როგორ უნდა დაიგეგმოს ექსკურსია პირველკლასელი მოსწავლეებისთვის – დამრიგებლის რეკომენდაციები კოლეგებს
სასკოლო ექსკურსიის დაგეგმვა და მომზადება შეიძლება მარტივი ამოცანა ჩანს, თუმცა, როგორც დამრიგებლები ამბობენ, ასე ნამდვილად არ არის. განსაკუთრებით მაშინ, თუ ექსკურსიაზე პირველკლასელების მიგვყავს.
იმისათვის, რომ თქვენი ექსკურსია უსაფრთხო და მოულოდნელი დაბრკოლებებისაგან თავისუფალი იყოს, მშობლის კეთილგანწყობაც შეინარჩუნოთ და ბავშვებიც კმაყოფილებას ვერ მალავდნენ, აუცილებელია, რომ ჯერ ეფექტური დაგეგმვა შეძლოთ, შემდეგ კი ეფექტურად განახორციელოთ.
EDU.ARIS.GE ჩვენი მკითხველი დამრიგებლების დახმარების შეეცადა და ამ მიზნით, ვესაუბრეთ თბილისის N114 და N159 საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების პედაგოგსა და დამრიგებელს, ეკა ლურსმანაშვილს. ჩვენი რესპონდენტი კოლეგებს პრაქტიკულ რჩევებს უზიარებს და საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით გვიყვება, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს ექსკურსია პირველკლასელი მოსწავლეებისთვის.
ეკა ლურსმანაშვილი: გაზაფხული, წელიწადის ეს უმშვენიერესი დრო, სასწავლო წლის მეორე სემესტრია. ექსკურსიაზე მოსწავლეებს სასწავლო წლის განმავლობაში შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენება შეუძლიათ. ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ გაზაფხული აქტიური პერიოდია ექსკურსიებისთვის, ესეცაა. მიზნობრივი ექსკურსია და კარგად დაგეგმილი გასვლითი ღონისძიება კი, სასწავლო წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.
– წლის განმავლობაში რამდენჯერ და რა ინტენსივობით შეიძლება პირველკლასელებისთვის ექსკურსიის მოწყობა?
– პირველკლასელები ერთდროულად ბევრ სიახლეს აწყდებიან. მათთვის ყველაფერი უცხოა: ახალი გარემო, თანატოლები, მასწავლებლები, ვალდებულებები. მათ ეცვლებათ დღის რეჟიმი. ამ ყველაფერთან შეგუება კი მარტივი არ არის. თუ ერთისთვის სიახლე და თავგადასავლები სასიამოვნოა, მეორესთვის შეიძლება, გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს. სასწავლო პროცესი მათთვის სახალისო და საინტერესო უნდა იყოს. ერთი სასწავლო წლის განმავლობაში განსახორციელებელი ექსკურსიების კონკრეტული რაოდენობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებულია. ყველაზე მნიშვნელოვანი მოსწავლეთა მზაობა და ინტერესებია, რათა შეძლონ მიღებული ინფორმაციის აღქმა და დამახსოვრება. ექსკურსიაც ხომ სასწავლო პროცესია. პირველი ექსკურსია, სასურველია, სკოლის ტერიტორიის გაცნობა იყოს და ასეც არის ხოლმე, რაც მათ სასკოლო ცხოვრების ადაპტაციაში ეხმარება. სასწავლო წლის დასაწყისში, პირველკლასელებთან ერთად, შეიძლება, ვეწვიოთ სკოლის ბიბლიოთეკას, სამასწავლებლოს, დირექტორს, მანდატურის სამსახურს. შესაძლებელია, გავიმეოროთ ვიზიტი და მეგზურობა მოსწავლეებს ვთხოვოთ.
– ვინ უნდა იყოს ჩართული ექსკურსიის დაგეგმვის პროცესში, მხოლოდ დამრიგებელი?
– ექსკურსიის დაგეგმვაში, დამრიგებელთან ერთად, მონაწილეობა მოსწავლეებმაც უნდა მიიღონ. განხორციელებაში კი მშობელთა ჩართულობაა მნიშვნელოვანი. ექსკურსია ის სასწავლო პროცესია, რომლის განსახორციელებლად იკვრება წრე მოსწავლე-მშობელი-მასწავლებელი. მშობელთან პოზიტიური კომუნიკაცია და ურთიერთთანამშრომლობა კი, მოსწავლის უნარების მრავალმხრივი განვითარებისა და შემდგომი წარმატების საწინდარია.
– რა გეგმით შეუძლია დამრიგებელს ხელმძღვანელობა?
– დამრიგებელმა, ექსკურსიის ორგანიზატორმა, უნდა იხელმძღვანელოს წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, რომელშიც ზედმიწევნით ზუსტად იქნება გათვლილი როგორც შემეცნებითი, ასევე გასართობი აქტივობები, ფინანსები (მგზავრობის, საკვების, ღირსშესანიშნაობაზე შესასვლელი ბილეთის ფასი), კვება, ტრანსპორტირება, უსაფრთხოება, ამინდის პროგნოზი. დამრიგებელი უნდა ფლობდეს სრულყოფილ ინფორმაციას ყველა მონაწილის საჭიროებების შესახებ. თუ კლასში სსსმ ან შშმ მოსწავლეა, წინასწარ უნდა გაითვალისწინოს მისი საჭიროებები. ექსკურსიაზე უნდა იმყოფებოდეს პირი, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა შეეძლება და ჰქონდეს სამედიცინო ჩანთა. საკვები პროდუქტები არ უნდა იყოს მალფუჭებადი და დავიცვათ სანიტარული ნორმები. ექსკურსიაზე აუცილებელია ერთად სიარული, ყურადღებით ყოფნა, მასწავლებლის მითითების გათვალისწინება, აქტივობებში მონაწილეობა, ერთმანეთის დახმარება და დასასვენებელი ადგილის ერთობლივად შერჩევა სხვადასხვა თამაშობების მოსაწყობად.
– რა შეცდომები არ უნდა დაუშვან ექსკურსიის დაგეგმვის პროცესში?
– ექსკურსია მხოლოდ გართობა არ არის. პირველ რიგში, დიდი პასუხისმგებლობაა. ნებისმიერი კლასის ექსკურსიის დაგეგმვის პროცესში კი, დიდი სიფრთხილეა საჭირო. პირველ რიგში, გასათვალისწინებელია მოსწავლეთა უსაფრთხოება. არ უნდა გამოგვეპაროს არცერთი წვრილმანი, რამაც შეიძლება, უსიამოვნო შედეგი გამოიწვიოს. მით უფრო, პირველკლასელები არ უნდა მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების ნაპირას, მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ტერიტორიაზე. დასათვალიერებელი ობიექტი პირველკლასელებისთვის ადვილად აღსაქმელი უნდა იყოს.
– ვინ უნდა ახლდეს თან ექსკურსიაზე პირველკლასელებს?
– გააჩნია ექსკურსიის ფორმატს და მოსწავლეთა რაოდენობას. თუ რამდენიმესაათიანი, შემეცნებითი გაკვეთილია მოკლე მანძილზე, ქალაქის მასშტაბით ტრანსპორტირებით, მაგ. მუზეუმში ან თეატრში, საკმარისია, რომ ბავშვებს ახლდეს დამრიგებელი და საგნის მასწავლებელი. ხოლო თუ მასწავლებელი ექსკურსიას ქალაქგარეთ, მთელი დღის განმავლობაში დაგეგმავს, მაშინ, დამრიგებელს უნდა ახლდეს რამდენიმე ზრდასრული, რათა დაცული იყოს მოსწავლეთა უსაფრთხოება
გთავაზობთ რამდენიმე აქტივობას, რომლის განხორციელებაც პირველკლასელთა ექსკურსიაზე შეგიძლიათ:
„ვუსმენთ ბუნებას“
ყური დაუგდე გარემოს ზუსტად 1 წუთით. რამდენი განსხვავებული ხმა გაიგონე? შეგიძლია დაასახელო ან ჩამოწერო.
„იპოვე შენი ხე“
ეს თამაში შეიძლება, ისეთ ადგილას ითამაშოთ, სადაც არის ტყე და არც ისე ოღრო-ჩოღრო მიწა. დაიყავით წყვილებად. ერთს თვალები აქვს ახვეული, მეორე -მეგზურია. თვალახვეული მოთამაშე მეწყვილეს სამიზნე ხესთან მიჰყავს. მან უნდა შეისწავლოს, შეიგრძნო ხე, დაიმახსოვროს ქერქის სტრუქტურა და დაბრუნდეს უკან მეგზურის დახმარებით. სახვევის მოხსნის შემდეგ უნდა იპოვოს ის ხე, სადაც თვალახვეული იმყოფებოდა.
ექსკურსიის ბოლოს კი არ უნდა დაგვავიწყდეს ტერიტორიის დათვალიერება, დასუფთავება. წინასწარ მომზადებული ჰიგიენური ხელთათმანებით ნარჩენების ნაგვის პარკებში მოთავსება.
ასევე იხილეთ:
როცა კლასში დამრიგებელი იცვლება – რა უნდა იცოდეს ახალმა დამრიგებელმა
ესაუბრა მზეო შველიძე
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება