„მოსწავლისთვის ერთდროულად რამდენიმე საკითხის ახსნა არ არის შედეგიანი!“ – პრაქტიკული მიგნებები განათლების ახალგაზრდა სპეციალისტისგან
„უშედეგოა ახალ გაკვეთილზე გადასვლა თუ დაინახეთ, რომ კლასში არის ბავშვი, რომელმაც საკითხი ვერ გაიგო“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან 22 ნოემბერს დაწყებითი განათლების სპეციალისტი, თათა ლაღიძე.
ახალგაზრდა პედაგოგი იმ მიგნებებს გვიზიარებს, რომლებამდეც საკუთარმა საგანმანათლებლო პრაქტიკამ მიიყვანა.
„ორიოდე დღის წინ, მათემატიკის გაკვეთილზე მქონდა შემთხვევა, როდესაც მთელი გაკვეთილი მხოლოდ ერთ ამოცანას და ერთ აქტივობას დავუთმე, რომ რაიმე ბუნდოვანება არ დამეტოვებინა. ჩემს მოსწავლეებს არასოდეს ვაძლევ ისეთ დავალებას, რისი მსგავსიც კლასში არ გაგვიკეთებია. თუ ვხედავ, რომ მხოლოდ ერთი-ორმა ვერ გაიგო, ასეთი მოსწავლე გაკვეთილების შემდეგაც დამიტოვებია. თუ ეს ვერ ხერხდებოდა, მეორე დღეს აუცილებლად ვუთმობ დროს ასეთ მოსწავლეს“, – გვიზიარებს გამოცდილებას მასწავლებელი.
თათა ამბობს, რომ იმის გასარკვევად, გაიგეს თუ არა მოსწავლეებმა მისი ახსნილი გაკვეთილი, საუკეთესო გზა მათგან უკუკავშირის მიღებაა. უფრო კონკრეტულად, თათა აკვირდება იმ ფრაზებს, რომლებსაც მოსწავლეები გაკვეთილის ახსნის შემდეგ მის გასაგონად ამბობენ.
რა ფრაზები ესმის პედაგოგს მოსწავლეებისგან, როცა მათ საკითხი კარგად გაიგეს:
– „საკმაოდ ლოგიკური ყოფილა”, „ვაიმე, ახლა კი გავიგე”, „ასე მარტივი თუ იყო, არ მეგონა”,„ჩემი ტვინი განათდა”..
რა ფრაზები ესმის პედაგოგს მოსწავლეებისგან, როცა მათ საკითხი ვერ გაიგეს, ან აქვთ პასუხგაუცემელი კითხვები:
– „ჩემი ტვინი დაიღალა”, „ჩემთვის ეს სრულიად გაუგებარია”, „ვკითხულობ და მგონია, არც ერთი სიტყვა არ მესმის”, „მაას, კიდევ ერთხელ აგვიხსენი რაა”, „იგივე დაგვიტოვეთ რა”.
თათას რჩევა ასეთია:
„ერთდროულად რამდენიმე საკითხის ახსნა ვერ იქნება მოსწავლისთვის შედეგიანი. დაწყებითების ქართულში ერთ ტექსტზე 2 კვირაც კი გვიმუშავია. მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია მიღებული ცოდნის ხარისხი და არა ის, თუ რა დრო დასჭირდა გაკვეთილის ასათვისებლად“, – აგვიხსნა დაწყებითი კლასების ახალგაზრდა სპეციალისტმა.
ასევე იხილეთ: