სპორტი, მუსიკა, ცეკვა – როგორ უნდა დავტვირთოთ სკოლის მოსწავლე გაკვეთილების გარდა – რეკომენდაციები მშობლებს
მშობელი რომ გქვია, ეს უკვე ნიშნავს, რომ შვილისთვის განსაკუთრებული და გამორჩეული ცხოვრების დაგეგმვა გსურს, რასაც მისი დაბადებისთანავე იწყებ. ფიქრობ რომელ ბაღში შეიყვანო, რომელ სკოლაში ასწავლო, სკოლის გარდა რა ხელოვნების წრეებსა და სტუდიებში ატარო. გინდა ყველაფერი მოსინჯო, შვილის ნიჭი და უნარები ყველა მიმართულებით გამოსცადო. თუმცა, ცოტა თუ ფიქრობს, რომელ წრეებსა და სტუდიებშია რეკომენდირებული სკოლის გარდა ბავშვის ტარება, დღის რომელ მონაკვეთში უფრო პროდუქტიულად ითვისებენ ბავშვები შემოთავაზებულ აქტივობებს, პირველ რიგში რა პრიორიტეტების მიხედვით უნდა ავირჩიოთ შვილის ფიზიკური თუ გონებრივი უნარების გასავითარებელი სტუდიები და წრეები. სწორედ ამ, მშობლებისთვის განსაკუთრებულად საჭირბოროტო საკითხებზე გამოცდილი მშობლები, ხელოვნების სტუდიებისა და სპორტული კომპლექსების წარმომადგენლები და ფსიქოლოგები გვესაუბრებიან.
თამუნა მერაბიშვილი პირველკლასელი ანამარიას დედაა. Aris.ge-განათლებასთან საუბრისას ამბობს რომ, შვილი სხვადასხვა წრეებზე ადრეული ასაკიდანვე დაჰყავს. მეორე წელია ანამარია ინგლისურზე დადის და მიაჩნია, რომ ეს აუცილებელია.
„ადრე ცურვაზე დავდიოდით, სამწუხაროდ ახლა ვეღარ ვახერხებთ. მიმაჩნია, რომ ბავშვი იმდენ დროს ატარებს მეცადინეობისას მჯდომარე პოზიციაში, ცურვა მისი ორგანიზმის სიჯანსაღისა და ფიზიკური განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელია. სიამოვნებით ვატარებდი ხატვაზე, ანამარია თვითონ მთხოვს ამას და ძალიან უნდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ვერ ვახერხებთ. ასევე, სიამოვნებით ვატარებდი ვოკალზე“.
თამუნა მერაბიშვილის მსგავსად შვილი ინგლისურსა და ცურვაზე დაჰყავდა მე-8 კლასელი ნინიას დედას თამუნა დუღაშვილსაც. მისი თქმით, ამ ასაკის მოზარდისთვის აქტიური სპორტული ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩემი შვილი ზრდის პროცესშია, ახლა ყალიბდება, უვითარდება ძვლები და მიმაჩნია, რომ ცურვა ამას ყველაფერს ხელს უწყობს. სამწუხაროდ, დროის სიმცირის გამო, ვეღარ დადის, თუმცა დიდი სურვილი მაქვს რომ ისევ ვატარო. გარდა ამისა, სკოლის დაწყების დღიდან ინგლისურზე დადის. ასევე, მათემატიკასა და რუსულში.
მიმაჩნია რომ ინგლისური თანამედროვე ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ბავშვი სკოლის გარდა აქტიური სპორტული ცხოვრებით უნდა დაკავდეს, ანუ სპორტის ან ცეკვის რომელიმე სახეობაზე უნდა იაროს, და რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ინგლისური. თუ ამის გარდა მუსიკალური ნიჭიც ექნება და კიდევ სხვა უნარებიც აღმოაჩნდება, ძალიან კარგი, მშობელმა ეს უნდა დაინახოს“, – განუცხადა Aris.ge-განათლებას თამუნა დუღაშვილმა.
რა ასაკიდან შეიძლება ბავშვის ხელოვნების სტუდიებსა და სპორტული აქტივობებით დატვირთვა, ამასთან დაკავშირებით Aris.ge-განათლებას სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები ესაუბრებიან.
ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი:
ცეკვაზე სიარულის სურვილი მშობლის გარდა ბავშვსაც უნდა გააჩნდეს და ასევე, უნდა ჰქონდეს ამის ნიჭიც, სხვა შემთხვევაში, თუ ბავშვი იძულებით დადის ვერც ნაყოფიერი იქნება ეს მისთვის და მეტიც, დაიჩაგრება კიდეც. ქართული ცეკვა ბავშვს უპირველეს ყოფლისა უყალიბებს ფიგურას, სხეულს უფრო დახვეწილსა და მოქნილს ხდის, აჩვევს დისციპლინას. ქუჩაში რომ შეხედავ მოდის და გესიამოვნება რომ უყურებ როგორ დადის, კოხტად და ლამაზად, ამ სიარულის მანერის ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს ასევე. ქართული ცეკვა ხომ ქალისა და ვაჟის ურთიერთდამოკიდებულებაცაა, ჩვენთან ამასაც სწავლობენ ბავშვები.
მაგრამ მიმაჩნია, რომ მშობელმა შვილი ცეკვაზე პირველი კლასის შემდეგ უნდა შეიყვანოს. ჯერ ბავშვი სკოლაში უნდა მიეჩვიოს დამოუკიდებლობას, მასწავლებელთან ურთიერთობას და შემდეგ უკვე ეს უნარები რომ ჩამოუყალიბდება მეტ-ნაკლებად დაეუფლონ ხელოვნების ამ დარგს, ცეკვას. ქართულმა ლეგენდამ ფრიდონ სულაბერიძემ, 14 წლის ასაკში დაიწყო ცეკვაზე სიარული და მასზე დიდი მოცაკვავე არამგონია არსებობდეს. ასევე, მშობელი თუ ხედავს, რომ მის შვილს არ აქვს ნიჭი და არც სურვილი აქვს ბავშვს, არ უნდა დაიჩემოს. აუცილებელი ხომარაა ყველა მოცეკვავე იყოს?!
მხატვარი და კარიკატურისტი ზაალ სულაკაური: ბავშვმა ხატვაზე რომ დაიწყოს სიარული პირველ რიგში უნდა ჰქონდეს სურვილი. ხატვა ისეთი რამაა, ყველა ბავშვში დევს მისი სურვილი. ჩემი შვილი ნიჭიერია და ამიტომ უნდა იაროს ხატვაზე, ბავშვს კი ეს არ უნდა, ჩათვალეთ მშობლებო, რომ ძალით ატარებთ და ამით აზიზღებთ ხატვას. რაც შეეხება იმას, თუ რა სიკეთე მოაქვს ხატვას, თუ მხატვარი არ გამოხვალ, უყალიბებს ბავშვს გემოვნებას. ისინი, ვინც შენთან ერთად დადიან ხატვაზე, შენნაირი ჭკუისები არიან და შესაბამისად, კარგი მეგობრების გარემოცვაში მოხვდები. ცოტათი უკეთესი ადამიანი ხდები ვიდრე ხარ, იმიტომ რომ ხატვას სულ სხვა სითბო და ენერგია აქვს და მთავარი, არასდროს დაგავიწყდება ხატვაზე სიარულისას გატარებული დრო.
სპორტულ კომპლექს „არენას“ პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი სოფო ხაჭაპურიძე: ცურვას ადამიანისთვის უკუჩვენება არ აქვს და მეტიც, იგი ბავშვის ზრდა-განვითარებისა და ხერხემლის სწორად ჩამოსაყალიბებლად იდეალური საშუალებაა. ჩვენთან პატარებს სამი წლის ასაკიდან პატარა აუზში ვიღებთ. შემდეგ უკვე, დიდ აუზში, 6 წლის ასაკიდან შეუძლიათ ბავშვებს სიარული. ცურვა იდეალურია გაკაჟებისთვის, გამძლეობისთვის, ჩონჩხისა და ძვლების სწორად განვითარება-ჩამოყალიბებისთვის. ამასთან, ძალიან ბევრი ექიმი ნიშნავს ცურვას, როგორც ჯანმრთელობისთვის საჭირო და აუცილებელ ერთ-ერთ საშუალებას. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს მწრთვნელი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან მუშაობს და დიდ აუზში კი ყველასთან ინდივიდუალურად. ცურვა ბავშვისთვის იდეალური გარემო და აქტივობაა.
„ბზიკების“ სტუდიის ხელმძღვანელი ნინო ომანიძე: პატარებს უვითარდებათ სმენა, ეუფლებიან სამსახიობო ოსტატობას, ეჩვევიან სცენაზე დგომას. ჩვენი პატარები უფრო კომუნიკაბელურები არიან, საკუთარი თავის უფრო მეტად წარმოჩენა და პრეზენტაცია შეუძლიათ, სცენაზე მეტად გახსნილები არიან. ასევე, ბავშვებს სხვადასხვა კომპლექსების დაძლევაშიც ვეხმარებით. მშობლების სურვილი ძირითადად ბავშვების სითამამისკენ წახალისება და მათში კომპლექსების მოხსნაა და ისინი ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ჩვენი ბავშვები სკოლაშიც და ბაღშიც უფრო გამორჩეულები არიან.
რა დოზით არის სასურველი ბავშვის სკოლის გარდა სხვა გარემოში შეყვანა და როგორ აღიქვამენ ასეთი ტიპის აქტივობას მოზარდები, ბავშვთა ფსიქოლოგი ლიკა ბუწაშვილი Aris.ge– განათლებასთან საუბრისას მშობლებს რეკომენდაციას აძლევს:
მშობლებს ხშირად ვუწევთ რეკომენდაციას, შეიყვანოს ბავშვი სხვადასხვა წრეზე. პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, რომ დღესდღეისობით საჯარო სკოლებში მთავარი აქცენტი მაინც წმინდად აკადემიურ აქტივობებზე კეთდება. შესაბამისად, დამატებით რაიმე წრეზე შესვლით, ბავშვს საშუალება ეძლევა გადაერთოს შედარებით თავისუფალ აქტივობებზე. ეს მეტ მნიშვნელოვნებას იძენს იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებული საჭიროებები აქვთ და სკოლის სისტემა მეტად სტრესულია.
ამასთან, ბავშვს საშუალება ეძლევა ახალ სოციუმში ადაპტირდეს – შეიძინოს მეგობრები. მნიშვნელოვანია, მშობელმა ყურადღებით შეურჩიოს ბავშვს წრე და აუცილებლად გაითვალისწინოს შვილის ინტერესები. ბავშვი სიამოვნებით უნდა დადიოდეს წრეზე. ის გარემო უდნა ეხმარებოდეს პოტენციალის გამოვლენა-განვითარებასა და თვითშეფასების ამაღლებაში.
შესაბამისად, იმის დაგეგმვისას, თუ რომელ და რამდენ წრეზე შეიყვანოს ბავშვი, მშობელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტორები:
შეარჩიოს ბავშვის ინტერესებთან შესაბამისი წრე და არჩევისას საკუთარი სურვილები არ იყოს გადამწყვეტი (“ჩემმა შვილმა ცეკვა უნდა იცოდეს”). ასევე, შეარჩიოს იმდენი წრე, რომ ბავშვი არ გადაიღალოს და დარჩეს დრო დასვენებისთვის და დროის თავისუფალ გარემოში გატარებისთვის. აგრეთვე, სასურველია, ერთდროულად არ შეიყვანოს რამდენიმე წრეზე რათა ბავშვს არ გაუჭირდეს ადაპტაცია და სტრესული არ აღმოჩნდეს მისთვის. როდესაც მშობელს სხვადასხვა პრობლემით მოჰყავს ბავშვი, ხშირად აღმოჩნდება, რომ გადატვირთული დღის რეჟიმი და განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნები ბავშვის პრობლემების აღმოცენების ხელშემწყობია.
უნდა იბარებდეს თუ არა მშობელი შვილისგან გაკვეთილს? – რეკომენდაციები
ქეთი არის© გიგოლაშვილი
- ავტორიზებული საჯარო და კერძო სკოლების ჩამონათვალი (07.11.2024) by ARIS.GE-განათლება
- როგორ მივაღწიოთ გაწაფულ კითხვას დაწყებითი კლასის მოსწავლეებში – სავარჯიშოები (III- VI) by მოსწავლის მშობელს
- „სახელმწიფომ ეს უნდა გააცნოს ყველა ბავშვსა და მშობელს“ – იცნობთ ბავშვთა უფლებების კონვენციას? by მოსწავლის მშობელს