GE
26 მაისი, 2022 13:03

მოსწავლე დამოუკიდებლობის დღეზე: თავისუფალი ქვეყნის ადამიანები ცვლიან სამყაროს უკეთესობისკენ

„ღმერთმა ადამიანებისთვის შემქნა ადგილი, სადაც სიყვარულის განხორციელება შეეძლებოდათ და ეს არის სამშობლო“, – ასე აღწერს EDU.ARIS.GE-სთან თბილისის 159-ე საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე, ანა მეიშვილი ადგილს, რომელსაც სამშობლოს ვეძახით. პატრიოტიზმით აღსავსე გოგონას 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ვესაუბრეთ და გავიგეთ, რა იცის და რას გრძნობს ამ დღის შესახებ, როგორ აღიქვამს დამოუკიდებლობის ფასს ამ თაობის მოსწავლე, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მომავალი თავის თანატოლებთან ერთად უნდა განსაზღვროს.

-ანა, რას ნიშნავს შენთვის სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი?

-სამშობლო უნდა გიყვარდეს ადამიანს, რადგან სამშობლოს სიყვარული სწორედ რომ მთელს შენს ცხოვრებას გაყვარებს. პატრიოტიზმი სწორედ ამ სიყვარულის გამოვლინებაა. იცით სამშობლო რა არის? ღმერთმა ადამიანს მისცა სიყვარულის უნარი და ასევე შექმნა მათთვის ადგილები, სადაც ამ სიყვარულის განხორციელება შეეძლებოდათ. სწორედ ამ ადგილს ეწოდება სამშობლო, რომელიც ჩემთვის საქართველოა.

-26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. რა იცი ამ დღის შესახებ, როგორ გაიგე პირველად ამ დღეზე, ვისგან და რა გითხრეს?

-პირველად ამ დღის შესახებ მშობლებისგან გავიგე. მითხრეს, რომ ეს იყო საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, რადგან 1918 წელს საქართველო გათავისუფლდა იმ წნეხისგან, რომელსაც რუსეთი ჰქვია. ჩემთვის ძალიან აღსანიშნია 26 მაისი, რადგან ვფიქრობ, რომ ამ დღეს ქართველმა ხალხმა თითქოს შვება იპოვა.

სამწუხაროდ, დღესაც არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი საქართველო თავისუფალია. რადგან ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ვერ ვიტყვით, რომ მთლიანად თავისუფლები ვართ, მაგრამ, ვფიქრობ, აუცილებლად შევძლებთ ამ ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებას და მაშინ კიდევ უფრო მასშტაბური იქნება ეს დღე აღსანიშნად. ბოლომდე უნდა გავთავისუფლდეთ, რომ დამოუკიდებლობის დღის სიდიადე მთლიანად აღვიქვათ. მაშინ ის გმირი ხალხი რომ არ ყოფილიყო, ახლა ჩვენ ეს ინტერვიუ შეიძლება ქართულად სულაც არ ჩაგვეწერა და ბევრად რთულად ყოფილიყო ყველაფერი. ამიტომ, ქართველებს პირველ რიგში, უნდა გვესმოდეს, რომ ეს დამოუკიდებლობა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ერისთვის.

-რა არის ცალკეულად შენთვის, როგორც სკოლის მოსწავლისთვის დამოუკიდებლობა და თავისუფლება?

-ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება მისი თითოეული მოსახლის პიროვნულ თავისუფლებას ნიშნავს. პიროვნული თავისუფლება კიდევ მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი ადამიანები ცვლიან სამყაროს უკეთესობისკენ და, შესაბამისადთავისუფლება სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის მეთოდია.

-როგორ ფიქრობ, რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად და რას ვერ ხედავ დღეს მოსწავლის თვალით, რაც ამისთვის აუცილებელია?

-პირველ რიგში, ეს არის მოსახლეობის ერთიანობა, რაც დაგვეხმარება სრულად მოვიპოვოთ თავისუფლება. ერთიანები უნდა ვიყოთ, რათა შემდგომში სრულად შევძლოთ იმ ტერიტორიების დაბრუნება, რაც დღეს ჩვენი არ არის. რატომღაც მგონია, რომ ქართველები ადრე უფრო მეტად ზეიმობდნენ ამ დღეს, რადგან მათ საკუთარ თავზე ჰქონდათ გამოვლილი რუსეთის წნეხი. მე კი ვფიქრობ, რომ დღევანდელ თაობას შედარებით შესუსტებული აქვს ეს განცდები, რადგან მას არ უნახავს ის დიდი ტკივილი, რაც ჩვენმა მშობლებმა ნახეს. მათ ნანახი აქვთ ომი და იციან, როგორი დიდი ძალა აქვს თავისუფლებას. ყველას გაერთიანებაა აუცილებელი, რასაც სამწუხაროდ დღეს ვერ ვხედავთ.

-მოსწავლეს თუ აქვს როლი ქვეყნის გაძლიერებასა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და როგორ ხედავ ამ როლს?

-რა თქმა უნდა, მოსწავლეს უდიდესი როლი აქვს ამ ამბავში, რადგან, მოსწავლე არის ქვეყნის მომავალი თაობა და რაც ვერ მოახერხა ჩვენი მშობლების და მათმა წინა თაობამ, ის უნდა მოვახერხოთ ჩვენ. ჯერ უნდა შევინარჩუნოთ, რაც გვაქვს, მერე კი უნდა დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები.

პირველ რიგში, მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ ქვეყნის ისტორია და მისი მნიშვნელოვანი თარიღები. ზერელედ არ უნდა შეხედო შენი ქვეყნის ისტორიას და ძალიან უნდა განიცადო შენი ერის ტკივილი, რომელიც მას გამოუვლია, თორემ ვერ შევძლებთ ამ ტკივილის განკურნებას. სკოლა კი ის ადგილია, სადაც სწავლობ შენი ქვეყნის ისტორიას, რომელიც უნდა შეიყვარო, რომ მომავალში თავისუფალი და დამოუკიდებელი იყო.

26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, სათავეს 1918 წლიდან იღებს. მაშინ თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო, თუმცა ეროვნულ დღესასწაულად ისევ პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

ასევე იხილეთ:

მასწავლებლის მიმართვა ბოლო ზარის დღეს: ამ სასტიკ სამყაროში შეიძლება წაიქცეთ, მაგრამ მთავარი ღირსეულად წამოდგომაა

„სკოლის პერიოდის მახსოვრობას ისე გაუფრთხილდით, როგორც ძვირფას ნივთს“ – დათო ევგენიძე ბოლო ზარის მომლოდინეებს

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში