როგორ დავეხმაროთ ბავშვს მათემატიკური უნარების გაუმჯობესებაში – რჩევები მშობლებს
მათემატიკა ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზე უდიდეს გავლენას ახდენს. მოსწავლე, რომელიც კარგად სწავლობს მას, სხვა საგნებშიც, ძირითადად, მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა. თუმცა, ხშირად ბავშვებს მათემატიკის სწავლა უძნელდებათ და ამ მიზეზით, არცთუ ისე ცოტაა მოსწავლე, ვისთვისაც მათემატიკა საყვარელ საგნად სულაც არ ითვლება.
ტრენერთა ტრენერი თიკა ალიმბარაშვილი, რომელსაც სოციალურ ქსელში მათემატიკასთან დაკავშირებული გვერდი აქვს და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ამ მხრივ განვითარებაში ეხმარება, EDU.ARIS.GE-ს ეუბნება, რომ ბავშვისთვის მათემატიკური უნარების გაუმჯობესებაში, სკოლისა და პედაგოგის გარდა, მშობლებსაც განსაკუთრებული როლი აქვთ.
ტრენერი გვიხსნის, რომ მშობელს შეუძლია, შვილს მარტივი მათემატიკური ცნებები ასწავლოს მხიარულ გარემოში და ისეთი ფორმით, რომელიც სტრესს არ გამოიწვევს:
„მაგალითად, გამრავლების ტაბულა თითებზე – ძალიან სახალისოა და მოსწავლეები სტრესის გარეშე სწავლობენ. ასევე, მარტივად შეიძლება ვასწავლოთ დათვლა – დაჭერით ფურცლები, დაასახელეთ, რომელი ფიგურები გამოჭერით, შემდეგ კი სხვადასხვა ფიგურებით ააწყეთ სახლი. ამ თამაშის დროს, უნდა დაითვალოთ, სულ რამდენი ფიგურა გამოჭერით და რამდენი დაგჭირდათ სახლის ასაწყობად. ძალიან კარგია სუდოკუს ამოხსნაც – ის არა მხოლოდ მათემატიკურ, ბევრ სხვა უნარსაც ავითარებს, ან აუმჯობესებს. ზოგადად კი, მსგავსი ტიპის აქტივობებით, მშობელი ეხმარება შვილს ისეთი უნარების გაუმჯობესებაში, როგორიცაა: ფურცელზე აზრის გადატანა, ხელის მოტორიკა, წარმოსახვა და ა.შ.“.
თიკა ალიმბარაშვილის თქმით, ხშირად ხდება, როდესაც მაგალითად, მოსწავლე ვერ იგებს მათემატიკაში ამოცანის პირობას და დახმარებას მშობელს სთხოვს – ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ დავეხმაროთ შვილს.
„მშობელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი: არ უკარნახოთ, რა დაწეროს. ამის ნაცვლად, ერთად წაიკითხეთ ამოცანის პირობა და დაეხმარეთ ბავშვს მის გაანალიზებაში. შემდეგ სთხოვეთ, გითხრათ, რას ითხოვს ამოცანის პირობა და რა არის ყველაზე მთავარი. სწორედ ასე სწავლობს მოსწავლე საკვანძო სიტყვის თუ წინადადების პოვნას. პირობის გააზრების შემდეგ კი ბავშვს არც ამოცანის ამოხსნა გაუჭირდება და არც – სწორ პასუხამდე მისვლა. რა თქმა უნდა, მიზანი ერთი ამოცანის გაანალიზებით ვერ მიიღწევა, მაგრამ როცა ამ მიდგომას რამდენჯერმე გაიმეორებთ, ბავშვი შემდეგ უკვე შეეცდება, სწორი პასუხი დამოუკიდებლად იპოვოს, სწავლის მოტივაციაც მეტად გაუჩნდება და უფროსის დახმარებაც ნაკლებად დასჭირდება.
გასათვალისწინებელია, რომ ამგვარი მიდგომით, შვილს არა მხოლოდ მათემატიკაში, არამედ სხვა საგნების უკეთ ათვისებაშიც დაეხმარებით. ზოგადად, უმჯობესი იქნება, თუ ბავშვს, რაღაცის გააზრებაში დახმარების შემდეგ, დატოვებთ მარტო, რომ სწორ პასუხამდე თავად მივიდეს. ასე ბევრად მეტ უნარს განუვითარებთ, ვიდრე მხოლოდ დავალების დამოუკიდებლად დაწერაა“, – ამბობს თიკა ალიმბარაშვილი.
ასევე იხილეთ:
შეიძლება თუ არა მოსწავლისთვის საუზმის გამოტოვება – გასათვალისწინებელი რჩევები ნუტრიციოლოგისგან
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი
-
როგორია მოსწავლეთა რაოდენობა საფეხურების მიხედვით საჯარო და კერძო სკოლებში – ბოლო მონაცემები by სკოლების ამბები
-
„დიდხანს რჩება მეხსიერებაში“ – კიდევ რაში ეხმარება „თამაშით სწავლა“ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეს by სკოლების ამბები
-
„პოლიგლოტში“ საჯაროდ წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა by სკოლა პოლიგლოტი