ის, რაც ყველა მოსწავლემ უნდა იცოდეს – როგორ ამოვიცნოთ ემოციები და ვისწავლოთ მათი მართვა
ავტორი: ნინო უჩავა – თბილისის 158-ე საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი
ემოციები ადამიანის ბუნებრივი ნაწილია. თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიურად სხვადასხვა გრძნობა ეწვევა – სიხარული, ბრაზი, წყენა, იმედგაცრუება თუ აღტაცება. განსაკუთრებით სასკოლო გარემოში, სადაც ბავშვები მუდმივად ურთიერთობენ ერთმანეთთან, ძალიან მნიშვნელოვანია ემოციების ამოცნობა და მათი სწორად მართვა. ემოციების მართვა ეხმარება მოსწავლეებს, უკეთ გაიგონ საკუთარი თავი, გაუგონ სხვებს და მშვიდობიანად მოაგვარონ კონფლიქტები.
ემოციებისა და ბრაზის მართვის თემაზე ჩავატარეთ კლასის საათი, რომლის მიზანი მოსწავლეებში თვითშეგნების, ემპათიისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების უნარის განვითარება იყო.
აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებმა კლასის საათის ფარგლებში განახორციელეს:
პირველი აქტივობა – მოსწავლეებმა ფურცლებზე დაწერეს, კონკრეტულ მომენტში რას გრძნობდნენ. შემდეგ ეს ფურცლები კედელზე გააკრეს. აღმოჩნდა, რომ კლასში ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა ემოცია სუფევდა: ზოგი მოსწავლე მოწყენილი იყო, ზოგი – გაბრაზებული, ზოგი – ბედნიერი, ზოგი კი – დაღლილი. მსჯელობისას მოსწავლეებმა დაასკვნეს, რომ ხშირად ვერ ვამჩნევთ ერთმანეთის ემოციებს და შეიძლება, გაუცნობიერებლად ვაწყენინოთ კიდეც სხვას. აქტივობამ მათ დაანახა, რამდენად მნიშვნელოვანია თანაგრძნობა და ერთმანეთის მდგომარეობის გათვალისწინება.
მეორე აქტივობა – მოსწავლეებმა უყურეს ვიდეოს ბრაზის მართვის შესახებ, რის შემდეგაც იმსჯელეს, მსგავს სიტუაციებში თავად როგორ იქცევიან, რა შეცდომებს უშვებენ კონფლიქტის დროს და როგორ შეიძლება პრობლემის მშვიდობიანად მოგვარება. განხილვისას გამოიკვეთა, რომ ხშირად იმპულსურად ნათქვამი სიტყვა ან დაუფიქრებელი ქმედება აძლიერებს დაძაბულობას, მაშინ, როდესაც მოთმინება, მოსმენა და მშვიდი საუბარი ხელს უწყობს კონფლიქტის გადაწყვეტას.
მესამე აქტივობა – მოსწავლეებმა დაწერეს ანონიმური წერილები იმის შესახებ, თუ რა აწუხებთ, რა ახარებთ ან რა არ მოსწონთ საკლასო სივრცეში. აღნიშნულმა აქტივობამ საშუალება მისცა თითოეულს, თავისუფლად და გულწრფელად გამოეხატა საკუთარი აზრი. წერილების ანალიზმა აჩვენა, რომ ბევრ მოსწავლეს მსგავსი განცდები და სურვილები აქვს, თუმცა ამის შესახებ ხმამაღლა საუბარს ყოველთვის ვერ ბედავს.
მეოთხე აქტივობა – მოსწავლეებმა ასევე უყურეს ემოციურ ანიმაციას „The Present“. ვიდეოს შუა ნაწილში ყურება შეჩერდა და მოსწავლეებმა იმსჯელეს მთავარი პერსონაჟის ემოციებსა და პიროვნულ მახასიათებლებზე. დასასრულის ნახვის შემდეგ მათ აღმოაჩინეს, თუ რა იდგა სინამდვილეში ბიჭის ქცევების უკან. ანიმაციამ მათ დაანახა, რომ ზედაპირული შეფასება ხშირად მცდარია და აუცილებელია გავიგოთ, რა ხდება ადამიანის ცხოვრებაში, სანამ მასზე დასკვნებს გამოვიტანთ.
ასეთი ტიპის აქტივობები მოსწავლეებს დაეხმარება საკუთარი ემოციების გაცნობიერებასა და სხვების მიმართ მეტი ყურადღებისა და ემპათიის განვითარებაში. ისინი გააცნობიერებენ, რომ ბრაზის მართვა შესაძლებელია, თუ საკუთარ გრძნობებს სწორად ამოვიცნობთ და მათ გამოხატვას მშვიდობიან გზას მოვუძებნით.
მსგავსი კლასის საათები ხელს უწყობს ჯანსაღი, უსაფრთხო და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული საკლასო გარემოს ჩამოყალიბებას, სადაც თითოეული მოსწავლე თავს მნიშვნელოვნად და დაცულად გრძნობს.
ასევე იხილეთ:
იპოვე მითითებული სიტყვა კროსვორდში და გამოიცანი პროფესია – აქტივობათა კრებული მოსწავლეებისთვის
-
იპოვე მითითებული სიტყვა კროსვორდში და გამოიცანი პროფესია – აქტივობათა კრებული მოსწავლეებისთვის by სკოლების ამბები
-
„ლეგენდად ქცეული ქალები“ – სკოლა „პოლიგლოტში“ კონფერენცია გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
„ნამდვილი გაკვეთილის“ ისტორია მოსწავლეებისთვის – რა ხდება, როცა კლასის ყოველდღიური „პრობლემა“ სასწავლო რესურსად იქცევა by სკოლების ამბები