GE
21 ივლისი, 2022 17:36

„პირველი გაკვეთილი რომ ჩავატარე, ხმა მიკანკალებდა“ – 15 წლის ხობელი გოგონა, რომელიც მოსწავლეებს ქიმიას ასწავლის

„ქიმიის მასწავლებელი აუცილებლად გავხდები, მაგრამ უფრო დიდი გეგმებიც მაქვს – მინდა, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი და უნივერსიტეტის ლექტორი ვიყო“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან 15 წლის ხობელი გოგონა, მარიამ ლეფსაია, რომელსაც უკვე მოსწავლეები ჰყავს და მათ ქიმიაში ამზადებს.

მარიამ ლეფსაია ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში ცხოვრობს, XI კლასში გადავიდა. მას დედა უცხო ენებისა და ინფორმატიკის მასწავლებელი ჰყავს. ფიქრობდა, რომ თავად მასწავლებელი არ გახდებოდა, რადგან, როგორც ამბობს, დედა „სულ დაღლილი იყო და დრო არასდროს ჰქონდა“, მაგრამ როგორც კი ქიმიის გაკვეთილი ჩაუტარდა, სხვაგვარად დაიწყო ფიქრი.

„ქიმია პირველი გაკვეთილიდან შემიყვარდა და ამაში დიდი როლი ითამაშა მასწავლებელმა, ირმა წულაიამ. ახლაც მახსოვს ის შთაბეჭდილება, რომელიც მე-8 კლასში ქიმიის პირველი გაკვეთილის დროს დამეუფლა. ეს ყველაზე განსხვავებული, სხვა სამყარო აღმოჩნდა. მაშინ სკოლაში არ გვქონდა ლაბორატორია და ირმა მასწავლებელს სახლიდან მოჰქონდა კოლბები, სხვა ხელსაწყოები და რეაქციებს გვიტარებდა. რომ მიხვდებოდა, კარგად ვიგებდი, მერე მე მახსნევინებდა გაკვეთილს. მერე, ნება დამრთო, მისი მეთვალყურეობის ქვეშ ჩამეტარებინა გაკვეთილი უფრო დაბალ კლასში. ახლა კი კოლეგას მეძახის.  მეც ვიფიქრე, რომ სხვებისთვისაც უნდა მესწავლებინა ქიმია. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ამ მიზანს მივაღწიე – ჩემს მოსწავლეებს შევაყვარე ქიმია“, – გვიყვება მარიამი.

მარიამი ამბობს, რომ თავის ტოლებსაც ამეცადინებს და უმცროსი კლასების მოსწავლეებსაც. თანატოლებისგან ანაზღაურებას არ იღებს, უმცროსები კი, ჩატარებულ გაკვეთილებში, ფულსაც უხდიან.

„სოციალურ ქსელში ქიმიის ჯგუფებში ვარ გაერთიანებული და იქ დავწერე, რომ გავაკეთებდი ჯგუფს, სადაც დავეხმარებოდი 5-6 მოსწავლეს, ოღონდ მათგან მოვითხოვდი თავდაუზოგავ შრომას და თუნდაც ღამეების გათენებას. მოხდა ისე, რომ 5-6-ის მაგივრად, 35 ბავშვი მოგროვდა. დღეში 50 დავალებას მაინც ვუსწორებდი ყველას. ახლა არდადეგებია და ეს რიცხვი შემცირდა,“ – ყვება გოგონა.

როგორც მარიამი ამბობს, ბავშვებს ონლაინ, ზუმის მეშვეობით ამეცადინებს და ისინი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ერთვებიან. ყვება, რომ დავალებებს აძლევს, შემაჯამებელ სამუშაოებს აკეთებინებს, რეაქციებს ატარებენ ერთად, პრეზენტაციებს უწყობს…

„პირველი გაკვეთილი რომ ჩავატარე, ხმა მიკანკალებდა და სულ ვფიქრობდი, ამას როგორ დავამარცხებ-მეთქი. მერე კი ისე შევეჩვიე პედაგოგობას, ვერც მივხვდი. როცა ქიმიის გაკვეთილის ახსნას ვიწყებ, ირგვლივ ყველაფერი იცვლება და თითქოს სულ სხვა სამყაროში შევდივარ. ყველა კომპლექსი დავძლიე, მეტყველებაც დამეხვეწა… ხშირად მეკითხებიან, თავად თუ იცი იმდენი, რომ სხვებს ასწავლოო. ვპასუხობ, რომ თუნდაც ერთხელ დაესწრონ ჩემს ჩატარებულ გაკვეთილს, შეამოწმონ, როგორ ვიცი და მერე გააკეთონ დასკვნა, აქვს თუ არა განათლებას ასაკი“, – გვითხრა ხობელმა გოგონამ.

მარიამისთვის ქიმია ყველაფერია, ყველაზე საყვარელი ქიმიური რეაქცია კი ოქროს წვიმის რეაქცია:

„ოქროს წვიმის რეაქცია ერთ-ერთია იმ შესანიშნავი რეაქციებიდან, რომელიც ქიმიის სილამაზეს წარმოაჩენს. შესანიშნავია, უყურო ორ უფერულ ხსნარს, რომლებიც ერთმანეთთან შერევის შემდეგ ქიმიის წყალობით სასწაულს ქმნის. ნალექის ასე ლამაზად წარმოქმნა თვალსაჩინოა და რეაქციის დავიწყების უფლებასაც არ გაძლევს. ჩემი აზრით, სწორედ პრაქტიკული გამოცდილებაა დასამახსოვრებელი ადამიანისთვის, ქიმიური რეაქციები კი ამის საშუალებას იძლევა ფერადი ნალექებისა და აირების წარმოქმნით. ჩემთვის ქიმია ყველაფერია, ცხოვრებაა – რასაც ვხედავთ, რასაც ვაკეთებთ… ის კი, რომ ბავშვებს ვამეცადინებ და მათი მასწავლებელი ვარ, ყველაზე დიდი გამოცდილებაა ამ ცხოვრებაში“, – ამბობს მარიამ ლეფსაია.

ასევე იხილეთ:

მოსწავლის თვალით დანახული გაკვეთილები – „ქიმია იძლევა ამის საშუალებას…“

რა აქცევს სკოლას მოსწავლისთის საინტერესო ადგილად – XI კლასელი თაზო დირექტორის როლს ირგებს

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში