GE

გაურკვევლობა და პრობლემები სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო – „მსგავსი ქაოსი არ მახსენდება“

სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების გაუქმების გამოცხადების შემდეგ, უცნობია, როდის მოამზადებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახალ სახელმძღვანელოებს. ეს მაშინ, როცა ერთი სახელმძღვანელოს შემოტანის თაობაზე საზოგადოებამ ჯერ კიდევ 2025 წლის დეკემბერში შეიტყო, თუმცა პროცესის მიმდინარეობის შესახებ გივი მიქანაძის უწყება ინფორმაციას ისევ არ აქვეყნებს.

რას ეუბნება განათლების სამინისტრო გამომცემლებს – ვინ დაწერს სამინისტროში სასკოლო სახელმძღვანელოებს, უცნობია

გრიფირების გაუქმების გამოცხადებამდე კი განათლების მინისტრი გვპირდებოდა (2025 წლის ნოემბერში), რომ ყველა კლასისთვის სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნას 2-წლიან ციკლში დაასრულებდნენ.

EDU.ARIS.GE-სთან საუბარში გაკვირვებას არ მალავენ სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორები და თანაავტორები, სპეციალისტები, რომელთათვისაც ასევე უცნობია, ვის ანდო განათლების სამინისტრომ, ან ვინ წერს სასკოლო სახელმძღვანელოებს სკოლებისთვის:

-“ეს პროცესი ძალიან გასაიდუმლოებულია, იმდენად ეშინიათ, სხვამ არ მოამზადოს წიგნები, რომ სტანდარტსაც კი არავის აძლევენ, არათუ სიას, ვინ მუშაობს სახელმძღვანელოებზე. როგორც ვიცით, ძალიან უჭირთ შექმნის პროცესი… ძალიან ბევრმა ავტორმა სახელმძღვანელოების შექმნის პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა, რადგან უდიდესი სამუშაოს შესრულებაში მათ სასაცილო ანაზღაურება შესთავაზეს, ეს დაცინვა იყო ავტორების, თუმცა მაინც არის ხალხი, ვინც ჩაერთო…”

-“ამ კითხვაზე განათლების სამინისტრო პასუხს არ გვცემს, საერთოდ არიან კი იმ კომისიაში სპეციალისტები?”

-“ექსპერტთა ვინაობა იცის ვინმემ? რა ხალხი ჩართეს, საერთოდ ვინმეს რამე ეკითხება? მსგავსი ქაოსი მაგ სისტემაში არ მახსენდება…”

-“ველოდი, თანაავტორებისა და არაერთი სახელმძღვანელოს ავტორებს შეგვხვდებოდა მინისტრი, ფაქტია, აქაც ყველაფერს ერთპიროვნულ ჩარჩოში მოაქცევენ და შედეგი თუ უშედეგობა ისევ მოსწავლეზე აისახება!”.

ყველა სკოლასა და ყველა საფეხურზე ერთი სახელმძღვანელოს შემოტანის პრინციპსა და მასთან დაკავშირებულ გაურკვევლობას საკუთარ (2026 წლის აპრილში გამოქვეყნებულ) ანგარიშში ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველი და ამბობს, რომ პროცესი ბუნდოვანია:

“სამინისტრომ გრიფირების პროცესის გაუქმების შესახებ გამოაცხადა და მიუთითა, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებს სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფი შექმნიდა. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში უკვე შევიდა შესაბამისი ცვლილებები, თუმცა, მოცემულ ეტაპზე, ბუნდოვანია ექსპერტთა ჯგუფის შერჩევის სისტემა, სასკოლო სახელმძღვანელოების შემუშავებისას მაკეტების შინაარსის შემოწმების კრიტერიუმები და სხვ.

ამ პირობებში, სახალხო დამცველი, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების მოქმედებას, რომლითაც გრიფირების პროცესი გაუქმდა, ყურადღებით დააკვირდება. ამავე დროს, იმსჯელებს და შეაფასებს აღნიშნული ცვლილების თავსებადობას ადამიანის უფლებების სწავლების საუკეთესო სტანდარტებთან. აღსანიშნავია, რომ კანონი არ ითვალისწინებს სასკოლო სახელმძღვანელოების შერჩევის კრიტერიუმების, ან მასალის შექმნა-შერჩევის პროცესში ჩართული ექსპერტების მიმართ წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამდგენი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღების უფლებამოსილებას”, – წელს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენი ითხოვს, რომ განათლების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნა და შერჩევა ნათელი კრიტერიუმების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებათა კომპონენტს, მათ შორის, უზრუნველყოს, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნაში ჩართულ სულ მცირე ერთ ექსპერტს მაინც ჰქონდეს სათანადო ცოდნა ადამიანის უფლებებში.

რა პრობლემები დააფიქსირა სახალხო დამცველმა სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო სკოლებში, საქართველოს მასშტაბით:

ადამიანის უფლებათა სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემა

ადამიანის უფლებათა სწავლების კუთხით არსებული მდგომარეობა: ამ მხრივ, საგულისხმოა, რომ ცალკეულ მუნიციპალიტეტებს კვლავ არ აქვთ დამტკიცებული „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტები. ზოგადი განათლების კონტექსტში, გრიფირების და მასთან ერთად სასკოლო სახელმძღვანელოების მაკეტების შინაარსობრივი რეცენზირების პროცესის გაუქმება, ასევე, სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნისა და შერჩევის ახალი პროცედურა მეტ სიცხადეს საჭიროებს და გარკვეულ კითხვებს აჩენს ადამიანის უფლებების სწავლების ხარისხის კუთხით.

ბილინგვური განათლების მოდელით სწავლების პრობლემები

ბილინგვური განათლების მოდელით სწავლება დაწყებითი საფეხურის ხუთ საგანშია დანერგილი: მათემატიკა (მე-2, მე-3 და მე-4 კლასი), ბუნებისმეტყველება (მე-3 და მე-4 კლასი), სახვითი ხელოვნება (მე-2, მე-3 და მე-4 კლასი), „ჩვენი საქართველო“ (მე-5 და მე-6 კლასი), „მე და საზოგადოება“ (მე-3 და მე-4 კლასი). სასწავლო პროცესში გამოიყენება ორი ტიპის საგანმანათლებლო მასალა: ე.წ. „ბილინგვური რესურსი“ და ბილინგვური სახელმძღვანელო. ბილინგვური რესურსის კომპონენტებია: მასწავლებლის გზამკვლევი და მოსწავლის სამუშაო რვეული, ხოლო ბილინგვური სახელმძღვანელოს კომპონენტებია: მასწავლებლის გზამკვლევი, მოსწავლის წიგნი, მოსწავლის სამუშაო რვეული. საგულისხმოა, რომ ბილინგვური განათლების რესურსი ხუთივე საგანში ყველა კლასისთვის არის შექმნილი, ეტაპობრივად ხდება მათი ჩანაცვლება ბილინგვური სახელმძღვანელოებით.

ზემოთ დასახელებული ხუთი საგნიდან „მე და საზოგადოება“ ერთადერთია, რომლის ფარგლებშიც ორივე კლასში, სადაც ეს საგანი ბილინგვურად ისწავლება, ბილინგვური სახელმძღვანელოები ხელმისაწვდომია. სახალხო დამცველის აპარატის მიერ ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში ჩატარებული შეხვედრების შედეგად ბილინგვური რესურსებისა და სახელმძღვანელოების გამოყენებასთან დაკავშირებით არაერთი პრობლემა გამოიკვეთა. კერძოდ, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც სკოლებში ბილინგვური სახელმძღვანელოს ნაცვლად საგნის მასწავლებელი იყენებს მხოლოდ მშობლიურენოვან წიგნს, რიგ შემთხვევებში არც ბილინგვური განათლების სპეციალისტები იყენებენ მოსწავლეებისთვის დავალებების მიცემისას საგნისთვის განსაზღვრულ ბილინგვურ რესურსს, რაც არ შეესაბამება ბილინგვური სწავლების მიზანსა და მოდელს. ზოგიერთ სკოლაში ასევე გამოვლინდა ბილინგვური სახელმძღვანელოების არასაკმარისი რაოდენობა.

სახალხო დამცველი ითხოვს, რომ განათლების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს სახელმძღვანელოების განახლება საგნებისთვის: „მე და საზოგადოება“, „მოქალაქეობა” VII-VIII კლასები, ან უზრუნველყოს მათი შეთანხმება დადგენილი წესით;

სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პრობლემები

2025 სასწავლო წლის პირველ ნახევარში, სახალხო დამცველის წარმომადგენლების ვიზიტების დროს (ოქტომბერ-ნოემბერი) სკოლებს განახლებული სახელმძღვანელოები არ ჰქონდათ მიღებული და მოსწავლეებს წინა სასწავლო წელს გამოყენებული წიგნები გადაეცათ, მაშინ როდესაც მიმდინარე წელს რიგ შემთხვევებში კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა გაზრდილი იყო და არსებული რესურსი საკმარისი არ აღმოჩნდა. ამასთანავე, იყო შემთხვევები, როდესაც ბილინგვური რესურსის შემადგენელი მნიშვნელოვანი კომპონენტი – მასწავლებლის გზამკვლევი – პედაგოგებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა, მათ შორის, მაგალითად, საგანში „ჩვენი საქართველო“, რაც დამატებით ართულებს ბილინგვური სწავლების ეფექტიანად განხორციელებას.

სომხური, აზერბაიჯანული და რუსულენოვანი სკოლებისთვის სახელმძღვანელოების საქართველოში შედგენა-გამოცემის პრობლემა

ზოგადი განათლების სფეროში 2025 წელსაც გამოწვევად რჩება სომხური, აზერბაიჯანული და რუსულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების საქართველოში შედგენა-გამოცემისა და სასწავლო პროცესის ადგილობრივად გამოცემული რესურსებით უზრუნველყოფა. ამჟამად აზერბაიჯანული და სომხური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები შესაბამისი სახელმწიფოების მიერ საჩუქრად გადმოეცემა სკოლებს.

მცირერიცხოვანი ეთნოსებისთვის მშობლიური ენის სწავლებაის პრობლემები და სახელმძღვანელოების არარსებობა

მცირერიცხოვანი ეთნოსებისთვის მშობლიური ენის სწავლება: აღსანიშნავია, რომ მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირსობების მშობლიური ენა 2015 წლიდან ისწავლება. მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენების (ოსური, ჩეჩნური, ხუნძური/ავარული, უდიური, ასურული და ქურთული/ყურმანჯი) სასკოლო გრიფირებული სახელმძღვანელოების შექმნა და შესაბამისი ენების პედაგოგების მომზადება, გასული წლების მსგავსად, კვლავ სისტემური პრობლემაა.

როგორც სახალხო დამცველის აპარატს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან ეცნობა, მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენების შემსწავლელი გრიფირებული სახელმძღვანელოს შექმნა ვერ ხერხდება, რადგანაც დგას კვალიფიციური კადრების მოძიების პრობლება. ამას ადასტურებს სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან იმ სკოლებისგან გამოთხოვილი ინფორმაციაც, სადაც მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენა ისწავლება, როგორც საგანი. იმ პირობებში, როცა მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენის საგანში გრიფირებული სახელმძღვანელოები ხელმისაწვდომი არ არის, საგნის მასწავლებლები უმეტესად თავად არჩევენ სწავლებისას გამოსაყენებელ რესურსებს – რიგ შემთხვევებში იყენებენ სხვა ქვეყნებში გამოცემულ სახელმძღვანელოებს, რიგ შემთხვევებში თარგმნიან სხვადასხვა წიგნებიდან მშობლიურ ენაზე და თავად ქმნიან სასწავლო რესურსს.

სახალხო დამცველის აპარატს სამინისტროდან ეცნობა, რომ სკოლებს შესაძლებლობა აქვთ სწავლებისას გამოყენებული რესურსი სამინისტროსთან შეათანხმონ, როგორც ძირითადად გამოსაყენებელი რესურსი. საგულისხმოა, რომ იმ სკოლების ნაწილს, სადაც მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენა ისწავლება, როგორც საგანი, არ ჰქონდა ინფორმაცია საგნის სწავლებისას გამოყენებული რესურსის ძირითადად გამოსაყენებელ რესურსად შეთანხმების შესაძლებლობის შესახებ, სამინისტროს ამ საკითხზე შეხვედრა არ გაუმართავს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენების საგნის სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, მნიშვნელოვანია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შესაბამის სკოლებთან გააძლიეროს თანამშრომლობა, კონსულტაცია და სამუშაო შეხვედრები, ასევე მხარი დაუჭიროს მათ, რომ, შესაძლებლობის შემთხვევაში, მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობის მშობლიური ენების სახელმძღვანელოები სკოლების ბაზაზე მომზადდეს. ამ კუთხით დადებითი მაგალითია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქანდის საჯარო სკოლის გამოცდილება, სადაც ასურული ენა ისწავლება. სკოლისგან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ასურული ენის სახელმძღვანელოს შემუშავების მიზნით სამინისტროსთან შეხვედრები გაიმართა, დაწყებულია სახელმძღვანელოს სკოლის ბაზაზე შემუშავების პროცესი.

გრიფირებასთან დაკავშირებული პრობლემები

2024 წლის მსგავსად, გრიფირება არც საანგარიშო პერიოდში გამოცხადებულა და, შესაბამისად, არც შინაარსობრივი რეცენზირების პროცესი ჩატარებულა. ამდენად, საგანი „მე და საზოგადოება“ კვლავ 2018 წელს გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოებით ისწავლება, ხოლო საგნის, „მოქალაქეობა“, VII კლასისთვის განკუთვნილი სასკოლო სახელმძღვანელო 2019 წელსაა გრიფირებული.

ამ კონტექსტში სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების მაკეტების შინაარსობრივი რეცენზირების პროცესის სამართლებრივი და პრაქტიკული არქიტექტურა სამინისტროსა და აპარატს შორის ჩამოყალიბებული მრავალწლიანი, ძალიან აქტიური თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა და მნიშვნელოვნად დაიხვეწა. ამდენად, ამ მიმართულებით თანამშრომლობის შენარჩუნება, სახელმძღვანელოებში ადამიანის უფლებების საკითხების მაღალი ხარისხით ინტეგრირებისთვის, მნიშვნელოვანი იქნება.

ასევე იხილეთ:

ადამიანის უფლებათა სწავლება და პედაგოგთა ტრენინგები – რას ითხოვს სახალხო დამცველი განათლების მინისტრისგან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური