თბილისის 159-ე საჯარო სკოლის წყალობით, დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში განსხვავებული აღდგომა გათენდება
თბილისის 159-ე საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები, 11 აპრილს, ქალაქ დუშეთის შშმ პირთა პანსიონატს ესტუმრნენ. როგორც ამ აქციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, დიკა სალაყაია EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, პანსიონატის ბენეფიციარებს საჩუქრებთან ერთად სითბო და სიყვარული ჩაუტანეს.
სკოლაში ფუნქციონირებს „სიკეთის ოთახი“, ეს ღონისძიება კი სკოლის საქველმოქმედო პროექტის – „სიკეთე გადამდებიას“ ფარგლებში ჩატარდა. „სიკეთის ოთახი“ სხვადასხვა საჩუქრებით მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა პანსიონატისთვის ერთად გაავსეს.
„სიყვარული არ ისწავლებაო, ალბათ იტყვიან, მაგრამ სიყვარული ისწავლება. ემპათია, თანაგრძნობა, მეგობრობა ეს ხომ სიყვარულია და ჩვენ სწორედ ამას ვასწავლით ბავშებს. ჩვენი სკოლა ის ადგილია, სადაც სითბო, სიყვარული და სიხარულის გაზიარება ისწავლება. ბავშვებს დიდი სიხარულითა და რუდუნებით მოჰქონდათ ნივთები „სიკეთის ოთახში“. ზოგი ბარათებს ამზადებდა, ზოგი გიტარაზე დაკვრას გვთავაზობდა, ზოგსაც წიგნები მოჰქონდა… ერთ-ერთმა მოსწავლემ ფაქიზად ჩალაგებული რვეული და კალამი მოგვიტანა და გვითხრა, იქნებ მათაც ბარათი აქვთ დასაწერი ვინმესთან გასაგზავნად და ფურცელი არ აქვთო. ერთმა კი თქვა, დედა უგემრიელეს ღვეზელებს აცხობს და სპეციალურად მათთვის მოვამზადებინეო. ღვეზელების დიდი ჩანთით იდგა ეს მეათე კლასის მოსწავლე დერეფანში“, – მოყვა მასწავლებელმა EDU.ARIS.GE-სთან.
დუშეთში ჩასულმა 159-ე სკოლელებმა კონცერტი გაიმართეს, რომელშიც მომღერალი საბა ღურწკაია და სკოლასთან არსებული ანსამბლი „ლალე“ მონაწილეობდა. აქციის მოსამზადებელ სამუშაოებში აქტიურად იყო ჩართული სკოლის დირექტორი თამილა გვარამაძე, სასწავლო ნაწილი ლია ძნელაძე, რომელმაც პანსიონატის ბენეფიციარებისთვის თავად დაამზადა წითელი ბუშტების თაიგული. აქციაში მონაწილეობდნენ ასევე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნუნუ ბარბაქაძე, მამა გურამ ოთხოზორია…
„პანსიონატში ჩვენთან ერთად წამოვიდა მამამ გურამ ოთხოზორია, რომელიც მუდამ ჩვენ გვერდით არის სიკეთის აქციებზე და მისი ლოცვით, მადლით და სიყვარულით ასეთი დღეები კიდევ უფრო ლამაზი გამოდის. ეს სიხარულის და უკიდეგანო სიყვარულის ზეიმი იყო, რომელმაც გაგვაერთიანა ძალიან ბევრი ადამიანი.
„დუშეთის შშმ პანსიონატს ბინადრები ძალიან ბედნიერები იყვნენ და თვითონაც ძალიან ბევრი იცეკვეს. მეექვსე კლასმა და მათმა დამრიგებელმა, ნია ხუციშვილმა, სააღდგომო ტკბილეული ჩაუტანეს ბენეფიციარებს. აღდგომა ხომ ყველასია და ძალიან გვიხარია, რომ პანსიონატში ალბათ გამორჩეული და განსაკუთრებული აღდგომა გათენდება. რაც მთავარია, ბავშვებმა დაინახეს და შეიგრძნეს, რომ ემპათია მხოლოდ ტერმინი არ არის და ეს უდიდესი უნარია. ჩვენი აქციის შედეგად ხომ სითბოს მოწყურებული ადამიანები ძალიან ბედნიერები იყვნენ და ეს არის ყველაფერზე მნიშვნელოვანი. იმდენი სიკეთის ზღვა გვქონდა დუშეთში წასაღები, ტრანსპორტში ვერ ვატევდით“, – გვითხრა დიკა სალაყაიამ.
ასევე იხილეთ:
„ბავშვები კეთილები, მომთმენები და მზრუნველები ხდებიან“ – რა უვითარებს ბავშვებს ადამიანურ თვისებებს