GE
7 ივნისი, 2022 12:48

მარნეულელი მოსწავლე: „უნდა მივაღწიოთ, რომ ჩვენი შვილების თაობა მაინც იყოს უფრო განვითარებული“

„ტრაგედიაა, როდესაც კაცები იჩაგრებიან, ტრადიციაა როდესაც ქალები იჩაგრებიან“, – ეს გახლავთ ერთ-ერთი სლოგანი, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა სკოლის მოსწავლეებმა მოიფიქრეს. ბავშვები აპირებენ, მათ მიერ მოფიქრებული სლოგანები, რომელიც გენდერულ თანასწორობას ეხება, რეგიონის ყველა სკოლაში გაავრცელონ.

„ათი ბარათი გენდერული თანასწორობისთვის“ – ეს გახლავთ პროექტი, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე სკოლებში სამოქალაქო კლუბ „ჩვენი მომავლისთვის“ მხარდაჭერით განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს სხვა თემის არჩევაც შეეძლოთ, მაინც გენდერულ საკითხზე შეაჩერეს ყურადღება. შეიქმნა 10 ბარათი, რომელიც მოიცავს სიტუაციურ ამოცანებს, სცენარს, სადისკუსიო კითხვებს, ინფორმაციას ცნობილ ქალებზე, 10 წიგნის ჩამონათვალს გენდერულ თანასწორობაზე, საქართველოში არსებულ სტატისტიკურ ინფორმაციას, შემოთავაზებებს პრობლემის გადაჭრის თაობაზე და სივრცეს მცირე ინიციატივების ჩამოსაყალიბებლად…

პროექტზე VII-IX-X კლასების ექვსმა მოსწავლემ იმუშავა. ბავშვებმა ჯერ ბარათების კომპიუტერული ვერსია შექმნეს, მერე კი დაბეჭდეს. როგორც მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე, ნაზ მამიშოვა EDU.ARIS.GE-ს უყვება, პროექტის მიზანი იყო გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, გენდერთან დაკავშირებული სტერეოტიპების დამსხვრევა და გარემოს შექმნის ხელშეწყობა, სადაც კაცებიც და ქალებიც თანასწორები იქნებიან. მამიშოვა ამბობს, რომ ბარათების დამზადებაში სკოლის დირექტორი, შორენა ხუხუა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, თემო სუყაშვილი დაეხმარნენ.

„ამ პროექტზე მუშაობა თებერვალში დავიწყეთ. სხვადასხვა თემიდან გენდერული თანასწორობა ავირჩიეთ, რადგან ეს მნიშვნელოვანია მარნეულში მცხოვრები ხალხისთვის. გადავწყვიტეთ, ათ ბარათი დაგვემზადებინა, რომლებსაც მერე გავავრცელებდით. ჩვენი პროექტის პირველადი სახე გავუგზავნეთ „ახალგაზრდულ იდეას“, რომელიც ამ პროექტს ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. მოეწონათ ჩვენი პროექტი და დაგვაფინანსეს“, – ამბობს ნაზი.

ერთი ბარათი საზოგადოებაში გავრცელებულ გენდერულ სტერეოტიპებს ეხება, რომ, მაგალითად, კაცმა არ უნდა გამოხატოს ემოციები, არ უნდა იტიროს და ა. შ. თორემ ქალს დაემსგავსება. ამ ბარათზე 16 სტერეოტიპი და სადისკუსიო კითხვებია ჩამოთვლილი. მოსწავლეები თვლიან, რომ ვინც ამ კითხვებს უპასუხებს, თვითონვე მიხვდება თავის შეცდომებს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ დედები უფრო მეტად ზრუნავენ ბავშვებზე და ოჯახურ საქმეებზე, ვიდრე მამაკაცები. ადამიანების უმრავლესობამ არ იცის, რა არის სქესი და რა არის გენდერი. გენდერი სოციალური განსხვავება კაცსა და ქალს შორის, სქესი კი – ბიოლოგიური განსხვავება კაცსა და ქალს შორის. გენდერი კი არის ფსიქოლოგიურად შექმნილი განსხვავება ქალსა და კაცს შორის“, – ამბობს ნაზ მამიშოვა.

IX კლასელი მოსწავლეს, რომელიც მთელი სერიოზულობით გვიყვება გენდერული თანასწორობის პრობლემაზე, ვკითხეთ, როგორ აისახება ეს ამბავი მათი, ბავშვების ცხოვრებაზე, რაზეც გოგონა გვპასუხობს, რომ მისი თანატოლების მშობლების უმეტესობა ისეთ დროს არიან გაზრდილნი, როდესაც თანასწორობის გააზრების მცდელობაც კი არ არსებობდა და, მშობლების გავლენით, მისი თანატოლებიც გენდერული ნიშნით ყოფენ ადამიანებს.

„ჩემი სკოლის მოსწავლეებს რომ ჰკითხოთ, ვერც წარმოიდგენენ, როგორ შეიძლება მამაკაცმა შეასრულოს საოჯახო საქმე. ან როგორ შეიძლება ქალმა იმუშაოს და ოჯახში ფული შემოიტანოს. ბავშვები როდესაც ასეთ გარემოში იზრდებიან, ვერ აყალიბებენ თავიანთ თავში თუ რა არის სქესსა და გენდერს შორის განსხვავება და როგორ უნდა მოიქცნენ“, – გვითხრა მამიშოვამ.

გოგონა ამბობს, რომ თანასწორობის გამო ხშირად კამათობს ოჯახის წევრებთან, სხვა უფროსებთან თუ მოსწავლეებთან. ნაზ მამიშოვას აზრით, მისი თაობაშიც რთული იქნება სტერეოტიპების მსხვრევა.

„მამაჩემი ფიქრობს, რომ ქალის საქმე არ არის ისეთი სპორტი, როგორიც არის კარატე. მე კი ყოველთვის მინდოდა ამ სპორტზე სიარული. ჩვენ ვიცით, რომ მშობლებს აზრს ვეღარ შევაცვლევინებთ, ბავშვებთან კი, რომლებიც ჯერ ზრდის პროცესში არიან და ნელ-ნელა იწყებენ ცხოვრების შესწავლას, ამ თემებზე საუბარი კარგი იქნება. იმას მაინც უნდა მივაღწიოთ, რომ ჩვენი შვილების თაობა მაინც იყოს უფრო განვითარებული“, – ყვება IX კლასელი EDU.ARIS.GE-სთან.

„იყავი თანასწორი, რაციონალური და შემოქმედებითი ცვლილებებისთვის“, ქალები და კაცები ქმნიან საზოგადოებას, გენდერი კი საზოგადოებაა“ – ასეთია მოსწავლეების მიერ შექმნილი სლოგანები XXI საუკუნის საქართველოში.

ასევე იხილეთ:

„მადლობელი ვარ ჩემი სკოლის“ – მოსწავლე, რომელმაც სკოლას 5000 ლარიანი დაფინანსება მოუტანა

„საუკეთესო დამრიგებლის“ ჯილდო მოსწავლეებისგან – საჩხერელი პედაგოგის ბავშვებთან ურთიერთობის მეთოდები

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში