალური მინიშნებები მოსწავლეს აძლევს განცდას, რომ მან იცის, რა მოეთხოვება. ეს ზრდის თვითდაჯერებულობას და სწავლის მოტივაციას;
  • ვიზუალური დახარისხების დავალებები საშუალებას აძლევს სსსმ მოსწავლეს, დამოუკიდებლად დაასრულოს სამუშაო, რაც მისი პიროვნული განვითარებისთვის უდიდესი სტიმულია;
  • საგნების შედარება და ანალიზი (მაგალითად, რატომ არის პიცა წრე და არა კვადრატი?) პირველი ნაბიჯია ლოგიკური დასკვნების გამოსატანად;
  • როდესაც კლასში ყველა ბავშვი ერთსა და იმავე ვიზუალურ რესურსზე მუშაობს (თუნდაც სხვადასხვა სირთულის ხარისხით), იქმნება ერთიანი სასწავლო სივრცე;
  • ერთი და იგივე სურათი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მარტივი ფერის საცნობად, ისე რთული გეომეტრიული ფიგურების შესასწავლად.

ვიზუალური დახარისხების დავალებები აყალიბებს მათემატიკურ ლოგიკას, კლასიფიკაციის უნარსა და დეტალებზე დაკვირვების ჩვევას. ფერებისა და ფორმების დაკავშირება ავითარებს ნატიფ მოტორიკასა და თვალისა და ხელის კოორდინაციას, რაც წერა-კითხვის სწავლის აუცილებელი წინაპირობაა. აბსტრაქტული ცნებების კონკრეტულ საგნებთან გაიგივება ეხმარება მოსწავლეს გარემოს უკეთ აღქმასა და ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში. საბოლოო ჯამში, მსგავსი ადაპტირებული მასალები ზრდის ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხს და ქმნის თანაბარ პირობებს ინკლუზიურ სასწავლო გარემოში.

ასევე იხილეთ: 

„გამოთვალე და გააფერადე“ – სახალისო მათემატიკა პირველკლასელებისთვის

იპოვე მითითებული სიტყვა კროსვორდში და გამოიცანი პროფესია – აქტივობათა კრებული მოსწავლეებისთვის

schools.ge (ნ)