GE
25 მარტი, 2026 16:28

„მარტივი დავალება უნიკალური სამყაროს გამოსავლენად“ – შემოქმედებითი აქტივობა, რომელიც მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზა

თბილისის 133-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანმა მასწავლებელმა, ქეთი ზარანდიამ III ბ – „ფუტკრების“ კლასის მოსწავლეებს საინტერესო შემოქმედებითი აქტივობა შესთავაზა. როგორც პედაგოგი EDU.ARIS.GE-ს უყვება, აქტივობა მდგომარეობდა შემდეგში: მოსწავლეებს დაურიგდათ ფურცლები, რომლებზეც მხოლოდ თვალები იყო გამოსახული. ბავშვებმა კი საკუთარი ფანტაზიის გამოყენებით განსხვავებული სახეები და პერსონაჟები შექმნეს.

ქეთი მასწავლებლის თქმით, უმცროსკლასელები თავდაპირველად გაოცდნენ, ფიქრობდნენ – რა უნდა დაეხატათ, რომელი ცხოველი, ან როგორი ადამიანი, თუმცა, როცა სრული თავისუფლება მიიღეს, საქმეს ღიმილით შეუდგნენ.

იხილეთ ვიდეო

„ზოგადად, მოსწავლეებს უყვართ მსგავსი აქტივობები – განსხვავებული და შემოქმედებითი. ამ დავალების შესრულებაშიც კლასის 100% ჩართული იყო. ეს აქტივობა მარტივია, დაგეგმვის და შესრულების კუთხით, თუმცა სიმარტივეში დამალული უნიკალური სამყაროს აღმოჩენის შესაძლებლობა გვაქვს, არ მხოლოდ მოსწავლეებს, არამედ ზრდასრულებსაც. მასწავლებელს სჭირდება მხოლოდ თაბახის ფურცელზე დაბეჭდილი თვალები და მოსწავლეებისთვის მიცემული სრული თავისუფლება. აქტივობის ბოლოს ბავშვებს ვთხოვე, ნამუშევრისთვის სახელიც შეერჩიათ, ამან კი პროცესი უფრო საინტერესო გახადა. შედეგად კი მივიღეთ ნამუშევრები, რომლებიც განსხვავებულია პერსონაჟით, ფერით, ემოციით და ა.შ.“, – გვეუბნება პედაგოგი.

ქეთი ზარანდიას თქმით, მსგავსი ტიპის დავალებები მოსწავლეებისთვის კრეატიული აზროვნების განვითარების და თვითგამოხატვის კარგი შესაძლებლობაა.

„ეს კონკრეტული აქტივობა ავითარებს:

  • წარმოსახვას;
  • დეტალებზე დაკვირვების უნარს;
  • ინდივიდუალურ ხედვას;
  • ემოციების ამოცნობასა და გადმოცემას.

ყოველთვის ვცდილობ, მოვიძიო ინტერნეტსივრცეში ისეთი აქტივობები, რომლებიც ბავშვს მისცემს თავისუფლად ფიქრისა და სხვადასხვა უნარის განვითარების შესაძლებლობას. მსგავსი აქტივობაც უცხოურ გვერდზე აღმოვაჩინე, სადაც მასწავლებელი ნახევარწრეებს, უბრალო ხაზებს, გეომეტრიულ ფიგურებს იყენებდა და საოცარ შედეგს იღებდა – ერთმანეთისგან განსხვავებულს. მეც არ ვჩერდები და ვაგრძელებ, დიდი ინტერესით ველოდები ჩემი პატარების ახალი სამყაროს აღმოჩენასაც“, – აღნიშნავს პედაგოგი.

ასევე იხილეთ: 

„ნამდვილი გაკვეთილის“ ისტორია მოსწავლეებისთვის – რა ხდება, როცა კლასის ყოველდღიური „პრობლემა“ სასწავლო რესურსად იქცევა

რა ზრდის მოსწავლის მოტივაციას სასწავლო პროცესში – ფრაზები და პრაქტიკული მაგალითები

schools.ge (ნ)