GE
27 მარტი, 2026 16:08

პატარა „სიბრძნის კონები“ ქუთაისიდან – როგორ იმოგზაურეს მოსწავლეებმა იგავ-არაკების სამყაროში

ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა, თათია ჯინჭარაძემ მოსწავლეები „სიბრძნის სამყაროში“ ამოგზაურა.

როგორც პედაგოგი EDU.ARIS.GE-ს უყვება, აქტივობები, რომლებიც ბავშვებს იგავ-არაკების კვირეულის ფარგლებში შესთავაზა, თვალსაჩინოებებს, ადაპტირებულ ტექსტებს, კომიქსებს, თეატრალურ წარმოდგენებსა და AI-ის გამოყენებით დამზადებულ პრეზენტაციებს მოიცავდა.

„ყოველ გაკვეთილზე მოსწავლეები პატარა გამომძიებლები ხდებოდნენ: მათ უნდა გამოეცნოთ, რატომ მეჭირა ხელში ლამპარი, ცხენი ან ნაჯახი, რა კავშირში იყო მგელი და კრავი ერთმანეთთან, რას ნიშნავდა ფურცელზე დახატული ენა, რა იმალებოდა დაფაზე დამალული ბედნიერების სიტყვების უკან, რა იყო ის, რაც ყველას აქვს ვალად… ეს ბავშვებს აძლევდა მოტივაციას, სიღრმისეულად ჩასწვდომოდნენ ტექსტს, გაეკეთებინათ ილუსტრაციები და გამოეტანათ მორალი“, – ამბობს თათია ჯინჭარაძე.

კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაწერეს თემატური თხზულებებიც, რის შემდეგაც, პედაგოგმა მოსწავლეებს სიყვარულით პატარა „სიბრძნის კონები“ შეარქვა.

„იმის დასამტკიცებლად გავედი თუ არა შედეგზე, ასეთ ხერხს მივმართე – შევთავაზე, დაეწერათ თხზულება, თემაზე – „რა არის ჩემი ამქვეყნიური ვალი“. მათი პასუხი კი შემდეგნაირი იყო: „ყველა ადამიანი მოვალეა, უყვარდეთ ერთმანეთი, ღმერთი და სამშობლო. არასდროს დახუჭონ თვალი უსამართლობაზე, ყოველთვის იყვნენ დაჩაგრულების დამცველი, ქონება სიცოცხლეშივე გასცენ და დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით გული არავის ატკინონ“. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ვთქვი – „ისინი პატარა სიბრძნის კონები არიან-მეთქი“, – გვეუბნება მასწავლებელი.

ასევე იხილეთ: 

„მარტივი დავალება უნიკალური სამყაროს გამოსავლენად“ – შემოქმედებითი აქტივობა, რომელიც მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზა

„მოგზაურობა ჯუნგლებში“ – სახალისო ვიქტორინა მეორეკლასელებისთვის

schools.ge (ნ)