მარტყოფის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეების ბიზნესიდეამ გაამართლა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეთა გუნდმა საკუთარი ბიზნეს იდეა შეიმუშავა, რომელიც კოლხური ბზის გამრავლება-გაყიდვას ეხება.
ბზობის დღესასწაულზე, 17 აპრილს, X კლასის მოსწავლეებმა, თენგო კანდელაკმა, დალი კეჟერაშვილმა და ნოე შოშიაშვილიმა, ქოთნებში ჩარგული ბზის ტოტები გაყიდეს და სკოლის ბიუჯეტი 300 ლარზე მეტით გაამდიდრეს.
ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ მარტყოფელმა მოსწავლეებმა „ალტე უნივერსიტეტის“ ინოვაციურ პროექტ ,,სტარტაპ მარათონში“ მიიღეს მონაწილეობა, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის ბიზნესისა და მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ტარდება. პროექტის ფარგლებში, სკოლების სახელით, 3-4 მოსწავლისგან შემდგარ გუნდს უნდა წარედგინა საკუთარი ბიზნესიდეა, რომელთა გადარჩევის შემდეგ, საუკეთესო იდეის ავტორებისთვის, უნივერსიტეტი დარგის სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოფდა სპეციალურ ტრეინინგებს იდეის დახვეწის, პრეზენტაციის მომზადებისა და წარდგენის მიმართულებით.
პროექტის ავტორებმა მოიწონეს მარტყოფის N1 საჯარო სკოლის გუნდის ბიზნეს იდეა და მოსწავლეებს გადასცეს ოფიციალური გაყიდვების ნებართვის სერტიფიკატი და მისცეს რეკომენდაცია კოლხური ბზის ნარგავების გაყიდვის ბიზნეს იდეის საცდელი ვარიანტის განხორციელების შესახებ.
წახალისებულ მოსწავლეებს სკოლის დირექციაც ამოუდგა მხარში და სკოლის ფინანსებიდან გამოიყო საწყისი თანხა – 180 ლარი, რითაც მოსწავლეებმა შეიძინეს ქოთნები, მიწა, დეკორატიული გასაფორმებელი მასალები ბზობის დღესასწაულისთვის, შეაგროვეს ბზის ტოტები, დარგეს, გააფორმეს ნარგავები, აკურთხებინეს მარტყოფის ტაძრის მოძღვარს და ბზობის დღესასწაულზე ორ ლოკაციაზე გაყიდეს.
სკოლის დირექტორი, ლია შოთაძე EDU.ARIS.GE-თან ყვება, რომ იდეამ გაამართლა და მოსწავლეებმა სკოლას მოგება მოუტანეს.
„იდეამ გაამართლა და ახლა ვგეგმავთ, შემოსული თანხა ახლა ისევ ამ ბიზნეს იდეის ფარგლებში დავატრიალოთ. ერთთვიანი გაყიდვების უფლება მიიღეს ჩვენმა მოსწავლეებმა. მეწარმეობის საფუძვლების მასწავლებელი, ნათელა სუხიტაშვილი ხელმძღვანელობს ამ პროექტს, რადგან მეწარმეობის ცნობიერების ამაღლებაა ამ პროექტის მიზანი. ბავშვებმა ბევრი იშრომეს, საცდელი ეტაპი სკოლამ დააფინანსა 190 ლარით და საკმაოდ კარგი შემოსავალიც შემოგვივიდა ბზობის დღესასწაულზე. აქამდე თუ მხოლოდ ტოტები ჩარგეს, გააფორმეს ლამაზად და ის გაყიდეს ბავშვებმა, ამ თანხით უკვე შევძლებთ კოლხური ბზის ნერგები ვიყიდოთ და დავიწყოთ პროქტის განხორციელება, რომელიც მომავალში ბანკმა უნდა დააფინანსოს“, – ამბობს სკოლის დირექტორი.
ქოთნებში ჩარგული ბზის ტოტები ბავშვებმა ფერადი ქვებითა, დეკორატიული წითელი კვერცხებით გააფორმეს და ღვთაებისა და მარტყოფის მონასტრებთან გაყიდეს. ახლა აპირებენ, ნერგები დააფესვიანონ და მომავალი წლის ბზობის დღესასწაულზე კიდევ უფრო დიდი შემოსავალი მიიღონ. მანამდე კი სხვა იდეაც აქვთ განსახორციელებელი.
„მოსწავლეებს ოთახი გამოვუყავით სკოლაში, სადაც გაკვეთილების შემდეგ მუშაობენ. ისეთი ბედნიერები არიან, არ შორდებიან ამ ოთახს და მოუნდათ, მაგალითად, ხელნაკეთი სამაჯურები დაამზადონ და მარტყოფში უკვე მოახლოებულ აპარნობის დღესასწაულზე გაყიდონ და მეც არ ვარ ამის წინააღმდეგი. საკმაო ნიჭიც გამოავლინეს ბიზნესის კუთხით მოსწავლეებმა და შრომისმოყვარეობის ფასიც გაიგეს. ამ ჯერზე უფესვო ტოტები გაყიდეს ბავშვებმა და აღნიშნეს, რომ ფესვიან ბზაზე უფრო დიდი მოთხოვნაა და ძვირიც ღირს. ამიტომ, ახლა ბზას დააფესვიანებენ. მთავარია, ის სათბური ავაწყოთ, რომელიც ამ პროექტის მიხედვით უნდა განვახორციელოთ“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ლია შოთაძემ.
ასევე იხილეთ:
„ბავშვები კეთილები, მომთმენები და მზრუნველები ხდებიან“ – რა უვითარებს ბავშვებს ადამიანურ თვისებებს