მოსწავლე: მასწავლებელმა აუცილებლად უნდა ჩააბაროს გამოცდები, რომ განვითარდეს და დროს ფეხი აუწყოს
უნდა აბარებდეს თუ არა პედაგოგი დროგამოშვებით სტატუსის ასამაღლებელ გამოცდებს, გამოცდას პროფესიული განვითარებისთვის და რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის მასწავლებელი, რომელიც ასეთ გამოცდებზე კარგ შედეგს დადებს? – ამ კითხვით EDU.ARIS.GE-მ სკოლის მოსწავლეს მიმართა.
ნაფარეულის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე სალომე ხიდიშელისთვის მნიშვნელოვანია, სკოლის პედაგოგებს მასწავლებელს სტატუსის ასამაღლებელი გამოცდები ჰქონდეთ ჩაბარებული და დროს ფეხიც აუწყონ.
„დრო იცვლება და ვფიქრობ, მასწავლებლებიც უნდა ცდილობდნენ თვითგანვითარებას, სხვადასხვა უნარების გაუმჯობესებას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, სკოლაში გამოცდებზე კარგი შედეგის მქონე მასწავლებელი ასწავლიდეს. პედაგოგებმა დროს და ახალ ცხოვრებას აუცილებლად უნდა აუწყონ ფეხი. გამოცდების ჩაბარება, ვფიქრობ, მათ იმაშიც დაეხმარება, რომ ბავშვების ინტერესებზე იყვნენ ორიენტირებულნი და ჰქონდეთ მოსწავლეებთან თანამშრომლობის უნარი. ეს უნარი ყველა მასწავლებელმა უნდა გაიუმჯობესოს“, – ამბობს სალომე EDU.ARIS.GE-სთან.
სალომეს აზრით, რომელი მასწავლებელიც თვითგანვითარებაზე ფიქრობს და გამოცდებსაც აბარებს, მისი გაკვეთილები განსხვავებულია და შესამჩნევი – მოსწავლეებისათვის.
„საგანში, რომელსაც ასწავლიან, მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ კარგი კომპეტენცია და მუდმივად ეცნობოდნენ სიახლეებს იმ საგნის სწავლების ახალ მეთოდებთან დაკავშირებით. უნდა შეეძლოთ ამ ახალი მეთოდების, მიდგომების მოსწავლეებთან შესაბამისად გაზიარება.
„ჩემთვისაც და ბევრი სხვა მოსწავლისთვისაც მოსაწყენია ფორმალური, კლასიკური გაკვეთილები. ვფიქრობ, სიახლე და თანამედროვე სტანდარტებით ჩატარებული გაკვეთილი საინტერესო და მეტის მომცემია. სხვადასხვა კატეგორიის მასწავლებელი გვყავს სკოლაში და მათი ჩატარებული გაკვეთილები, რა თქმა უნდა, განსხვავდება ერთმანეთისგან. არიან მასწავლებლები, რომლებსაც ატყობს მოსწავლე, რომ მუდმივად არიან ორიენტირებულნი საკუთარი თავის განვითარებაზე სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ტრენინგების გავლით თუ სხვა ღონისძიებით. რა თქმა უნდა, ასეთი მასწავლებლის ჩატარებული გაკვეთილი განსხვავებულია და მოსწავლისთვის – აშკარად შესამჩნევი“, – გვითხრა სალომემ.
XII კლასის მოსწავლისთვის ასევე მნიშვნელოვანია საგაკვეთილო პროცესში არაფორმალური განათლების ჩართვა და მოსაწყენია ერთფეროვანი გაკვეთილები.
„ძალიან მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების ჩართვა სასწავლო პროცესში. ეს მოსწავლის მოტივაციასაც ზრდის. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ფორმალური გაკვეთილის მიმდინარეობას შევცვლიდი და შევიტანდი გარკვეულ ცვლილებებს, რომ ერთფეროვანი და მოსწავლისთვის მოსაწყენი არ იყოს. რა თქმა უნდა, ერთფეროვნება, მონოტონური საუბრის მოსმენა გბეზრდება მოსწავლეს. საბედნიეროდ, სკოლაში გვყავს ისეთი მასწავლებლებიც, რომლებსაც სიახლეები შემოაქვთ საგაკვეთილო პროცესში და ეს ძალიან მიხარია“, – უთხრა სალომემ EDU.ARIS.GE-ს.
შეგახსენებთ, პედაგოგები და მასწავლებლობის მსურველები უკვე წლებია, გამოცდებს აბარებენ, რომ სკოლაში სწავლების უფლება მოიპოვონ ან შეინარჩუნონ. ბევრი მათგანი აპროტესტებს ამ გამოცდებს და ჩივის, რომ დიპლომიან მასწავლებელს აღარ უნდა სჭირდებოდეს, ვინმეს რამე უმტკიცოს.
ასევე იხილეთ:
ახალციხელი XI კლასის მოსწავლე ამერიკაში ისწავლის – როგორ აიხდინა ოთარ ჯინჭველაძემ ოცნება
„ერთი შენობიდან უნდა იმართოს მთელი სასწავლო პროცესი“ – მშობლის პოზიცია