პირველკლასელის მგზავრობის სირთულეები – აი, რას გირჩევთ გამოცდილი დამრიგებელი
სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება და სკოლებში ექსკურსიების სეზონი გახსნილია. მოსწავლეები, მშობლები და დამრიგებლები ერთად გეგმავენ სად წავლენ და როგორ განახორციელებენ წლის ბოლო აქტივობას. სასკოლო ექსკურსია პირველი გამოცდილებაა პირველკლასელი მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის. სწორედ ამიტომ, გამოცდილი კლასის დამრიგებლისგან მიღებული პრაქტიკული რჩევები ნამდვილად დაეხმარებათ.
„პირველკლასელების უმრავლესობა მგზავრობას არცთუ მარტივად იტანს. სასურველია წინასწარ გავაფრთხილოთ მშობლები, რომ ჯერ ვასაუზმოთ ბავშვები და საუზმიდან ორი-სამი საათის შემდეგ დავგეგმოთ მოგზაურობა “, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის, დაწყებითი კლასების დამრიგებელი, როენა გოგოლაძე და იმ სირთულეებზე გვიყვება, რაც შესაძლოა, თან ახლდეს პირველკლასელთა მგზავრობას.
25-წლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგი დამწყებ მასწავლებლებსა და ახალბედა მშობლებს სთხოვს, რომ თუ ექსკურსია აქვთ დაგეგმილი, მისი რჩევები უყურადღებოდ არ დატოვონ.
„პირველკლასელთა დამრიგებლებს ასეთი რეკომენდაცია გვაქვს მიღებული, რომ თუ ექსკურსიაზე 25-29 მოსწავლე მიგვყავს, მაშინ 3-4 მშობელი მაინც უნდა გვახლდეს თან (თუმცა მეტიც ახერხებს ხშირ შემთხვევაში). გაითვალისწინეთ, რომ თანხმლებ მშობელს დამრიგებელზე არანაკლები პასუხისმგებლობა აქვს. ახალბედა მშობლებს ხშირად აშინებთ ასეთი პასუხისმგებლობა, თუმცა არაფერია საშიში. მთავარია, ყურადღებით იყოთ”, – გვიხსნის დამრიგებელი.
ჩვენი რესპონდენტის ინფორმაციით, პირველკლასელების მოგზაურობა ჯამში 5-6 საათს არ უნდა აღემატებოდეს. იმისათვის, რომ პირველკლასელების მგზავრობა პრობლემური არ იყოს, დამრიგებელსა თუ მშობლებს საკუთარი სტრატეგიაც უნდა ჰქონდეთ შემუშავებელი.
„დაახლოებით ერთი საათია საჭირო შერჩეულ ლოკაციაზე მისვლისთვის, 4 საათი მაინც გვჭირდება, რომ მოვინახულოთ ადგილები, გადავიღოთ ფოტოები, განვიტვირთოთ. უკან დაბრუნებისთვის ასევე ერთი საათია საჭირო. მე, როგორც დამრიგებელს, უფრო მეტი მგზავრობა მიხდება, სანამ პატარებს არ დავაბინავებ.
რაც შეეხება ჩემს სტრატეგიას, ტრანსპორტში ბავშვების პირისპირ ვდგები და ვცდილობ, თავისუფლ თემებზე ვესაუბრო. ვუყვები სახალისო ამბებს, ან ვამღერებ. ეს ხელს უწყობს იმას, რომ ბავშვებმა კონცენტრაცია წინ, ერთ რომელიმე საგანზე, ანუ ჩემზე გადაიტანონ და გვერდით ფანჯარაში მოძრავმა ანარეკლებმა თავბრუსხვევა ან ღებინება არ გამოიწვიოს“, – ამბობს დამრიგებელი.
საუბრის ბოლოს პედაგოგმა ისიც განგვიმარტა, რა შეიძლება მოიმოქმედოს დამრიგებელმა ან მშობელმა თუ პირველკლასელი მოსწავლე მგზავრობის გამო შეუძლოდ გახდება.
„პირველ რიგში, უნდა გავაჩეროთ ტრანსპორტი 15-20 წუთით და არა 2-3 წუთით. ეს დრო ყველამ ერთად გავატაროთ, მოხერხებულ ადგილზე, სუფთა ჰაერის შესასუნთქად. შეუძლოდ მყოფს დავალევინოთ წყალი და ვესაუბროთ. თუ სითხე დაკარგა, საჭიროა, რომ საფეთქლები სველი საფენით დავუსრისოთ“, – აგვიხსნა როენა გოგოლაძემ.
ასევე იხილეთ:
როგორ უნდა დაიგეგმოს ექსკურსია პირველკლასელი მოსწავლეებისთვის – დამრიგებლის რეკომენდაციები კოლეგებს
სასკოლო ექსკურსიების მოწყობის განახლებული წესი – რა შეიცვალა და რა რეგულაცია დარჩა დღის წესრიგში