GE
20 მაისი, 2022 16:30

მასწავლებლის მიმართვა ბოლო ზარის დღეს: ამ სასტიკ სამყაროში შეიძლება წაიქცეთ, მაგრამ მთავარი ღირსეულად წამოდგომაა

დღეს ქვეყანაში არსებული სკოლების უმრავლესობაში ბოლო ზარი დაირეკა. ცხოვრების ახალ გზაზე შემდგარ ახალგაზრდებს ამ დღეს უმეტესად მასწავლებლების რჩევა-დარიგებებისა და მიმართვების მოსმენა მოუხდათ.

„ამ საწუთროში ღირსეულად გეპოვნოთ საკუთარი ადგილი“, – ასეთია თბილისის 62-ე საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგის, ინგა ბალახაშვილის მთავარი სურვილი რომელიც EDU.ARIS.GEს საშუალებით უგზავნის სკოლადამთავრებულებს:

„ამ სასტიკ სამყაროში შეიძლება წაიქცეთ, მაგრამ მთავარია, ფეხზე ღირსეულად წამოდგეთ. მტკიცე ნებისყოფას გისურვებთ და ცუდის და კარგის გარჩევის უნარს. დაუღალავი შრომა, სწორად განსაზღვრული მიზნები და ამ მიზნისკენ გულწრფელი და პატიოსანი წინსვლაა მთავარი ღირებულებები ამ ცხოვრებაში, მართალი და ღირსეული უნდა იყო ადამიანი. ასევე, ყველას ვურჩევ, ის პროფესია აირჩიონ, რომელიც ეყვარებათ, რადგან თუ შენი პროფესია არ გიყვარს, რაც არ უნდა გენიოსი იყო იმ საქმეში, რასაც აკეთებ, მაინც არ ღირს იმ სფეროში დარჩენა, რადგან ბედნიერი ვერ იქნები. ამიტომ, ჩემი აზრით, ყველა ადამიანი ვალდებულია, საკუთარი მე და საკუთარი ადგილი მოძებნოს იქ, სადაც თავს კარგად იგრძნობს. დამერწმუნეთ, პედაგოგისთვის იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როდესაც შენი ყოფილი მოსწავლე, უკვე გზაგაკვალული შეგხვდება და გეტყვის, რომ შენი დარიგება წინ დახვდა და ამისთვის მადლობას გადაგიხდის“.

მასწავლებელი EDU.ARIS.GEსთან ასევე საუბრობს როგორ უჭირს საკუთარ მოსწავლეებთან განშორება.

„სამი სადამრიგებლო კლასი მყავს გაშვებული სკოლიდან და ძალიან რთული გადასატანია ხოლმე მათი ბოლო ზარი ჩემთვის. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს საკუთარ შვილებს ვუშვებ ბუდიდან, რომლებიც ამიერიდან მკაცრი ცხოვრების პირობებს, სასტიკ სამყაროს მარტო უნდა შეეჭიდონ, შენ კი მათზე აღარც გავლენა გექნება და ვეღარც დაეხმარები. კი, მერეც შეიძლება ურჩიო რაღაც, მაგრამ მაინც შორს იქნები. ჩემს მოსწავლეებს პატარაობიდან ვამზადებ ხოლმე ამ სამყაროსთან შესახვედრად. მათ აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ ყველა არ გადაუსვამს თავზე ხელს და ყველა ფეხის ნაბიჯზე ჩასაფრებულია საფრთხე, რისთვისაც მზად უნდა იყვნენ.

მკაცრი სამყარო ყველგან არის, ოჯახიდან დაწყებული, სკოლით, ქუჩით თუ გარემოთი დამთავრებული, მაგრამ სკოლაში სწავლისას მაინც 100 თვალი და 100 ყური გაკვირდება და გისმენს ბავშვს, მერე კი სულ სხვა ცხოვრება, სხვა რეალობა იწყება. ხანდახან ბავშვები ვერ აღიქვამენ რეალობას, ამ დროს მათ გვერდით ხარ და ანახებ, რომ ის, რის გამოც ვიშვიშებს, არც ისეთი დიდი პრობლემაა. ამას რომ ხვდება ბავშვი, მშვიდდება. სკოლის დამთავრების მერე კი, მარტოს უწევს ამ ყველაფერთან გამკლავება“, – ამბობს ბალახაშვილი.

ასევე იხილეთ:

ბოლო ზარზე მშობლის დასწრების საკითხს სკოლა წყვეტს

მშობელი სასკოლო ექსკურსიებზე: ახალი რეგულაციებით ირღვევა ჩვენი შვილების უფლებები

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში