GE
15 აპრილი, 2026 13:32

მოსწავლეს, რომელიც ჯერ უცხოეთში სწავლობდა, ზოგად განათლებას საქართველოში მიმღები სკოლა უღიარებს

უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარება, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ნაცვლად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მოხდება. ამას გულისხმობს ცვლილება, რომელიც „ზოგადი განათლების შესახებ“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონებში უნდა განხორციელდეს.

როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ავტორობით მომზადებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ცვლილება არ ეხება უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარებას, რომელიც კვლავ ცენტრის უფლებამოსილებად რჩება.

„საერთაშორისო პრაქტიკით უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების უფლებამოსილება სკოლებს აქვთ მინიჭებული, შესაბამისად, ცენტრის ჩართულობა აღნიშნულ პროცესში არ შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას. კერძოდ, ცენტრის მიერ გამოკვლეულ იქნა შემდეგი სახელმწიფოების პრაქტიკა: ნიდერლანდები, გერმანია, აშშ, ესპანეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, ისლანდია, ხორვატია, რუმინეთი, ისრაელი, ავსტრალია, თურქეთი, მონაკო, სერბეთი, მოლდოვა, ბოსნია-ჰერცეგოვინა. ზემოაღნიშნულ სახელმწიფოებში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარებას ახორციელებენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები განათლების ხარისხის განვითარების შესაბამისი ეროვნული სააგენტოს ჩართულობის გარეშე“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ცვლილებით, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა, გარდა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა, შესაძლებელი გახდება საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საბაზო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან გათანაბრება.

კანონპროექტით ასევე განსაზღვრულია შემდეგი:

საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მობილობის უფლებით.

უცხოეთში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების სერვისის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადატანის შემდგომ, ხსენებული სერვისის მომსახურებისთვის საფასურის გადახდა აღარ იქნება საჭირო.

„ცვლილება დადებით ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ მოსწავლეების კანონიერ წარმომადგენლებზე, რომელთაც ესაჭიროებათ ხსენებული სერვისით სარგებლობა, უცხოეთში მიღებული განათლების (უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების) აღიარებისათვის განსაზღვრულია შესაბამისი საფასურები (40 ლარი, 15 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 80 ლარი, 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 120 ლარი, ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 250 ლარი). აღნიშნული საფასურის გაუქმება ხელს შეუწყობს ბავშვთა ხელმისაწვდომობას ზოგად განათლებაზე, რაც საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამავე კანონპროექტის თანახმად, იურიდიული პირები, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ საზღვარგარეთ აღიარებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს, დაექვემდებარებიან ავტორიზაციის პროცესს.

„საკანონმდებლო ცვლილება გულისხმობს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი იურიდიული პირების დავალდებულებას, გაიარონ ავტორიზაციის პროცესი და მოიპოვონ ავტორიზაცია, რაც მათთვის დაკავშირებულია ფინანსურ ხარჯებთან. კერძოდ, ავტორიზაციის საფასური შეადგენს ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში ქ. თბილისის, ქ. მცხეთისა და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – 9 162.00 ლარს, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – 11 372.00 ლარს“, – წერია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტი უკვე პარლამენტშია და მისი საკომიტეტო განხილვა უახლოეს დღეებში დაიწყება.

ასევე იხილეთ: 

გაურკვევლობა და პრობლემები სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო – „მსგავსი ქაოსი არ მახსენდება“

ქვედაკაბა მუხლამდე და გრძელი, შარვალი და პიჯაკი – ცნობილია, როგორი იქნება სასკოლო ფორმები ახალი სასწავლო წლიდან (ესკიზები)

schools.ge (ნ)