გაქცევა რეალობიდან? – რა დატვირთვა აქვს ზღაპარს ბავშვისთვის
ავტორი: ქეთევან მჭედლიშვილი – თანამედროვე განათლების აკადემიის დაწყებითი კლასების მასწავლებელი
ბავშვებს უზარმაზარი ფანტაზიის უნარი აქვთ – ბევრად უფრო ფართო, ვიდრე ჩვენ, უფროსებს. როცა ბავშვებს ზღაპრებს ვუკითხავთ, ისინი უბრალოდ სიტყვებს არ უსმენენ, ისინი ხედავენ. ხედავენ ტყეს, სადაც ხეები საუბრობენ. ხედავენ გმირს, რომელიც შიშს ამარცხებს. გრძნობენ ემოციებს, სურნელს, ფერებს – ყველაფერს საკუთარი შიდა სამყაროთი ქმნიან.
ეს ფანტაზია არ არის უბრალოდ თამაში, ეს არის მათი შინაგანი აზროვნების ენა. აქ ყალიბდება კრეატიულობა, ემპათია, პრობლემების გადაწყვეტის უნარი. აქ სწავლობენ, როგორ შეიძლება, რეალობა შეიცვალოს ფიქრით.
ზღაპარი ბავშვისთვის არ არის გაქცევა რეალობიდან – ეს არის გზა, რომ რეალობას შეხვდეს უფრო ძლიერი, უფრო თამამი, უფრო ცოცხალი.
და აქ არის ხისტი სიმართლე ჩვენთვის, უფროსებისთვის: როცა ბავშვს ვეუბნებით – „ნუ იგონებ“, „ეს სისულელეა“, ჩვენ ნელ-ნელა ვუკლავთ იმ სამყაროს, სადაც მისი უნიკალურობა იბადება.
თუ გვინდა გაცნობიერებული მომავალი, უნდა დავიცვათ ბავშვების ფანტაზია, ვუკითხოთ ზღაპრები, ვუსმინოთ მათ წარმოსახვას. და თავადაც გავბედოთ ისევ დანახვა – ისე, როგორც ბავშვები ხედავენ, რადგან ფანტაზია არის ადგილი, საიდანაც იწყება თავისუფალი ადამიანი.