„საუკეთესო დამრიგებლის“ ჯილდო მოსწავლეებისგან – საჩხერელი პედაგოგის ბავშვებთან ურთიერთობის მეთოდები
„თუ ბავშვები არ გიყვარს, სკოლაში არ უნდა იმუშაო. მასწავლებლისგან მოსწავლეები ერთგულებას და ნდობას ითხოვენ. ცელქი რომაა ბავშვი, რაღაც უნდა ასწავლო და მერე ენდო“, – ამბობს საჩხერის მე-2 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი, ბაია აბრამიშვილი, რომელმაც თავისი მოსწავლეებისგან „საუკეთესო დამრიგებლის“ ჯილდო მიიღო. შესაბამისად, EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რა საიდუმლოებებს ფლობს მასწავლებელი, რომელიც ბავშვებს განსაკუთრებულად უყვართ.
ბაია აბრამიშვილს სადამრიგებლო, XII კლასის მოსწავლეებმა ორიგინალური საჩუქარი ბანკეტზე მიართვეს. როგორც 35 წლიანი სტაჟის მქონე პედაგოგი EDU.ARIS.GE-ს უყვება, მოსწავლეების მიერ სპეციალური შეკვეთით დამზადებულმა ჯილდომ ბევრი ატირა.
„მიკროფონში რომ გამოაცხადეს, სიურპრიზი-საჩუქარი გვაქვს და გახსენიო, ვიძახოდი, ბავშვებო, როგორ შეიძლება, რა საჩუქარი-მეთქი… რომ გავხსენი, იმდენი ვიტირე, იმდენი ვიტირე… საოცარი შეგრძნება იყო. ამ ბავშვებმა XI კლასი რომ დაასრულეს, ფიზიკაში გავუკეთე კროსვორდი. ფიზიკური სიდიდეები უნდა ჩაეწერათ, მაგრამ ვერ მიხვდნენ, როგორ გაეკეთებინათ. მერე ორი ვერტიკალური ხაზი ჩამოვუსვი და წაიკითხეს – „მიყვარხართ“ ეწერა. ახლა კი ბანკეტზე მოიტანეს ტორტი, სადაც ეს ყველაფერი იყო გადატანილი და ასევე „მიყვარხართ“ ეწერა. რომ მეუბნებოდნენ, თქვენთვის სიურპრიზი გვაქვსო, სიურპრიზი ეს ტორტი მეგონა, მაგრამ თურმე წინ სიგელი მელოდა.
„ეს ბავშვები უჩემოდ ახლაც ვერ ძლებენ, სახლშიც მაკითხავენ. გადაწყვეტილი აქვთ, ბანკეტის ვიდეოს ჩემთან ერთად უყურონ. სოციალურ ქსელში ჯგუფი გვაქვს, რომელსაც „ბაიას ჩიტუნიები“ ჰქვია. ახლა მე უნდა მოვუწყო სიურპრიზი და იმ დღისთვის ტორტი უნდა დავახვედრო, რომელზეც „ბაიას ჩიტუნიები“ ეწერება“, – გვითხრა ბაია აბრამიშვილმა, რომელიც აღნიშნულ კლასს ჯერ ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს ასწავლიდა, შემდეგ კი – ფიზიკას.
„საუკეთესო დამრიგებელი“ EDU.ARIS.GE-ს იმ დეტალებზეც მოუყვა, თუ რით დაიმსახურა ბავშვებისგან ასეთი სიყვარული.
„ერთხელ შატალოზე წასვლა უნდოდათ. ერთის მშობელმა დამირეკა, ასე და ასე აპირებენ და მინდა, იცოდეთო. მივედი დირექტორთან და ვუთხარი, ორი გაკვეთილის მერე უნდა გამიშვათ ამ ბავშვებთან ერთად-მეთქი. შევედი კლასში და ვთქვი, მოდით, ბავშვებო, დღეს ბუნებაში გავიდეთ ერთად-თქო. შატალო აღარ ერქვა, რადგან მეც იქ ვიყავი, მაგრამ დღემდე არ იციან, რომ მე ეს მშობლისგან გავიგე. ზოგი ალბათ ერთ ამბავს ატეხდა, აუ, შატალოზე მიდიანო. ციხე „მოდინახეა“ ჩვენი სკოლის თავზე. მის ფერდობზე არაჩვეულებრივი ბუნებაა და იქ წავედით. უნდოდათ, მათაც სცოდნოდათ, სკოლის გარეთ გაკვეთილების დროს ყოფნა როგორი იყო. მშობლებსაც მე თავად დავურეკე – არ შეგეშინდეთ, ერთად ვართ-მეთქი. გაისეირნეს, ფოტოები გადაიღეს”, – ამბობს ბაია აბრამიშვილი.
მასწავლებელი გვიყვება, რომ ექსკურსიებზე, სადილისას, ბავშვები მასწავლებლებისგან და მშობლებისგან განცალკევებულად არასოდეს დაუსვამს და ერთად ყოფნისას სუფრაზე ჯდომისა და ჭამის წესებიც კი გაურჩევიათ. მშობლებს კი შვილებთან დაკავშირებით წამოჭრილი პრობლემების დროსაც ეხმარებოდა:
„ატრაქციონზე დასხდებოდნენ, მეც მათთან ერთად ვჯდებოდი, ცეკვავდნენ, მეც ვცეკვავდი… მშობლები რომ მირეკავდნენ, არ მოსულა ჯერ ჩემი შვილი და სად არის, ვნერვიულობო, ვურეკავდი იმ ბავშვს, გარეთ ხომ არ ხარ შემთხვევით, სტუმრები მყავს და პურს ხომ ვერ მომირბენინებ-მეთქი… ან მითქვამს, სად ხარ, მეც მოვალ, სეირნობა მინდა-თქო და გავსულვარ.
ფიზიკის მასწავლებელი ასევე ამბობს, რომ მოსწავლეებს ფიზიკასთან ერთად ლიტერატურის კითხვაც შეაყვარა, წესრიგიც ასწავლა და ერთმანეთის დანდობაც.
„ონლაინ სწავლების დროს არც გაკვეთილი ჩაგვიგდია, არც რაიმე ცხოვრებისეული ამბავი. დღესასწაულებსაც ონლაინში ვზეიმობდით, საღამოებს ვაწყობდით. რადგან გარეთ ვერ გადიოდნენ, წიგნების კითხვა დავაწყებინე და მერე გვქონდა იმ წიგნების განხილვა. ჩამოვთვლიდით ხოლმე, რომელს რომელი წიგნი უნდა წაეკითხა და მერე ჩვენთვის მოეყოლა. ისე უნდა მოეყოლათ, რომ სხვების დაინტერესება გამოეწვია. ყვებოდნენ, მაგრამ ინტრიგას ტოვებდნენ და იყო ერთი ამბავი – წიგნი მათხოვე, მეც წავიკითხავო.
„საკლასო ოთახში ისეთი სისუფთავე გვქონდა მუდამ, ვერ იტყოდით, რომ იქ 28 ბავშვი იჯდა. V კლასიდან მივაჩვიე ნივთების მოვლას. თუ კლასში რაღაც მოხდებოდა და სხვა მასწავლებელი მათზე რამეს მეტყოდა, დროს ვითხოვდი, ცოტა ხანს მაცადეთ-მეთქი. მე ვიბრალებდი მომხდარს – შეცდომა მე მომივიდა, მოსწავლეს კი არა-მეთქი. უნდა გენახათ იმ ბავშვის თვალები, როცა ხედავდა, როგორ ვიცავდი. დარწმუნებული იყავით, ამის შემდეგ მსგავსს აღარაფერს ჩაიდენდა ის მოსწავლე. მართლაც საოცარი ბავშვები გამოვზარდე. არ დამიზოგავს არაფერი, რომ კარგები ყოფილიყვნენ და გეფიცებით, მთელი რაიონი იცნობს XII 2 კლასს – ყველა კარგი მოსწავლეა. 28 ბავშვიდან 7 მათგანს ოქროს მედალი მიაქვს“, – მოუყვა EDU.ARIS.GE-ს ბაია აბრამიშვილი.
დამრიგებელს 7 წლიანი ურთიერთობის შემდეგ მოსწავლეებთან განშორება ჯერ კიდევ უჭირს. ამბობს, რომ საკლასო ოთახი ისევ ისეა მორთული, როგორც მათ დატოვეს ბოლო ზარის დღეს:
„საჰაერო ბუშტები, რომლებითაც კლასია მორთული, მათი გაბერილია. არავის ვაკიდებინებ ხელს, სანამ გაძლებს ეს ბუშტები, მინდა, იყოს. ვერ ველევი, რომ მიდიან, ისეთი კარგები არიან“.
ასევე იხილეთ: