GE
20 აპრილი, 2022 15:40

მოსწავლის აზრი: „დისტანციური სწავლების გამო კლასელებს ერთმანეთთან ოფიციალური დამოკიდებულებები ჩამოუყალიბდათ“

კორონავირუსულმა ინფექციამ მსოფლიო წესრიგი შეცვალა და ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში თავდაყირა დააყენა სკოლაში სწავლების ფორმატიც. დისტანციურ რეჟიმში სწავლა რთული აღმოჩნდა როგორც მასწავლებლების, ისე მოსწავლეებისთვის.

თბილისის 132-ე საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე, ტიტე კოჩაძე EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ ონლაინ სწავლების რეჟიმმა კლასელებს შორის ურთიერთობების გაციებას და გარკვეულწილად ცოდნის მიღების დაქვეითებასაც შეუწყო ხელი.

„სკოლა ის ადგილია, სადაც ბავშვები განათლებას იღებენ და იქ იზრდებიან სახელმწიფოს მომავალი ხელმძღვანელები, პედაგოგები, მწერლები. საზოგადოებაში თვითრეალიზებისთვის კი მნიშვნელოვანია ურთიერთობები. რა თქმა უნდა, მეც და სხვებსაც გვირჩევნია, რომ სკოლაში ვიაროთ და ერთმანეთთან თუ მასწავლებლებთან რეალური კონტაქტი გვქონდეს. ონლაინ სწავლების პერიოდს მაინც შედეგიანად მივიჩნევ, რადგან სხვა გზაც არ იყო და, მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლებს, ბავშვებთან შედარებით, უფრო მეტად გაუჭირდათ ტექნოლოგიებთან ადაპტირება და პროგრამაც გაუმართავი იყო, მაინც შეძლეს, რომ სრულყოფილი გაკვეთილები ჩაეტარებინათ“, – გვიყვება სკოლის მოსწავლე.

ტიტე ამბობს, რომ ონლაინ სწავლებისას ყველაზე დიდი პრობლემა საათობით ტელეფონთან ყოფნა და ამ რეჟიმზე კონცენტრირება იყო. ბიჭს მოსწავლის მისიად არამხოლოდ განათლების მიღება, ამ ცოდნის საზოგადოებაში რეალიზების უნარი და კარგი ურთიერთობების ქონა მიაჩნია, თუმცა ონლაინ რეჟიმმა ეს ურთიერთობებიც შეცვალა.

„ზოგ ბავშვს თავი სტკიოდა საათობით ტელეფონთან ყოფნის გამო. იმდენ ხანს ვიყავით დისტანციურ რეჟიმზე, ადამიანებს შორის ურთიერთობებიც დაიკარგა და სკოლაში მეგობრობაც აღარ იყო ისეთი აქტიური, ოფიციალური დამოკიდებულებაც კი ჩამოყალიბდა კლასელებს შორის და განსაკუთრებით დაბალ კლასებში. ბავშვებიც უკმაყოფილონი იყვნენ, რადგან სასკოლო ურთიერთობა, მეგობრებთან კონტაქტი ყოველთვის სასიამოვნოა და ბევრის მომცემი. მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც ონლაინ სწავლების დროს მიღებული ცოდნა აბიტურიენტობისას ძალიან მადგება, მაინც ვფიქრობ, სკოლაში რომ მევლო, უფრო ხარისხიან განათლებას მივიღებდი, ვიდრე ონლაინ სწავლებისას“, – ამბობს ტიტე.

XII კლასელის დაკვირვებით, მასწავლებლებს უჭირდათ სასწავლო პროცესში შედარებით ზარმაცი ბავშვების ჩართვა.

„კიდევ ერთი პრობლემა ის იყო, რომ მასწავლებლებს ამ რეჟიმში უფრო ნაკლებად შეეძლოთ, ბავშვისთვის მოტივაცია მიეცათ, რომ მეტად აქტიურები ყოფილიყვნენ. რომელ ბავშვსაც სწავლის ნაკლები სურვილი ჰქონდა, მასწავლებლებს უჭირდათ მათი სასწავლო პროცესში ჩართვა და ის, რომ უფრო მეტად აქტიურები გაეხადათ ისინი. ბევრ ბავშვს კი შესაბამისი ტექნიკა და ინტერნეტიც არ ჰქონდა და მასწავლებლები ტელეფონზე ურეკავდნენ და ისე უხსნიდნენ გაკვეთილს. რთულია, ონლაინ აკონტროლო ბავშვის ცოდნის დონე. თუ ბავშვი არ არის მოწადინებული, განათლება მიიღოს, მასწავლებელს უფრო უჭირს დისტანციურად მისთვის ცოდნის მიწოდება.

„თუ ბავშვი მოტივირებულია, იქეთ ჩართავს მასწავლებელს სასწავლო პროცესში. ვიცი შემთხვევები, როდესაც ბავშვები დამატებითი გაკვეთილის ჩატარებას სთხოვდნენ მასწავლებელს. ჩვენც გვითხოვია დამატებითი გაკვეთილი და მაგალითად, ქართულის მასწავლებელს, თამარ ილურიძეს არ დაზარებია და ჩაუტარებია. თუ რამეს ვერ გავიგებდი ან რამე კითხვა მქონდა მასთან თუ სხვასთან, წუთებს არ ითვლიდნენ და ყველაფერზე გვპასუხობდნენ, რისთვისაც რა თქმა უნდა, მადლობლები ვართ“, – გვითხრა ტიტე კოჩაძემ.

ტიტე პანდემიამდე კალათბურთს თამაშობდა და სხვადასხვა ჩემპიონატებშიც იღებდა მონაწილეობას. პანდემიამ კი მისი სპორტული ცხოვრებაც შეაჩერა. სპორტის გაკვეთილები, ჩვეულ რეჟიმში,  შეჩერებული იყო ასევე სკოლაშიც.

„კალათბურთელი ვიყავი. 2 წელზე მეტია, რაც კალათბურთის ჩემპიონატი აღარ ჩატარებულა. სპორტის გაკვეთილებიც ფაქტობრივად აღარ გვქონდა სკოლაში, რაც ფიზიკური განვითარებისათვის აუცილებელია. მხოლოდ შემეცნებითი სახით გვიტარდებოდა ამ საგნის გაკვეთილები, რაც ასევე მნიშვნელოვანია, მაგრამ სპორტის გაკვეთილზე მაინც უფრო ფიზიკური აქტივობა მგონია მნიშვნელოვანი, რაც პანდემიის დასრულების შემდეგ ალბათ ისევ ჩვეულ რეჟიმში ჩადგება“, – ამბობს ტიტე EDU.ARIS.GE-სთან.

ასევე იხილეთ:

„შვილის სკოლაში შესვლის ასაკი უნდა იყოს მშობლის არჩევანის თავისუფლება“ – დათო ლიკლიკაძე

ზუგდიდელმა გოგონამ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე I ადგილი მეორედ მოიპოვა

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში