GE
27 სექტემბერი, 2024 13:30

„იცნობდეთ, ამ მასწავლებლებმა საკენ-ჭუბერის უღელტეხილი მოსწავლეებთან ერთად ფეხშიშვლებმა გადმოიარეს“ – ემოციური გზავნილი საზოგადოებას

აფხაზეთის ომიდან და სოხუმის დაცემიდან 31 წლის შემდეგაც კი, 2024 წლის 27 სექტემბერს, არ გვიძნელდება ვიპოვოთ ისეთი მასწავლებლები, რომლებმაც საკენ-ჭუბერის ალპური ზონის უღელტეხილი მასწავლებლებთან ერთად ფეხშიშვლებმა გადმოიარეს.

ომის წარმოუდგენელი ბოროტება და შედეგები პედაგოგებმა მომავალ თაობასთან და ასეულობით ათას იძულებით გადაადგილებულ მშვიდობიან მოქალაქესთან ერთად ნახეს. ახლა ისინი ჩვენი ქვეყნის ქალაქსა თუ სოფლებში კვლავაც აგრძელებენ შეუფასებელ პედაგოგიურ საქმიანობას. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი ცოცხალი აღარ არის.

თბილისის 94-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი, ირმა კოპინაშვილი, რომელიც მაშინ 19 წლის იყო, იხსენებს რა გზა განვლეს დევნილმა პედაგოგებმა, რომლებიც ახლაც მომავალი თაობების სადარაჯოზე დგანან, მოტივაციას აძლევენ და თავად ამდენი გაჭირვება აქვთ ნანახი.

„19 წლის ვიყავი, როცა აფხაზეთის ომი დაიწყო. ხშირად და განსაკუთრებით, 27 სექტემბერს ყოველთვის ვუყვები მოსწავლეებს ჩემს მეხსიერებაში დარჩენილი ომის კადრების შესახებ. მიუხედავად დიდი ტკივილისა, როგორც პედაგოგი და მშვიდობიანი მოქალაქე, არ მივიჩნევ აფხაზ ერს მტრად და სურვილი მაქვს ულამაზეს აფხაზეთში ისევ ერთად ვიცხოვროთ.

მოსწავლეებს მუდმივად მოვუწოდებ, რომ მტრობა არ ჩაიდონ გულში და იყვნენ მიმტევებელი, მშვიდობის მომხრეები“, – ამბობს დევნილი პედაგოგი.

აი, როგორ იხსენებს ირმა მასწავლებელი, დევნილ პედაგოგებს, რომლებმაც მასთან და მის ოჯახის წევრებთან ერთად გადმოკვეთეს საკენ-ჭუბერის უღელტეხილი.

„მე სოხუმის მე-7 საჯარო სკოლა დავასრულე. მასწავლებლები საკუთარ მოსწავლეებს ქურთუკებს ასხამდნენ, პურს უნაწილებდნენ. ბევრი მათგანი ჩემი პედაგოგიც იყო. ბევრის შვილსა და შვილიშვილს ვიცნობდი. მახსენდება მათი სახელებიც. იცნობდეთ, ამ მასწავლებლებმა საკენ-ჭუბერის უღელტეხილი, ჩვენთან ერთად, ფეხშიშვლებმა გადმოიარეს. ეს პედაგოგები იყვნენ: ზაირა ჯობავა, ნანი კირთაძე, დალი ჯღარკავა, ნათელა ცალანი. მასწავლებლის პროფესიაში შესვლა სწორედ ამ კადრებმა გადამაწყვეტინა. მასწავლებლის მოღვაწეობა მართლაც შეუფასებელია. დღეს დევნილი პედაგოგები მომავალ თაობას ვაძლევთ მოტივაციას. ხალისიანად შევდივართ აუდიტორიებში. ვერც იფიქრებთ თუ ამდენი გაჭირვება გვაქვს ნანახი“, – აგვიხსნა პედაგოგმა.

დღეს, 27 სექტემბერს, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

ასევე იხილეთ;

მედეა მასწავლებლის საჩუქარი მეხუთეკლასელებს – როცა დამრიგებლისა და მოსწავლეების ინტერესები ემთხვევა

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში