პირველი მუსიკალური ინსტრუმენტი შვილისთვის – როგორ შევარჩიოთ და რა უნდა ვიცოდეთ
„მუსიკისადმი სიყვარულის განვითარება ბავშვებიდან იწყება. თუ შვილს, შვილიშვილს მუსიკალურ ინსტრუმენტს აჩუქებთ, ეს სიყვარული უფრო გაღრმავდება, შედეგით კი თავადაც კმაყოფილი დარჩებით“, – ამბობს, EDU.ARIS.GE–სთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ახალგაზრდა ლექტორი, დავით გალაშვილი, რომელიც ამავდროულად, მუსიკალური ბენდის – „STRANGE BREW“-ის ვოკალისტი და გიტარისტია.
დავითი ჩვენი მკითხველისთვის იმ დადებით მხარეებზე საუბრობს, რომლებიც მუსიკისადმი ინტერესს მოაქვს და მშობლებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს თუ რატომ, როგორ და სად არის უმჯობესი შვილისთვის პირველი მუსიკალური ინსტრუმენტის შეძენა.
მისი მუსიკისადმი სიყვარულის ისტორიაც სწორედ სასკოლო ასაკში მამისგან ნაჩუქარი მუსიკალური ინსტრუმენტით იწყება.
„ალბათ 14 წლის ვიყავი, როდესაც ერთ დღეს მამა სახლში გიტარით მოვიდა და ყველაფერი აქედან დაიწყო. ამას ისიც დაემატა, რომ იმ წლებში ერიკ კლეპტონს და B.B. King-სზე „ვაფანატებდი“. მართალია, ჩემს პირველ გიტარას ნეილონის სიმები ჰქონდა და ელექტრო გიტარა მხოლოდ 18 წლის ასაკში ავიღე ხელში, მაგრამ რომ არა ის წლები და ჩემი პირველი გიტარა, იმ უნარებს ვერ შევიძენდი, რაც შემდეგ ელექტრო გიტარაზე დაკვრის დროს გამომადგა. თინეიჯერობის წლები უფრო სასიამოვნოდ გასატარებელი გახდა, შევიძინე უამრავი მელომანი მეგობარი“, – იხსენებს დათო.
EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, როდის ჯობს მუსიკალური ინსტრუმენტის შეძენა შვილისთვის, ჩვენი რესპონდენტი ფილოსოფიურად გვპასუხობს:
„მუსიკალური ინსტრუმენტი ისეთი ტიპის მედიუმია, რომლითაც შეიძლება, ადამიანმა ისეთი დაფარული ტერიტორიები აღმოაჩინოს, რაც იქამდე იდუმალი და მიუწვდომელი იყო. ამიტომ, რაც მალე აჩუქებთ, მით უკეთესი. თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ბლუზ შემსრულებელმა, ჯო ბონამასამ, გიტარაზე დაკვრა 4 წლის ასაკში დაიწყო. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ მშობლებს ვუთხრა – ინსტრუმენტის სპეციფიკის გათვალისწინებით, ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაკვრის დაწყება. ამასთან, თუ შვილს, შვილიშვილს, ახლობელს აჩუქებთ გიტარას, ვიოლინოს, როიალს, სალამურს, არ აქვს მნიშვნელობა რომელ მუსიკალურ ინსტრუმენტს, ის აუცილებლად დაინტერესდება მისით“.
რაც შეეხება საკითხს, როგორ და სად ჯობს მუსიკალური ინსტრუმენტის შეძენა, დათო ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით უამრავ ალტერნატივას გვთავაზობს და საჭირო რჩევებს გვიზიარებს. მისგან ვიგებთ იმასაც, რომ საქართველოში არც ბევრი მუსიკალური მაღაზია გვაქვს და არც დიდი არჩევანი.
ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ საუკეთესო შემთხვევაში, ყველაზე კარგი იდეაა რომელიმე ინტერნეტ მაღაზიიდან დაბალფასიანი ინსტრუმენტის გამოწერა და ასევე, ბიუჯეტურია მეორადი მუსიკალური ნივთების შეძენა, რასაც შეძენის მსურველთა საყურადღებოდ, უფრო მეტი დაკვირვება სჭირდება. თუ ამ ორი შესაძლებლობიდან ვერცერთს გამოიყენებთ, გამოსავალი მაინც გაქვთ.
„თუ ვერც ინტერნეტ მაღაზიიდან ვიწერთ და ვერც კარგი მეორადი ინსტრუმენტი მოვნახეთ, არის რამდენიმე მაღაზია თბილისში, სადაც ნორმალური ინსტრუმენტის შეძენა შეიძლება, მაგრამ ფასიც შესაბამისია. პირველ რიგში, მაღაზია „აკუსტიკას“ დავასახელებდი, ასევე მუსიკის სახლი და სხვები.
„შერჩევის პროცესს რაც შეეხება, აუცილებლად უნდა იყოს მშობელი ინსტრუმენტის შეძენამდე სთხოვეთ კონსულტანტს, რომ ის დასაკრავ კონდიციამდე მიიყვანოს. დაგვეხმარება სწორად დააყენოს. გიტარის, ფანდურის თუ სხვა სიმებიანი საკრავის შეძენის შემთხვევაში, სიმებს სათანადო სიმაღლეზე დაწევაა საჭირო. დამწყები მუსიკოსის შემთხვევაში, ჩემი აზრით, მეორე პლანზეა ჟღერადობის საკითხი, მისთვის მთავარია გარკვეული ტექნიკური უნარების შეთვისება, რასაც უფრო მეტად მუსიკალური ინსტრუმენტის ტექნიკური დეტალები განაპირობებს, ვიდრე დახვეწილი ჟღერადობა“, – გვიხსნის დავით გალაშვილი.
აბა მშობლებო, საჭირო რჩევები უკვე მიიღეთ, ახლა დროა შვილისთვის პირველი მუსიკალური ინსტრუმენტის შერჩევა დაიწყოთ.
ასევე იხილეთ:
ვარ თუ არა თანამედროვე მშობელი? – ფსიქოლოგი მშობლებს პასუხობს