რა სირთულეების გადალახვა უწევს ინტროვერტ მოსწავლეს სკოლაში და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი – ინტერვიუ სპეციალისტთან
თუ ბავშვს ხალხმრავალი ადგილები ღლის და ხშირად მარტო ყოფნა ურჩევნია, ვერც მეგობრების შეძენაშია დახელოვნებული და დიდად არც სასკოლო ზეიმებზე ლექსის წაკითხვის იდეა ხიბლავს – მაშინ უნდა იცოდეთ, რომ დიდი ალბათობით, თქვენი შვილი ინტროვერტია.
მეცნიერები ადამიანებს ორ კატეგორიად – ინტროვერტებად და ექსტრავერტებად ყოფენ. ინტროვერტი, ფიქრებით და განცდებით, საკუთარ თავზე, ექსტრავერტი კი გარესამყაროზეა ორიენტირებული. თანამედროვე საზოგადოებაში ინტროვერსია არცთუ იშვიათი მოვლენაა, თუმცა ხშირად მშობლებს უჭირთ მისი იდენტიფიცირება და შვილის „უცნაურ ქცევას“ ახსნას ვერ უძებნიან.
როგორ ამოვიცნოთ ინტროვერტი ბავშვი, რა მიდგომებია მათთან საჭირო და რას უნდა ითვალისწინებდეს როგორც მშობელი, ისე მასწავლებელი ასეთ დროს – ამ საკითხებზე EDU.ARIS.GE ფსიქოლოგ ანა ქურდაძე-კუხაშვილს ესაუბრა.
– ქ-ნო ანა, გვითხარით, ზოგადად, როგორია ინტროვერტი ბავშვი (მოსწავლე) და რა უნდა ვიცოდეთ მასზე?
– ინტროვერტი მოსწავლე სკოლისთვის გარკვეული გამოწვევაა. ის არის მოსწავლე, რომელიც ენერგიას იღებს სიმშვიდისგან, მარტო ყოფნისგან ან მცირე ჯგუფში ურთიერთობისგან. ინტროვერტ ბავშვს ხშირად მიაწერენ, რომ მორიდებული, ჩაკეტილი და ჩუმია. თუმცა, ისინი მიდრეკილები არიან სიღრმისეული ანალიზისკენ და ყველაზე საინტერესოდ დროს ფიქრში ატარებენ. მათ ახასიათებთ ემოციების ნაკლებად გამოხატვა, სრული კონცენტრაცია ინდივიდუალურ სამუშაოზე, აქვთ მოსმენისა და დაკვირვების ძლიერი უნარები. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ინტროვერტობა არ არის პრობლემა ან ნაკლი, ეს არის პიროვნული თავისებურება.
– რა სირთულეები შეიძლება შეექმნას ინტროვერტ მოსწავლეს სასკოლო გარემოში და არა მხოლოდ?
– ინტროვერტ მოსწავლეს სკოლაში ბევრი სირთულის გადალახვა უწევს. მისთვის გამაღიზიანებელია ხმაურიან, აქტიურ საკლასო გარემოში ყოფნა, რასაც ამძაფრებს საჯაროდ საუბრის, პრეზენტაციების ან ჯგუფურ მუშაობაში ჩართვის შიში. მათ უჭირთ საკუთარი აზრის თამამად და ხმამაღლა გამოხატვა. მიუხედავად იმისა, რომ ინტროვერტი მოსწავლე ხშირად ძალიან კარგადაა მომზადებული გაკვეთილისთვის, სოციალური შფოთვის გამო, შესაძლოა, პასუხის გაცემა მასწავლებლისთვის ვერ გაბედოს. მათთვის თანმდევია ე.წ. სოციალური გადაღლა, განსაკუთრებით კი დღის ბოლოს.
ხშირად მასწავლებლის ან თანატოლების მხრიდან ხდება ინტროვერტი ბავშვების არასწორი აღქმა და მათთვის იარლიყებს მინიჭება, რომ ისინი მორიდებულები არიან ან ნაკლები ინტერესი აქვთ სასკოლო დისციპლინების მიმართ. სინამდვილეში კი, მათ უბრალოდ სოციალური შფოთვა შეიძლება ჰქონდეთ და ვერ გამოხატავდნენ ხმამაღლა თავიანთ თავს. ინტროვერტებს სკოლის გარეთაც შეიძლება გაუჭირდეთ ახალი ადამიანების გაცნობა, დიდ ჯგუფებთან ადაპტაცია და საკუთარი საზღვრების დაცვაც კი.
– აქედან გამომდინარე, რას უნდა ითვალისწინებდნენ ინტროვერტ ბავშვთან დაკავშირებით მშობლები და მასწავლებლები და რა იქნება თქვენი ზოგადი რეკომენდაციები მათთვის?
– პირველ რიგში, მშობელმა უნდა გაიაზროს, რომ ინტროვერტი ბავშვი არ არის ზედმეტად ჩაკეტილი, ის უბრალოდ სხვანაირად ურთიერთობს სამყაროსთან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მათ არ აიძულონ, იყვნენ მუდმივ აქტიურობაში, რადგან მათთვის მთავარი ბალანსია და ენერგიის აღდგენისკენ სწრაფვა, რაც სიმშვიდესა და ზოგჯერ მარტოობაში ხდება. უნდა მოვუსმინოთ ბავშვებს და მივცეთ გამოხატვისთვის უსაფრთხო სივრცე. შევაქოთ ისინი, არა მხოლოდ შედეგისთვის, არამედ ძალისხმევისთვის.
საკლასო გარემოში მასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ინტროვერტი მოსწავლე თანაბრად ჩართოს საგაკვეთილო პროცესში, მასზე მორგებული სტრატეგიებით. მიეცით მათ თვითგამოხატვის საშუალება. არ აიძულოთ საჯაროდ საუბარი. მოულოდნელად დაფასთან გამოძახება ან მთელი კლასის წინ საუბარი ინტროვერტისთვის სტრესულია. გააფრთხილეთ წინასწარ, რომ მის გამოძახებას აპირებთ. მიეცით არჩევანი, როგორი გამოკითხვის ფორმა იქნება მათთვის კომფორტული. ზოგადად, ინტროვერტი მოსწავლე უკეთ გამოხატავს თავს წერილობით. გამოიყენეთ მცირე ჯგუფები და წყვილებში მუშაობა, რადგან დიდი ჯგუფი ხმაურიანია და ინტროვერტები იკარგებიან. საგაკვეთილო პროცესში ჩართეთ მშვიდი აქტივობები და მეტი ინდივიდუალური სამუშაო. ყოველთვის ითანამშრომლეთ მშობლებთან – ინტროვერტ ბავშვზე სრული სურათი სწორედ მშობელს აქვს.
– და ბოლოს, წარმოიდგინეთ, რომ ახლა სწორედ ინტროვერტ მოსწავლეს ესაუბრებით – რას ეტყოდით მას?
– თუ ინტროვერტი ხარ, მინდა მოგცე რამდენიმე რჩევა, რომელიც გაადვილებს შენს საკლასო ცხოვრებას: დაისახე მცირე მიზნები. მაგალითად, დღეში ერთხელ კლასში აზრის გამოთქმა. მასწავლებელს სთხოვე, საჭიროების შემთხვევაში, მოგცეს წერილობითი ფორმით საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება – ეს ბევრად აადვილებს საგაკვეთილო პროცესს. იპოვე მეგობარი, რომელიც პატივს სცემს შენს სივრცეს. დაგეგმე დასვენების დრო სოციალურ აქტივობებს შორის. და რაც მთავარია, არ შეადარო თავი სხვებს. მოემზადე, წინ ბევრი საინტერესო, მრავალფეროვანი და სასიამოვნო თავგადასავალი გელოდება.
ასევე იხილეთ:
როგორ დავეხმაროთ ბავშვს მათემატიკური უნარების გაუმჯობესებაში – რჩევები მშობლებს
„დიდხანს რჩება მეხსიერებაში“ – კიდევ რაში ეხმარება „თამაშით სწავლა“ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეს
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი
-
როგორ დავეხმაროთ ბავშვს მათემატიკური უნარების გაუმჯობესებაში – რჩევები მშობლებს by სკოლების ამბები
-
როგორია მოსწავლეთა რაოდენობა საფეხურების მიხედვით საჯარო და კერძო სკოლებში – ბოლო მონაცემები by სკოლების ამბები
-
„დიდხანს რჩება მეხსიერებაში“ – კიდევ რაში ეხმარება „თამაშით სწავლა“ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეს by სკოლების ამბები