GE
29 მარტი, 2023 10:30

როგორ შევარჩიო სწორად შვილისთვის სპორტის სახეობა – სპეციალისტი მშობლებს მიმართავს

როგორც წესი, სპორტის მოყვარული მშობლები, განსაკუთრებით ისინი, ვინც თავადაც იყვნენ გატაცებული სპორტის რომელიმე სახეობით, ან ახლაც არიან, ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე წყვეტენ, რომელ სპორტულ წრეზე მიიყვანენ შვილს. ასეთ დროს მშობლებს ოცნება იპყრობთ, რომ მათი შვილი მომავალი ლებრონ ჯეიმსი, მაიკლ ტაისონი, როჯერ ფედერერი ან იქნებ, ხვიჩა კვარაცხელიაც კი გახდება. შთაგონებული მშობლები მთელი ენთუზიაზმით ერთვებიან შვილის სპორტულ ცხოვრებაში და ამ პროცესში ხშირად ავიწყდებათ, რომ ეს მათი ოცნება უფროა, ვიდრე შვილის.

სპორტის იმ სახეობის შერჩევა, რომელზეც შვილის მიყვანას გადავწყვეტთ, მართლაც არ არის მარტივი საქმე და არც მხოლოდ მშობლის ასარჩევი. EDU.ARIS.GE, ტრადიციულად, მშობლების დახმარებას შეეცადა და ამ საკითხზე სასაუბროდ სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომის საჯარო სკოლისა და თბილისის #6 საჯარო სკოლის ახალგაზრდა სპორტის მასწავლებელს, ლელა ბერაძეს მივმართეთ. ჩვენი რესპონდენტი მშობლებისთვის საინტერესო რეკომენდაციებს გვიზიარებს და გეტყვით, როგორ შეარჩიოთ სწორად შვილისთვის შესაბამისი სპორტის სახეობა.

– ლელა, პირველ რიგში, გვითხარით, სპორტის რომელი სახეობებია ბავშვებსა თუ მოზარდებში პოპულარული?

– ორ რეგიონში ვასწავლი, თბილისის და ხაშურის სკოლაში. გეტყვით, რომ თბილისელი ბავშვები, სპორტის მრავალფეროვან სახეობებს ირჩევენ: ფეხბურთს, კალათბურთს, რაგბის, ძიუდოს. გოგოებში უფრო აქტუალურია ტანვარჯიში, ასევე ცურვა და ფრენბურთი. რეგიონში კი, ყველაზე მეტად, გოგოებიც და ბიჭებიც ფეხბურთზე არიან შეყვარებული, რადგან ამ კუთხით სპეციალისტებიც უფრო მომზადებული გვყავს, არის საფეხბურთო კლუბები და შეიძლება ითქვას, რომ ეს სპორტი უფრო ხელმისაწვდომია ყველა ფენისთვის.

– რამდენად დიდია მშობლების როლი სპორტის სახეობის შერჩევაში?

– იცით, როდესაც მე ვიყავი მოზარდი, უფრო მეტად მშობლები წყვეტდნენ, რომელ სპორტით დაკავებულიყვნენ ბავშვები. თუმცა, ჩემს შემთხვევაში, ფეხბურთზე დედამ შემიყვანა, რა თქმა უნდა, ჩემი მონაცემებისა და სურვილის გამო. დღეს ბავშვების სურვილს მეტ-ნაკლებად ითვალისწინებენ. ალბათ, დროთა განმავლობაში, ესეც შეიცვლება. მშობლებმა ბავშვებს უნდა მისცენ საშუალება, გაიცნონ რამდენიმე სპორტის სახეობა, რათა სათავისო აღმოაჩინონ.

– გოგონების მშობლები სახელოვნებო წრეებზე აკეთებდნენ ხოლმე არჩევანს, დღეს ეს ტენდენცია შეცვლილია?

– ჩვენს საზოგადოებას გაუჭირდა მსგავსი მიმართულების სიახლეებთან შეგუება. თვლიდნენ, რომ ბიჭმა აუცილებლად უნდა იაროს ფეხბურთზე და გოგონამ -ცეკვაზე. დღეს ეს ტენდენცია შეიცვალა, არჩევანის თავისუფლება, ინტერესი პირველ ადგილზე წამოვიდა, სახელოვნებო და სპორტის სახეობები ნამდვილად აღარ არის გათვლილი გენდერზე. თუმცა, ამ მხრივ სამუშაო კიდევ ბევრია.

– რა შეცდომები არ უნდა დაუშვას მშობელმა, როცა შვილისთვის შესაბამის სპორტულ სახეობას არჩევს?

– პირველი – მშობლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რა სურთ მათ შვილებს და რის შესაძლებლობა აქვს თავად და მეორე – არჩევანს თავად არ უნდა აკეთებდნენ, მთავარი სიტყვა ბავშვს უნდა ეკუთვნოდეს და მშობელი ამ სიტყვის მხარდამჭერი უნდა იყოს.

– რას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ, რომ აუცილებლად გასათვალისწინებელია ბავშვის შესაძლებლობები, ნიჭი და სურვილები?

– ვგულისხმობთ ფიზიკურ მონაცემებს, ფსიქოლოგიურ მზადყოფნას, ტექნიკურ მონაცემებს, სისწრაფეს, ამტანობას. რა თქმა უნდა, ვარჯიში და რეგულარული მუშაობა დახვეწს და განავითარებს ამ ყველაფერს. აქვე, უნდა დავამატო, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს საბაზისო მონაცემების სწორად მიმართვას. ამასთან, თუ ბავშვის სურვილები და ინტერესები არ იქნება გათვალისწინებული, მომავალში ამ სპორტში ის ვერ იქნება წარმატებული.

– რომელი ასაკიდან უნდა მივიყვანოთ შვილი სპორტულ წრეებზე, თუ, მაგალითად 16 წლის მოზარდს მივიყვანთ ძიუდოზე, დაგვიანებულია?

– 6 წლიდან უკვე მისაღებია. რაც შეეხება ძიუდოს, 16 წელი დაგვიანებულია, თუმცა სურვილი და მიზანი ყველაფერში წარმატების საწინდარია. ასე რომ, არასოდეს არაფერია გვიანი, როცა საქმე ეხება სწავლასა და სიახლეებს.

– აქვე გკითხავთ, რომელი სპორტის სახეობებია პოპულარული მშობლებში?

– მშობლებში რაგბი, ჭიდაობა, კალათბურთი და ფეხბურთი, რადგან მსმენია, რომ შვილებთან ერთად ხშირად დადიან ჩვენი ნაკრების საქომაგოდ. ხვიჩა კვარაცხელიას ფენომენმა კი, სპორტის ეს სახეობა კვლავ ააღორძინა, მშობლებს შვილები ფეხბურთზე მოჰყავთ იმ იმედით, რომ მათი შვილი მომავალი ხვიჩა კვარაცხელია გახდება.

– მიმართეთ იმ მშობლებს, რომლებიც შვილისთვის სპორტის სახეობის შერჩევით ახლა არიან დაკავებული, რა იქნებოდა თქვენი გზავნილი?

– მშობლები ყველაზე კარგად იცნობენ თავიანთ შვილებს, მათ სურვილებს, მისწრაფებებსა და ოცნებებს. ვეტყოდი, რომ არ განასხვაონ სპორტი გენდერის მიხედვით, რადგან ნებისმიერი სპორტი ბავშვის ჯანსაღი ცხოვრების წესზე დადებითად აისახება. ასეთი თხოვნა მექნება, პატივცემულო მშობლებო, მოუსმინეთ თქვენს შვილებს.

ასევე იხილეთ:

სპორტი, მუსიკა, ცეკვა – როგორ უნდა დავტვირთოთ სკოლის მოსწავლე გაკვეთილების გარდა – რეკომენდაციები მშობლებს

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში