GE
17 მაისი, 2022 18:40

„სკოლის პერიოდის მახსოვრობას ისე გაუფრთხილდით, როგორც ძვირფას ნივთს“ – დათო ევგენიძე ბოლო ზარის მომლოდინეებს

სასწავლო წელი მიიწურა და მალე ბევრი მოსწავლისთვის სკოლაში ბოლო ზარი დაირეკება. სკოლის დამთავრება და ცხოვრების ახალ გზაზე გადასვლა განსაკუთრებულ განცდებთან არის დაკავშირებული.  როგორ ახსოვს ბოლო ზარი და რა განცდები დაუტოვა სკოლამ, ამ საკითხებზე   EDU.ARIS.GE კომპოზიტორ დათო ევგენიძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ კლასელებზე ფასეული ამ ცხოვრებაში არავინ ჰყავს.

დათო ევგენიძისთვის სკოლის დამთავრების მაუწყებელი ბოლო ზარი ორჯერ დაირეკა. თბილისის პირველ საშუალო სკოლაში (ახლანდელ პირველ კლასიკურ გიმნაზიაში) სწავლობდა, თუმცა ბოლო წლების გატარება მუსიკალურ ათწლედში მოუწია. საშუალო სკოლებში მაშინ 10 წელი სწავლობდნენ, მუსიკალურ ათწლედში კი – 11. ჯერ საშუალო სკოლის დამთავრება აღნიშნა, მერე – მუსიკალური ათწლედის და ამიტომაც,  ბოლო ზარის ღონისძიებაზე დასწრება ორჯერ მოუწია.

„ხალათებზე ვაწერდით ერთმანეთს რაღაცეებს და დღესაც შენახული მაქვს ის ორივე ხალათი. ერთმანეთს ვუწერდით, „მიყვარხარ“, „მომენატრები“, ვუხატავდით გულებს და სხვა რაღაცას“, – გაიხსენა დათო ევგენიძემ EDU.ARIS.GE-სთან.

მუსიკოსმა პირველ საშუალო სკოლაში გამართული ბოლო ზარისთვის სიმღერაც დაწერა, რომელიც კლასელებთან ერთად გამოსამშვიდობებელ საღამოზე შეასრულა.

„სკოლას ჰქონდა დარბაზი, სადაც სცენაც იყო, პარტერიც და იქ გაიმართა ბოლო ზარის საღამო. მე დავუკარი, ვიღაცამ ლექსი წაიკითხა და უნდა გითხრათ, რომ საკმაოდ სევდიანი საღამო იყო. მერე ბანკეტიც გვქონდა და იქ უფრო ვიხალისეთ, მაგრამ ის მომენტი, რომ ზაფხულის შემდეგ აღარ მივიდოდით სკოლაში და იქ აღარ შევხვდებოდით, სევდის მომგვრელი იყო. იმ მომენტში იმდენად ვერ ხვდები, რასთან გაქვს საქმე, მაგრამ დრო რომ გადის, მერე ძალიან დიდი ნოსტალგია გაქვს.

„ბანკეტისთვის შევაგროვეთ ფული და კაფეში წავედით. ვიცეკვეთ… მაშინ გრანდიოზული ბანკეტები არ იყო. ყველაფერი უბრალო იყო და ის უფრო ფასეული მგონია. ჩვენთვის ერთმანეთის დანახვაში იყო ხიბლი და არა „რა გაცვია“-ში. არც საშუალება იყო იმდენი, როგორიც დღეს არის“, – ამბობს კომპოზიტორი.

დათო ევგენიძის უმცროსი შვილი 16 წლის არის, X კლასის მოსწავლეა. მუსიკოსი ამბობს, რომ სკოლას, ვირტუალური სამყაროს არსებობით, რასაც პანდემიაც დაემატა, გარკვეულწილად ფუნქცია დაეკარგა. განიცდის, რომ ბოლო ორი წელია, მის შვილს სკოლაში ფაქტობრივად არ უვლია.

„ვირტუალურად სწავლობდნენ ყველაფერს. სკოლა მნიშვნელოვანია თავისი შატალოთი თუ დასვენებებით. პირადი ურთიერთობებია მნიშვნელოვანი და არა ვირტუალური. კი, მერე დადიოდნენ, სადღაც ხვდებოდნენ, მაგრამ სკოლა და ერთ შენობაში ყოფნა აბსოლუტურად სხვა რამეა. თან ის ასაკი იყო, როდესაც ბავშვობიდან ბიჭობაში შედიხარ, პრანჭვა და შეყვარება იწყება და სწორედ ამ დროში უწევდათ ბავშვებს ერთმანეთთან ვირტუალური ურთიერთობა, რაც მათ აუცილებლად დაასვამს დაღს. ამიტომ, ვურჩევ, ის პერიოდი ახლა მაინც აინაზღაურონ ერთმანეთთან ურთიერთობით, როცა პანდემია უკვე ხელს აღარ უშლით“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ევგენიძემ.

მუსიკოსი მათ, ვინც სკოლას ახლა ამთავრებს, ურჩევს, არასოდეს დაივიწყონ სკოლის პერიოდი, იქ განცდილი ამბები და შეძენილი მეგობრები, რადგან ეს ყველაფერი ფასდაუდებელ განძად მიაჩნია.

„სკოლაში, ბავშვობაში შეძენილი მეგობრები სულ სხვაა. მათთან ერთად ყალიბდები და ხდები ყმაწვილი. დღემდე ჩემი ყველაზე ახლო მეგობრები ჩემი კლასელები არიან. რა თქმა უნდა, ცხოვრების მანძილზე იძენ ახალ მეგობრებს, მაგრამ ჩემს კლასელებზე ფასეული, ვისთან ერთადაც გავიზარდე, მაინც არავინ არის. სკოლაში შედიხარ ბავშვი და გამოდიხარ 17 წლის. ერთად იზრდებით, რაც სულ სხვა სიახლოვეა. ვინც სკოლას ახლა ამთავრებს, ვურჩევ, გაუფრთხილდნენ იმ მახსოვრობას, რაც სკოლაში გაიარეს, რადგან ის აღარ განმეორდება. იქნება უნივერსიტეტი და სხვა ბევრი სიახლე, მაგრამ სკოლის პერიოდის მახსოვრობას ისე უნდა გაუფრთხილდეთ, როგორც ძვირფას ნივთს. სკოლა და იქ შეძენილი ცოდნა, ურთიერთობები თუ მახსოვრობა ერთგვარი განძია“, – ამბობს მუსიკოსი.

ასევე იხილეთ:

მშობელი სასკოლო ექსკურსიებზე: ახალი რეგულაციებით ირღვევა ჩვენი შვილების უფლებები

„შვილის სკოლაში შესვლის ასაკი უნდა იყოს მშობლის არჩევანის თავისუფლება“ – დათო ლიკლიკაძე

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში