GE
12 მარტი, 2024 13:59

როცა სპორტსმენის კარიერა 6 წლის ასაკში დაიწყე – კიკგბოქსინგში საქართველოს ორგზის ჩემპიონი მოსწავლე თანატოლებს ესაუბრება

შვილების ფიზიკური, გონებრივი და სოციალურად განვითარებისთვის მშობლები არჩევანს სპორტზე აკეთებენ. ყურადღებიანმა და დაკვირვებულმა მშობელმა კარგად იცის, რომ სპორტი ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობა და სხვათა შორის, თავბრუდამხვევი კარიერაც – თუ მას ბოლომდე მიყვები და ბეჯითად იშრომებ.

EDU.ARIS.GE აგრძელებს სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების თემატიკაზე წერას და დღეს გაგაცნობთ პატარა და უკვე ძალიან წარმატებულ სპორტსმენს, კიკბოქსინგში საქართველოს ორგზის ჩემპიონს – დემეტრე კესარელს, რომელმაც ეს ტიტული პირველად 8 წლის ასაკში მოიპოვა. დემეტრე ახლა 11 წლის არის და სპორტული კარიერა სულ რაღაც 6 წლის ასაკში დაიწყო.

დემეტრე კესარელი: ამ სპორტის არსებობის შესახებ მე ბევრი არ ვიცოდი. პირველად, 6 წლის ასაკში წამიყვანა მამამ ჩემპიონატზე დასასწრებად და შემდეგ, როცა ვარჯიში დავიწყე, ძალიან მომეწონა. ახლა კი ეს სპორტი ჩემი ცხოვრების წესია და ვარჯიშს არასოდეს შევწყვეტ.

– მოგვიყევი შენი სპორტული მიღწევების შესახებ

– ჩემი მწვრთნელია მამუკა შონია და ჩემი მიღწევები კიკბოქსინგში მისი დამსახურებაა, ის საუკეთესო მწვრთნელია საქართველოში. ვარ საქართველოს ქალაქებს შორის (ღია რინგი) 14 გზის გამარჯვებული. პირველი ჩემი დიდი მიღწევა იყო საქართველოს ჩემპიონობა, რომელიც 8 წლის ასაკში, 2021წელს მოვიპოვე. ასევე, ამავე წელს გავხდი თბილისის ჩემპიონი კიკბოკსინგში. 2022 წელს გავხდი პრიზიორი (II ადგილი) საქართველოს ჩემპიონატზე კუდოში. 2023 წელს გავხდი საერთაშორისო ჩემპიონატის გამარჯვებული კიკბოქსინგში. ამავე წელს გავხდი შავი ზღვის ჩემპიონატის თასის მფლობელიც (საქართველო). 2023 წლის ოქტომბერში მონაწილეობა მივიღე მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში (ISKA-ს ეგიდით კიკბოქსინგი). 2023 წელს ოქტომბერში სომხეთში გავხდი საერთაშორისო ჩემპიონატის გამარჯვებული და ქამრის მფლობელი (კიკბოქსინგი). წელი დავასრულე საქართველოს ჩემპიონობით კუდოში. უკვე 2024 წელს, მალტაში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი კუდოში, სადაც გავხდი ჩემპიონი. ასევე, მიმდინარე წლის თებერვალში სომხეთში გავხდი საერთაშორისო ორგანიზაცია „MIX FIGHT“ გამარჯვებული.

– დემეტრე, ასეთი მიღწევების პარალელურად, შენ სკოლის მოსწავლე ხარ. გააცანი თანატოლებს შენი დღის რეჟიმი, რამდენ დროს უთმობ სწავლას, რამდენს ვარჯიშს, როგორ უთავსებ?

– მე ვსწავლობ სკოლა „კანდიდში“. დილით მივდივარ სკოლაში, სკოლიდან კი, მე და ჩემი პატარა ძმა პირდაპირ მივდივართ ვარჯიშზე. ვვარჯიშობ ყოველ დღე. შემდეგ მოვდივარ სახლში და მაქვს რამდენიმე წუთი შესვენებისთვის. შემდეგ ვამზადებ სკოლისთვის დავალებებს. მიუხედავათ იმისა, რომ სპორტს დიდ დროს ვუთმობ და ძალიან ვიღლები, სკოლაში მაინც ათიანებზე ვსწავლობ. ძალიან მიყვარს ჭადრაკის თამაში და სკოლის ჩემპიონი ვარ.

– რა არის შენი მიზანი სპორტში და თუ გყავს ფავორიტი სპორტსმენი?

– ჩემი სურვილია, გავხდე მსოფლიოს ჩემპიონი კიკბოგსინგში და ვასახელო ჩემი სამშობლო. ბერვი ფავორიტი მებრძოლი მყავს, მიჭირს რომელიმე დავასახელო. მაგალითად, ძალიან მომწონს რიკო ვერჰუვენი -კიკბოქსინგში. ბრძოლის წინ სულ მახსენდება ილია თოფურიას სიტყვები: „წაგება არ არის ცხოვრების წესი, რატომ უნდა იფიქრო იმაზე, რაც ჯერ არ მომხდარა“.

– დემეტრე, რა არის ის წესები, რომელსაც არასდროს არღვევ (კვებასთან დაკავშირებული, ძილთან, მეცადინეობასთან..)

– რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, არასოდეს წავალ სკოლაში მოუმზადებელი. არასოდეს ვაცდენ ვარჯიშს. იშვიათად ვარღვევ კვებას, თუმცა არის შემთხვევები, როცა ცოტას ვარღვევ. ყოველთვის ვიღვიძებ დილით 07:00 საათზე და ვიძინებ მაქსიმუმ 22:00 საათზე.

– რას ეტყოდი თანატოლებს, რატომ უნდა აირჩიონ სპორტი, რას შეცვლის ის მათ ცხოვრებაში?

– ჩემთვის სპორტი არის ცხოვრების ჯანსაღი წესი და მომავალი. ჩემს თანატოლებს ვეტყოდი, რომ არ დაიზარონ და იარონ სპორტზე, მე პირადად, ისე ვარ, რომ ვარჯიშის და დარბაზის გარეშე ვეღარ ვძლებ. როცა ბედნიერი ხარ იმის კეთებით რასაც აკეთებ, უნდა გააკეთო. თქვენც სცადეთ, უფრო გაძლიერდებით და ხალისიანი გახდებით, ბევრ მეგობარს შეიძენთ და მშობლებიც თქვენი მიღწევებით და მონდომებით იამაყებენ.

ასევე იხილეთ:

როგორ გამოიყურება ბეჯითი მოსწავლის სამუშაო მაგიდა – EDU.ARIS.GE-ს მოსწავლე და-ძმამ უმასპინძლა

როგორ ჩავდო ინვესტიცია შვილის განათლებაში სწორად და შედეგიანად – მშობელი გამოცდილებას გაგიზიარებთ

როგორ შევარჩიო სწორად შვილისთვის სპორტის სახეობა – სპეციალისტი მშობლებს მიმართავს

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში