როგორ აღიქვამენ მოზარდები თანაკლასელის დაკარგვას და რა არ უნდა გამოეპაროს მშობელსა და მასწავლებელს
საგანმანათლებლო მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები ორშაბათიდან, 17 ოქტომბრიდან, თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში მარიტა მეფარიშვილის კლასელებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს შეხვდებიან და ეცდებიან, სტრესის დაძლევაში დაეხმარონ – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-სთან ამავე ცენტრის ფსიქოლოგმა, მარიკა გოგიაშვილმა ისაუბრა.
მერვეკლასელი მარიტა მეფარიშვილი, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას ემსხვერპლა. ახლად რეაბილიტირებულ შადრევანში კლასელებს ბურთი ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად 13 წლის თანაკლასელები ჩავიდნენ. ბავშვებს დენმა დაარტყა, რის გამოც მარიტას გადარჩენა ვერ მოხერხდა…
ფსიქოლოგი ამბობს, რომ მოზარდის გარდაცვალება თანაკლასელებისთვის ძლიერი ტრავმული სტრესის გამომწვევია და მათ მხარდაჭერა და დახმარება გარშემო მყოფი საზოგადოებისგან სჭირდებათ.
„ეს არის უარყოფითი გამოცდილება, რომელიც ტვირთავს ბავშვების პიროვნულ რესურსებს. ამ დროს მოზარდებს პრობლემის გზების გადაჭრის დანახვა უჭირთ, ბრაზი აქვთ, შიში აქვთ… სტრესს თავისი გადატანის ფაზები აქვს – შოკი, ბრაზი, დეპრესია და დაძლევა. იგივე განცდა შეიძლება ჰქონდეთ იმ ბავშვებსაც, რომლებსაც ეს ამბავი ტელევიზიით ესმით. ეს ამბავი არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია. ყველას შეგვეხო, ყველასთვის ძალიან მტკივნეულია და ახლა ყველასთვის შოკის ფაზაა. ასეთ დროს კი მნიშვნელოვანია მხარდამჭერი ადამიანების როლი“, – გვითხრა მარიკა გოგიაშვილმა.
სპეციალისტის აზრით, ასეთი სტრესის დროს მოზარდმა მხარდაჭერა იმ ადამიანებისგან უნდა იგრძნოს, ვისაც ის ახლობლებად მიიჩნევს. მათ უნდა მისცენ ბავშვებს საშუალება, რომ ისაუბრონ და არ გააჩერონ, როდესაც ისინი ემოციებს მძაფრად გამოხატავენ, ტირიან და ბრაზობენ.
„მოზარდებს უჩნდებათ უსამართლობის განცდა. ეს არის ტკივილი, რომელსაც ფსიქიკა ვერ იტევს და უნდა ამოხეთქონ. ამ დროს განმუხტვის ერთ-ერთი საშუალება ტრავმული ენერგიისგან დაცლაა, რაც ზოგისთვის ეს არის ღრიალი, ტირილი, ამ მოვლენაზე საუბარი… უნდა მივცეთ ბავშვებს ტირილის საშუალება, რომ გამოიტანონ თავისი ტკივილი ორგანიზმიდან თუ ფსიქიკიდან. არამხოლოდ მოზარდები, მასწავლებლებიც ტრავმირებულები არიან იმ სკოლის, სადაც ტრაგედია ტრიალდება და შესაბამისად, მათთანაც უნდა დაიგეგმოს გარკვეული სამუშაოები, რომელსაც ჩვენი სამსახური ახორციელებს. ორშაბათიდან შევხვდებით 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს, რომ მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ და შემდგომ უკვე, რაც გამოიკვეთება და რის საჭიროებასაც დავინახავთ, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად, მივყვებით და იმის მიხედვით ვიმუშავებთ“, – ამბობს ფსიქოლოგი.
ადამიანებს სტრესთან გამკლავების სხვადასხვანაირი უნარი აქვთ. კითხვაზე, რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა თუ მასწავლებელმა მოზარდის მდგომარეობის შესაბამისად და რა დროს ჩართოს ფსიქოლოგი, გოგიაშვილი პასუხობს:
„ახლა სტრესული მდგომარეობა ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა შემდგომ, როდესაც შოკი ჩაივლის, შეიძლება გაჩნდეს ისეთი სიმპტომატიკა, რომელიც მშობელს თვალში მოხვდება. მაგალითად, ადრე რითიც დაინტერესებული იყო მისი შვილი, დღეს უკვე ის აღარ აინტერესებს, არ სძინავს კარგად, შფოთი აქვს, მუდმივად დაძაბულია, სულ ცუდის მოლოდინი აქვს… ეს უკვე არის ის ნიშნები, როდესაც უნდა ჩაერთოს ფსიქოლოგი. ეს ნიშნები არ უნდა გამოეპაროს არც მშობელს და არც მასწავლებელს და სპეციალისტი უნდა ჩააყენონ საქმის კურსში. ასეთ ბავშვთან პედაგოგმაც უნდა შეცვალოს მიდგომა. მასწავლებელმა და მშობელმა ბავშვს უნდა ესაუბრონ, მოუსმინონ, მისცენ საშუალება, რომ იმაზე ილაპარაკოს, რაც აწუხებს, მოყვეს, როგორ გრძნობს თავს და შეეცადოს, რომ თავისი ემოციის სახელდება მოახდინოს – ცუდად არის, კარგად არის, აღელვებულია თუ როგორ გრძნობს თავს. ეს დაგვეხმარება, უფრო უკეთესად გავიგოთ მოზარდის მდგომარეობა და მასაც დაეხმარება, რომ თავისი მდგომარეობა შეიტყოს“.
ფსიქოლოგი თვლის, რომ კარგი იქნება, თუ ტრაგედია შეკრავს კლასს, ბავშვები ერთმანეთში ისაუბრებენ და არ დასჭირდეთ სხვა, დამხმარე რგოლი.
„მნიშვნელოვანია ერთმანეთთან ახლოს ყოფნა და მხარდაჭერა, საუბარი იმ თავიანთ კლასელზე, გაიხსენონ მასზე კარგი ამბები. ზოგმა შეიძლება ამ დროს იტიროს, შეიძლება ბევრს გაეცინოს… ეს ბუნებრივია და არ ნიშნავს, რომ მიუღებელი ქცევაა, რადგან ადამიანებს სხვადასხვაგვარად გამოგვაქვს ჩვენგან ტრამვა და სტრესი. ერთმანეთთან ყოფნა, მხარდაჭერა, მოსმენა, მასზე საუბარი, დაეხმარება მათ ამ სირთულის დაძლევაში. ასეთ შემთხვევაში შეიძლება არც უნდოდეთ, რომ ვინმე სხვა ჩაერთოს, თუმცა ზოგმა შეიძლება მოითხოვოს დახმარება და ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – გვითხრა მარიკა გოგიაშვილმა.
არის თუ არა გამოსავალი ასეთ დროს სკოლიდან მოსწავლის გადაყვანა და როგორია ამ დროს საზოგადოების როლი, რომ მოზარდებისთვის მეგობრის გარდაცვალებით მიყენებული ტრამვა მოუშუშებელ ჭრილობად არ იქცეს, ფსიქოლოგი ამბობს:
„სკოლის გამოცვლა ამ შემთხვევაში არ არის სწორი მიდგომა. ასეთი ამბავი მოსწავლისთვის ახალი გამოწვევაა და პრობლემიდან გაქცევა არ შეიძლება. მათ უნდა გაიაზრონ, რომ ცხოვრებაში ბევრი სირთულე ხდება, კიდევ გველოდება სირთულეების გადალახვა და მუდმივად არ უნდა გაიქცეს. ამიტომ, ჯობია, ერთად, ჯგუფურად, კლასში მოხდეს ამ ტრაგედიის გაგება, გააზრება და გადატანა.
„მხარდაჭერა მოზარდებს საზოგადოების მხრიდანაც სჭირდებათ. მათ მშვიდად უნდა მივცეთ ემოციების გარეთ გამოტანის საშუალება. დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც გაიგებენ, რომ ის გარდაცვლილის კლასელია, ამბავი არ უნდა მოაყოლონ. ჯობია, ნაკლებად ჩავერიოთ ასე უხეშად. მშობლებთან შეიძლება ისაუბრონ, რა მოხდა, მაგრამ არა – მუდმივად. ჯობია, მივცეთ ყველანაირი ემოციის გამოხატვის საშუალება და ნუ ჩავუთვლით არაადექვატურად, ხმამაღლა ტირილსა თუ სიცილს. ასეთი მხარდაჭერა სჭირდებათ მოზარდებს მშობლებისგან, მასწავლებლებისგან და ზოგადად, იმ სოციუმისგან, სადაც ამ ბავშვებს უწევთ ცხოვრება და ურთიერთობა“.
ასევე იხილეთ: