როგორ შევადგინოთ უცხო სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონი სწორად – დაწყებითი კლასების ინგლისური ენის სპეციალისტის დამხმარე გაკვეთილი
ინგლისური ენის შესწავლას მოსწავლეები პირველივე კლასიდან, ანბანის სწავლით ცდილობენ, შემდგომ კი, კონკრეტულ სიტყვებს შეიმეცნებენ. ისინი ე.წ. უცხო სიტყვათა ლექსიკონს თავად აწარმოებენ, მშობლებისა და პედაგოგების მეთვალყურეობით. როგორც სპეციალისტთან გავარკვიეთ, ლექსიკონი ერთგვარი რესურსია, რომელიც თუ კარგად არის შედგენილი, მოსწავლეს უცხო სიტყვების დამახსოვრებას უადვილებს.
საკითხზე, თბილისის 41-ე საჯარო სკოლის ინგლისური ენის სპეციალისტი, სოფიო ლათიბაშვილი გვესაუბრება და გვიხსნის რომელი კლასიდან არის აუცილებელი, მოსწავლემ უცხო სიტყათა განმარტებითი ლექსიკონი აწარმოოს ან როგორ უნდა გამოიყურებოდეს ის.
– “დაწყებით საფეხურზე სწავლების მთავარი ამოცანა მოსწავლის მოტივაციის გაძლიერებაა. მათ უნდა შეიყვარონ ენის სწავლის პროცესი, უცხო ენა და მისი კულტურა. რაც შეეხება ლექსიკონის შედგენის დროს, სასურველია, მესამე კლასიდან აწარმოოს. იქიდან გამომდინარე, რომ პირველი კლასისთვის კვირაში ორი გაკვეთილია გათვლილი, კვირაში საშუალოდ 10-12 სიტყვის დასწავლა საკმარისია. მეორე კლასელისთვის დაახლოებით 14-16 სიტყვის დასწავლაა შესაძლებელი. რაც უფრო მატულობს მოსწავლის ასაკი, მისი გონებრივი შესაძლებლობებიც იზრდება. ის, თუ რამდენი სიტყვის სრულყოფილად დასწავლა შეუძლია მოსწავლეს, დამოკიდებულია ენის ათვისების უნარზე”.
როგორი უნდა იყოს უცხო სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონი იმისთვის, რომ სიტყვათა დამახსოვრება მოსწავლეებისთვის უფრო მარტივი გახდეს:
– პირველ რიგში, ვიღებთ უჯრიან რვეულს, ან ბლოკნოტს. სასურველია, რომ იყოს 50-100- ფურცლიანი (იმის მიხედვით, რომელ კლასშია მოსწავლე). წინა გვერდზე აღვნიშნავთ, რომ ლექსიკონია. ვაწერთ კლასს, საგანს, მოსწავლის სახელსა და გვარს. ლექსიკონში ვწერთ მხოლოდ იმ ინგლისურ სიტყვას, რომელიც მოსწავლისათვის გაუგებარია და გვერდით ვუწერთ ქართულ შესატყვისს.
ასევე, ლექსიკონის წარმოებამ რომ სახალისო აქტივობის სახე მიიღოს, თითოეულ სიტყვაზე შესაბამისი ნახატის ჩახატვა შეგვიძლია. დამეთანხმებით, ასე უფრო გამარტივდება დასწავლის პროცესიც. ასევე, აუცილებელია, სიტყვების დასწავლის პროცესში მოსწავლეს გააზრებული ჰქონდეს რაოდენ მნიშვნელოვანია სიტყვათა მარაგი ენის შესწავლისთვის. ეს რვეულები კი კარგად შეინახოს, ზედა კლასებში აუცილებლად გამოიყენებს.
ასევე იხილეთ:
„ხან ბებოს მეძახის, ხან სახელს“ – მასწავლებელი ბებიისა და პირველკლასელი შვილიშვილის ერთი დღე სკოლაში