„მთელი გულით უნდა გინდოდეთ!“ – მოგიყვებით, როგორ ჩავაბარე მისაღები გამოცდები კომაროვის სკოლაში
სკოლა-პანსიონ კომაროვში მისაღები გამოცდები რომ მარტივად არ ბარდება, ეს ყველასთვის ცნობილია. მოსწავლეები დიდი მონდომებით ცდილობენ ამ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას, რადგან კომაროველის სტატუსი მათთვის მართლაც ჯილდოს ჰგავს, ჯილდოს, რომელიც დაიმსახურე. თუ ვინმეს კითხვა გაუჩნდა, რატომ ჯილდო და რატომ არ არის კომაროველობა იოლი, გიპასუხებთ: აქ ფიზიკა და მათემატიკა გაძლიერებულად ისწავლება, მისაღებ გამოცდებს კი არც მეტი და არც ნაკლები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს. სწორად გაიგეთ, გამოცდა ზუსტად ისეთივე სერიოზულია, როგორც აბიტურიენტების, მაგისტრობის მსურველთა და საგრანტო კონკურსის მონაწილეთა ტესტირება. მარტივი არ უნდა იყოს არა მეექვსე კლასის დასრულების შემდეგ ასეთი გამოწვევის დაძლევა?! გულშემატკივართა რიგი ამ შემთხვევაშიც ვრცელია და ყველა გამოსაცდელი დიდი ვნებათაღელვით ელის გამოცდის შედეგებს.
EDU.ARIS.GE დღეს იმ ახალბედა კომაროველს გაგაცნობთ, რომელმაც სულ რამდენიმე კვირის წინ მოიპოვა კომაროვის მოსწავლის სტატუსი და მათემატიკის გამოცდის ჩაბარების შემდეგ მე-7 კლასში ჩაირიცხა. ცნობისთვის, კომაროვში მიღება მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით, გამოცდების საფუძველზეა შესაძლებელი. მე-7 და მე-8 კლასში მოსახვედრად მათემატიკის, ხოლო მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით მათემატიკისა და ფიზიკის გამოცდების ჩაბარებაა აუცილებელი. ჩვენი რესპონდენტი მოგიყვებათ როგორ ბარდება გამოცდები კომაროვში და გეტყვით როგორ აიხდინოთ დიდი სურვილი – გავხდე კომაროველი!
გიორგი სალბიშვილი – კომაროვის სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე: კომაროვის შემაჯამებელი წერები ორ ეტაპად ტარდება, პირველ ეტაპზე გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს მხოლოდ შაბათის სკოლის მოსწავლეებს (შაბათის სკოლა არის კომაროვის სკოლის სერვისი, რომლით სარგებლობაც მოსწავლეებს დაწყებითი კლასებიდანვე შეუძლიათ. ავტ.) და მეორე ეტაპზე ყველა მსურველს, მე პირველივე გამოცდაზე 49 ქულა ავიღე, მაქსიმუმი ქულა იყო 52. მისაღები გამოცდა ჩატარდა 15 ივლისს. შედეგად მოვხვდი 50 საუკეთესო ბავშვს შორის და სკოლაში ჩავირიცხე. მარტო ჩემი კი არა, ჩემი ოჯახის ოცნებაც იყო კომაროვში მესწავლა და მე ეს შევძელი.
– გიორგი, რატომ გადაწყვიტე კომაროველი გამხდარიყავი და რას ნიშნავს შენთვის ეს სტატუსი?
– მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლაში ვსწავლობდი და კომაროვში ჩაბარება გადავწყვიტე იმიტომ, რომ ვიცოდი, კომაროვი საქართველოში ყველაზე ძლიერი სკოლა იყო მათემატიკის განხრით, ძალიან მიყვარს მათემატიკა. კომაროველობა ნიშნავს იმას, რომ თუ კარგად ისწავლი, შრომა მომავალში დაგიფასდება და წარმატებული მომავალი გექნება. მახარებს, რომ კომაროვში პირველივე ცდაზე ჩავაბარე.
– მოგვიყევით რა გზა გაიარეთ ამისთვის. როგორ ტარდება მისაღები გამოცდები, რამდენად რთული იყო საკითხები და როგორ ემზადებოდით ტესტირებისთვის ?
– მესამე კლასიდან მცხეთის საშაბათო სკოლაში შევედი. მყავდა ისეთი მასწავლებლები, რომლებმაც მომცეს მოტივაცია იმისა, რომ უფრო და უფრო მეტი გამეკეთებინა. გვაქვს ხოლმე ოლიმპიადები, მეხუთე და მეექვსე კლასში და ეს საგამოცდო სიტუაციასთან ადაპტაციაში გეხმარება. ასევე არის კომაროვის შაბათის სკოლის შემაჯამებელი წერა, რომლითაც საუკეთესო 50 ბავშვი მიიღება. ამ გამოცდიდან 2-3 კვირაში კი მეორე გამოცდა ტარდება, რომლითაც დაახლოებით 130 ბავშვი მიიღება სკოლაში. მისაღები გამოცდები მაღალ დონეზე ტარდება და ბავშვებისთვის ყველანაირი პირობებია შექმნილი. მე მეშვიდე კლასში მისაღები გამოცდა მათემატიკაში ჩავაბარე და ძალიან ბევრს ვშრომობდი ამისათვის. საშაბათო სკოლაში ძალიან ბევრ საინტერესო ამოცანას განვიხილავდით და ძალიან ბევრ სხვადასხვა ამოხსნის გზებსაც ვეცნობოდით. რაც ყველაზე მთავარია, გაკვეთილზე ყველა ბავშვი თანაბრად ვიყავით ჩართული და უფრო გვამახსოვრდებოდა მიდგომის გზები, ლოგიკურ აზროვნებას ვიღრმავებდით. რაც შეეხება ტესტირების სირთულეს, ძირითადი დავალებების ბაზა იყო მეხუთე და მეექვსე კლასის პროგრამიდან. გამოცდაზე დიდი ყურადღება დაეთმო ლოგიკური და სააზროვნო ტიპის ამოცანებს, სწორედ იმ ტიპის ამოცანებს, რაც შაბათის სკოლაში ისწავლებოდა. გარდა არითმეტიკული გამოთვლისა, ლოგიკასა და კოგნიტურ უნარებშიც ხდებოდა ჩვენი შემოწმება. ლოგიკური დავალებები ჩემთვის რთული იყო, მაგრამ კარგად გავართვი თავი.
– გიორგი, რას ურჩევდით იმ მოსწავლეებს, რომელებსაც კომაროვში ჩაბარება სურთ?
– პირველ რიგში, ვურჩევდი, რომ უყვარდეთ მათემატიკა და ასევე მისცენ მოტივაცია საკუთარ თავს. იშრომონ ძალიან ბევრი და იმუშაონ საკუთარ თავზე, რათა დაძლიონ სტრესი გამოცდების წინ. მიზნად დაისახონ, რომ კომაროველობა არის გზა უკეთესი მომავლობისაკენ. მათი სურვილის გარეშე არაფერი მოხდება, ამიტომ, მთელი გულით უნდა უნდოდეთ კომაროველობა.
– უკვე გაიცანით თუ არა ახალი კლასელები და მასწავლებლები?
– ჩემს თაზო მასწავლებელთან (თაზო ლოლიშვილი) გავიცანი რამდენიმე კლასელი და სექტემბრიდან ერთ კლასში განვაგრძობთ სწავლას. ეს ბავშვები მეგობრულები არიან და ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაერთიანებს – ვიყოთ წარმატებულები. ჯერ, სამწუხაროდ, ყველა მასწავლებელი არ გამიცვნია და ერთი სული მაქვს სწავლა როდის დაიწყება.
– გიორგი, დიდ წარმატებებს გისურვებთ. მიმართეთ მოსწავლეებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ კომაროველები გახდნენ
– დიდი მადლობა! ძვირფასო ბავშვებო, თქვენი მიზანი კომაროვში ჩაბარებაა, რაც საკმაოდ რთულია, თუმცა ბევრი მუშაობით და შრომით შეუძლებელი და მიუღწევადი არაფერია. ყველა მიზნის და ოცნების ახდენა შეგიძლიათ, რასაც კი ინატრებთ!
ასევე იხილეთ:
კომაროვის სკოლა მოსწავლეებისთვის სტიპენდიების პროგრამას იწყებს
გამარჯვებულთა სია – კომაროვის სკოლის მორიგი წარმატება მათემატიკის ეროვნულ ოლიმპიადაზე