GE

„რთული კლასის მართვა“ – მათემატიკის წამყვან მასწავლებელს საკლასო ოთახების ვიდეო კამერებით აღჭურვის იდეა აქვს

ავტორი: მურმან კინწურაშვილი, თბილისის ალექსანდრე ცინცაძის სახელობის 150-ე საჯარო სკოლის მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი. სტატია განკუთვნილია EDU.ARIS.GE-ს პროექტისთვის – „ჩემი სათქმელი განათლებაზე“.

მოგეხსენებათ, რომ XXI საუკუნეში ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში დიდი ცვლილებები გამოიწვია, არც სასკოლო ცხოვრება იყო ამ მხრივ გამონაკლისი. საქართველოს სკოლებში ნელ-ნელა ინერგება ახალი ტექნოლოგიები, იქმნება ახალი კომპიუტერებით აღჭურვილი მომავლის კლასები, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები და ა. შ. თითოეული კლასი აღჭურვილია პროექტორით და კომპიუტერით, ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში მიმდინარეობს მოსწავლეთა პროექტული სწავლება, რაც საგაკვეთილო პროცესში კომპიუტერისა და პროექტორის მუდმივ გამოყენებას და შესაბამისი საგაკვეთილო თემატურ-კალენდარული გეგმისა და კურიკულუმების ქონას/შექმნას გულისხმობს.

ასევე, შეიცვალა საკანონმდებლო ბაზაც, სწავლა გახდა მოსწავლისათვის მაქსიმალურად მორგებული, მასწავლებლები ცდილობენ მუხლჩაუხრელად იმუშაონ, არ დაზოგონ თავიანთი თავი და თითოეული მოსწავლე წლის ბოლოს ერთიან ეროვნულ მიზნებსა და შედეგებზე გაიყვანონ – ესგ-ის შესაბამისად.

გაზრდილია მოსწავლეთა უფლებები. მოსწავლეს შეუძლია. კლასში თავისუფლად მოიქცეს, უგულვებელყოფილია ყოველნაირი ქცევის წესები, რაც კლასში ქაოსს იწვევს. ჩემი თემაც ამ პრობლემის მოგვარებას ეძღვნება. მოდით, მიმოვიხილოთ მნიშვნელოვანი სასწავლო პედაგოგიური კონცეფციები:

დიმიტრი უზნაძის კონცეფციის მიხედვით, პედაგოგმა უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯები:

1. შეუქმნას მოსწავლეს განწყობა;
2. მოარგოს მასალა მოსწავლეს/ აქტუალური დონე+წინსვლა/
3. შექმნას მოსწავლის სწავლაზე ორიენტირებული საკლასო გარემო.

სრულიად ვიზიარებ უზნაძის ამ კონცეფციას. სამწუხაროდ, ჩვენ სკოლაში ვერ ხერხდება ცალკე მათემატიკის კაბინეტის შექმნა, რომლის შექმნის იდეა ამ სკოლაში მუშაობის დაწყებისთანავე მიუღწეველ ოცნებად მქონდა. ვფიქრობ, რომ სრულყოფილი მათემატიკის კაბინეტის შექმნა აუცილებელია მოსწავლეთათვის, ეს კაბინეტი აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო რესურსით, რაც კი მათემატიკას სჭირდება. მაგ: ფორმულებით შექმნილი პლაკატები, მინიმუმ ორი დაფა- უჯრედებიანი და სუფთა, დაფის სახაზავი, ტრანსპორტირი და ა. შ. მასწავლებელს აუცილებლად სჭირდება პროექტორი და კომპიუტერი, რადგან მათემატიკაში არის უამრავი პროგრამა, რომელიც აადვილებს სწავლებას. მაგ: გეოგებრა, დესმოსი, FX draw და ა. შ.

დავუბრუნდეთ სტატიის თემას, კოგნიტივიზმი ფსიქოლოგიური თეორიაა, რომელიც წარმოიშვა მე-20 საუკუნის 50-60-იან წლებში. შეისწავლის თუ როგორ ხდება ცოდნის მიღება, შენახვა და გამოყენება. დევიდ პერკინსის თქმით, მასწავლებლის მთავარი ამოცანაა მოსწავლეთა აზროვნების და მსჯელობის უნარის განვითარება, რაც მიღებული ცოდნის მოქნილ და აქტიურ გამოყენებას გულისხმობს. მასწავლებლის ძირითადი სასწავლო მიზანია კლასში აზროვნების კულტურის დამკვიდრება. პერკისნი სწავლების შემდეგ მეთოდებს გამოყოფს-დიდაქტიკურს (დიდაქტიკური სწავლება), წვრთნა, სოკრატული სწავლება.

მიმაჩნია, რომ აზროვნების კულტურის სწავლება იმ კლასში, სადაც არ არის დაცული ქცევის წესები, არარეალურია. უპირველეს ყოვლისა აუცილებელია მშობლები ხედავდნენ ცალკე შექმნილ ვებ-გვერდზე თავიანთი შვილების განათლების მიღების პროცესს. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ამ მხრივ მოთხოვნა მზარდია.

აგრეთვე აღსანიშნავია შვეიცარიელი ფსიქოლოგის ჟან-პიაჟეს „ინტელექტის განვითარების თეორია“. ჟან-პიაჟე მიიჩნევდა, რომ სუბიექტი შეიმეცნებს გარემოს-ცვლის მას (ასიმილაცია) და საკუთარ გამოცდილებას (აკომოდაცია), ანუ სუბიექტი პასიურად კი არ ითვისებს ცოდნას, არამედ გარემოსთან აქტიური ურთიერთქმედების პროცესში აგებს მას.

კონსტრუქტივიზმი -შემეცნების თეორია, რომლის მიხედვით, ინდივიდი თვითონ ახდენს ცოდნის „კონსტრუირებას“ გარემოსთან და სხვა ადამიანებთან ურთიერთობის საფუძველზე. რის შედეგადაც მისი გამოცდილებაც იცვლება. ამ თეორიის მიხედვით სწავლა აქტიური პროცესია, ბავშვი თვითონ იძიებს პრობლემას, მასწავლებელი კი მოსწავლის დამხმარეა. გამოყოფენ კოგნიტურ კონსტრუქტივიზმს, რომლის წარმომადგენელი პიაჟეა და სოციალურ კონსტრუქტივიზმს, რომლის წარმომადგენელიც ვიგოტსკია. პირველი ყურადღებას აქცევს იმას, თუ შემეცნების რა მექანიზმით, რა პროცესებით ხდება ახალი ცოდნის კონსტრუირება და გამოცდილებასთან დაკავშირება, მეორე კი აქცენტს აკეთებს სწავლის სოციალურ ხასიათსა და მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაზე ცოდნის აგებისას. აქედან გამომდინარე, საუკეთესო კლასის მართვის სტილად მიმაჩნია კლასის მართვის დემოკრატიული სტილი. დემოკრატიული მართვა ეფუძნება მოსწავლე-მასწავლებლის თანაბარუფლებიანობას, რაც ჩვენი კანონმდებლობითაც დადასტურებული და აღიარებულია.

მასწავლებელი აფასებს თითოეული მოსწავლის აზრს, თვითგამოხატვის შესაძლებლობას, უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩართულობას ინდივიდუალური შესაძლებლობიდან გამომდინარე. თითოეულ შეცდომას მოსდევს არა სასჯელი, არამედ დახმარება, როგორც მასწავლებლის, ასევე სხვა მოსწავლეების მხრიდან. კლასის მართვის დემოკრატიული სტილი ასევე გულისხმობს გარკვეულ წესებს, საგაკვეთილო ჩარჩოებს, ვალდებულებებს, რომელთა შემუშავებაში მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას იღებენ და თითოეულ მათგანს თანაბრად მოეთხოვება მათი დაცვა.

მინდა გითხრათ, რომ რეალურ საგაკვეთილო პროცესში სიტუაცია სხვაგვარია. უმეტეს შემთხვევაში, მოსწავლეები არ ემორჩილებიან ამ წესებს, ამიტომ გადავწყვიტე, სკოლაში ამ მიმართულებით ჩამეტარებინა მინი კვლევა, რათა მართვის დემოკრატიული სტილი კლასის მართვის ქაოსურ სტილს არ დამსგავსებოდა. რაც გულისხმობს იმას, რომ კლასის მართვისას არ არის გამოკვეთილი საგაკვეთილო წესები და ჩარჩოები. მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეების ქცევის კონტროლი სუსტია, მას მოსწავლეებთან კეთილგანწყობილი და მეგობრული ურთიერთობა აქვს. შესაბამისად, მოსწავლეები არ არიან შეზღუდული სასწავლო პროცესის დროს, თუმცა ასეთ პირობებში რთულია კონკრეტული მიზნის დასახვა და თანმიმდევრული შესრულება.

ეფექტური საგაკვეთილო გარემოს შესაქმნელად მნიშვნელოვანია, როგორც მასწავლებლის მიერ დაგეგმილი გაკვეთილი, ასევე ის, თუ როგორ აღიქვამს მოსწავლე გაკვეთილს. ავტორიტარული მართვის სტილისაგან განსხვავებით, კლასის მართვის დემოკრატიული სტილის შემთხვევაში, მასწავლებელიც და მოსწავლეც ერთნაირად კმაყოფილები არიან. კარგად დაგეგმილი გაკვეთილი გულისხმობს, რომ მასწავლებლის მოთხოვნები შეესაბამება მოსწავლეთა ინდივიდუალურ შესაძლებლობებსა და საჭიროებებს. არ არის ზედმეტად რთული ან პირიქით, მარტივი. მაგალითად, მასწავლებელი დამატებით ამოცანას აძლევს იმ მოსწავლეს, რომელმაც ადრე დაამთავრა დავალება, ხოლო მეტ დროს აძლევს იმ მოსწავლეს, ვინც ნელა მუშაობს. თითოეული მოსწავლის მიერ მიღებული შედეგის შეფასება უნდა ითვალისწინებდეს მის პროგრესს. მოსწავლემ კარგად გააცნობიეროს როგორც საკუთარი, ისე სხვების მიღწევები. ასეთი მიდგომა ადასტურებს, რომ მასწავლებელი პასუხისმგებლობას გრძნობს თითოეული მოსწავლის მიღწევასთან დაკავშირებით და მისთვის მნიშვნელოვანია, თითოეული მოსწავლე კმაყოფილი იყოს გაკვეთილით.

ჩვენ, 150-ე საჯარო სკოლაში ჩავატარეთ პროექტი სახელწოდებით „დავიცვათ ერთმანეთის უფლებები“ -რომელიც ეძღვნებოდა ბულინგის თემას. მოსწავლეებმა ჩემი ხელმძღვანელობით გადაიღეს მინი ვიდეორგოლი ბულინგის წინააღმდეგ, სადაც გამოკვეთეს ამ პრობლემის აღმოფხვრის, მოგვარების მათეული გზა. ეს გზა მდგომარეობს იმაში, რომ ყველა სკოლის საკლასო ოთახებში დამონტაჟდეს ე.წ. ვიდეო კამერები, რასაც გარკვეულწილად ვეთანხმები და მაინტერესებს საზოგადოების აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომაც ვაქვეყნებ ამ სტატიას.

მივედით იმ დასკვნამდე, რომ საჭიროა საქართველოს ყველა საჯარო სკოლის კლასები აღიჭურვოს ვიდეო კამერებით. უნდა შეიქმნას ერთიანი ბაზა, ვებ-პორტალი, სადაც მშობელს ექნება იმის შესაძლებლობა რომ პირდაპირ ეთერში მიადევნოს თვალყური საკუთარი შვილების სწავლის პროცესს, მათ ქცევას საკლასო ოთახში და მათი შვილების მიერ ჩადენილი გადაცდომები, როგორც წესი, არ დაბრალდეს მასწავლებლებს, დამრიგებლებს. ალბათ, დამეთანხმებიან სხვა პედაგოგებიც, რომ ასეთი შემთხვევები პრაქტიკაში ხშირად ჰქონიათ. ყველა ასეთ შემთხვევაში კი მოსწავლე მართლდება. ამიტომ, ეს სიახლე აგვარიდებს მსგავს გაუგებრობებს, როგორც მოსწავლეებში, ასევე მოსწავლე-მასწავლებლებშიც და მათ მშობლებშიც, რა თქმა უნდა, არსებობის შემთხვევაში.

ახლა მიმოვიხილოთ მსგავსი სისტემა (კამერების დაყენება საკლასო ოთახებში) თუ არსებობს უცხოეთის ქვეყნებში. მოვიყვან ციტატას, თუ რას წერენ ერთ-ერთ უცხოურ საიტზე:

„1. Some schools have installed cameras in common areas and classrooms; 2. More and more schools are starting to install cameras; 3. China’s college entrance exams and junior high school entrance exams must be taken in classrooms with cameras; 4.Many parents want to see how their children are doing in school.

This is the situation now.

Cameras are installed in public areas that do not constitute an invasion of personal privacy, and the installation of cameras has brought many benefits.

The general reaction is that students are studying more seriously after the installation of cameras.

Students’ conflicting behaviors, such as fights, can be recorded to make it easier to determine what is right and wrong”.

რომ ვთარგმნოთ ჩვენს ენაზე: 

“1. ზოგიერთ სკოლაში დამონტაჟდა კამერები საერთო ტერიტორიებსა და საკლასო ოთახებში;
2. სულ უფრო მეტი სკოლა იწყებს კამერების დაყენებას;
3. ჩინეთის კოლეჯის მისაღები გამოცდები და უმცროსი საშუალო სკოლის მისაღები გამოცდები უნდა ჩატარდეს საკლასო ოთახებში კამერებით;
4. ბევრ მშობელს სურს ნახოს, როგორია მათი შვილები სკოლაში.

-ამჟამად ეს სიტუაციაა აქტუალური. კამერები დაყენებულია საჯარო ადგილებში, ის არ არღვევს პირად კონფიდენციალურობას და კამერების დაყენებამ ბევრი სარგებელიც მოიტანა.

-ზოგადი რეაქცია არის ის, რომ მოსწავლეები კამერების დაყენების შემდეგ უფრო სერიოზულად სწავლობენ.

-მოსწავლეთა კონფლიქტური ქცევები, როგორიცაა ჩხუბი, შეიძლება ჩაიწეროს, რათა გაადვილდეს იმის დადგენა, რა არის სწორი და არასწორი”.

ვიხილოთ სტატია ამ საკითხთან დაკავშირებით Mississippi representative wants cameras in public school classrooms მისისიპის სკოლის წარმომადგენელს სურს კამერები საჯარო სკოლის კლასებში.

ასევე საყურადღებოა, რომ ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ბაზა არ იძლევა ამის განხორციელების უფლებას, რაც ვთვლით, რომ შესაცვლელია, შესაძლებელია მოვიყვანოთ უამრავი მაგალითი- არგუმენტი ამ სისტემის კეთილშობილების დასანახავად.

ასე რომ, თუ ჩვენი განათლების სამინისტრო მოიწონებს ამ სისტემას, რომელსაც, შეიძლება ითქვას, ჩვენ დავუდებთ სათავეს. სკოლის დამატებით საკლასო ოთახების აღჭურვა ვიდეო-კამერებით და საკანონმდებლო დონეზე მათი მოგვარება ვფიქრობ, რომ XXI საუკუნის გამოწვევებს ღირსეულად უპასუხებს და წარმატებებს მოუტანს მთელი საქართველოს საჯარო სკოლებსა და განათლების სისტემას. მოსწავლეები უფრო საფუძვლიანად მოეკიდებიან სწავლა-განათლებას და არა ზერელედ, როგორც ეს დღეს ხდება. მინდა ჩემი სიტყვა დავასრულო მილოცვით -ჩემს კოლეგებს, განათლების სამინისტროს თანამშრომლებს და საერთოდ ამ სფეროში მომუშავე თითოეულ ადამიანს ვულოცავ ახალი 2024 წლის შემობრძანებას. სიხარული და წარმატებები მოეტანოს თითოეული ჩვენგანისათვის.

=

რა არის თქვენი სათქმელი განათლებაზე? – თქვენც შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი მოსაზრებები/სტატია. დეტალები იხილეთ ბმულზე

ასევე იხილეთ:

რატომ გვჭირდება სკოლა?

„ფიქრები, სანამ გაკვეთილი დაიწყება…“ – ჩემი სათქმელი განათლებაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური