GE
22 დეკემბერი, 2023 10:41

მესტიაში მოსწავლეებმა ნაძვის ხე მეორეული რესურსებისგან შექმნილი სათამაშოებით მორთეს – „დედამიწის რესურსებს გაფრთხილება სჭირდება“

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ წვირმის საჯარო სკოლის ეკო კლუბმა „დედამიწელები“, ნაძვის ხის სათამაშოების შესაქმნელად აქტივობა – „საახალწლო გარდასახვა“ ჩაატარა. სკოლის ინიციატივით, მოსწავლეებმა მეორეული რესურსებით ე.წ ნარჩენებით დაამზადეს ნაძვის ხის სხვადასხვა მოსართავი.

როგორც EDU.ARIS.GE-ს სკოლის ადმინისტრაციაში უთხრეს, ჩატარებულ აქტივობას კონკრეტული მიზანი აქვს, რომელიც მოსწავლის განვითარებისკენ არის მიმართული.

„მოგეხსენებათ, გაეროს მდგრადი განვითარების მე- 12 მიზანი დედამიწაზე არსებული შეზღუდული რესურსების მდგრადი მოხმარებაა. ჩვენმა სკოლამ საახალწლო პერიოდი გამოიყენა იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის გეჩვენებინა, რას გულისხმობს ეს მიზანი. ისეთი ნარჩენებისაგან, როგორიცაა: პლასტმასის ბოთლები, ძველი ნათურები, ნაჭრები, მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს ნაძვის ხის სათამაშოები“, – ჰყვებიან წვირმის საჯარო სკოლაში.

მესტიის მაღალმთიან რეგიონში მდებარე სკოლა EDU.ARIS.GE-სთან იმ მესიჯზეც საუბრობს, რომელსაც ამ აქტივობით სხვა სკოლებს უგზავნის:

„მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ირგვლივ ყველაფერი აქვთ, რათა შექმნან ის, რაც ასე ძალიან სურთ. მათ შეუძლიათ, დაზოგონ რესურსი და შეამცირონ წარმოების უარყოფითი გავლენა კლიმატის ცვლილებაზე. საახალწლოდ, როცა უმრავი რესურსები იხარჯება ჩვენს სიამოვნებაზე, აუცილებელია, მოსწავლეებს ვუთხრათ, რომ დედამიწის რესურსებს გაფრთხილება სჭირდება“.

ასევე იხილეთ:

„ნაზი და კაშკაშა“ – როგორი ნაძვის ხეები დადგეს საჯარო სკოლებმა (+ფოტო/ვიდეო)

როგორი ნაძვის ხეები დადგეს საჯარო სკოლებმა – ნაწილი II (+ფოტო/ვიდეო)

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში