ასე ასწავლიან და შეაფასებენ მოსწავლეს სკოლაში – ახალი ესგ-ის „მნიშვნელოვანი“, „ფილოსოფიური“ და კოსმეტიკური ცვლილებები გასაგებ ენაზე
საგნობრივი ტრენერი, ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლიდან, 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი, რუსუდან გონაშვილი ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის გამოქვეყნების შემდეგ სქელტანიან დოკუმენტს მშობლის, მასწავლებლისა და მოსწავლისთვის გასაგებ ენაზე ჰყვება და ჩვენთან საუბარში ახალი ესგ-ის ცვლილებებს პრაქტიკაში გადატანის კუთხითაც აანალიზებს.
სპეციალისტი ესგ-ის დოკუმენტს, როგორც საგანმანათლებლო იდეას, დადებითად უყურებს, თუმცა ხედავს რისკებს და იმასაც აღნიშნავს, რომ სიახლეები მასში მცირეა ან სულაც არ არის.
EDU.ARIS.GE-ს ერთ-ერთ მთავარ კითხვაზე კი, დააახლოვა თუ არა ახალმა დოკუმენტმა მოსწავლე და მასწავლებელი იმისთვის, რომ უკეთეს შედეგზე გავიდნენ, გვპასუხობს, რომ “ნამდვილად არა”.
“ცვლილების ფილოსოფია მგონია, რომ სწორია, მაგრამ პრაქტიკაში მისი წარმატება ძალიან ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული. მაგალითად, დადებითად შეიძლება მივიჩნიო ის, რომ აქცენტი “რა ვისწავლედან” ნამდვილად გადატანილია შემდეგზე – “რა შეძლო მოსწავლემ”. მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა მაქვს: ეს ყველაფერი რეალურად ახალი ნამდვილად არ არის. კარგი მასწავლებლების დიდი ნაწილი სწორედ ასე მუშაობდა აქამდეც. მიზანი თუ არ განსაზღვრე, აქტიური დავალებები თუ არ შეადგინე, საბოლოო პროდუქტი თუ შენ თავად არ გაქვს წარმოსახვაში რა უნდა მიიღო, რუბრიკები, უკუკავშირი, რეფლექსია… ამიტომ, აქ ახალი არაფერი არ არის, ახალი უფრო ისაა, რომ ახლა ეს მიდგომა ნორმატიულად ბევრად მკაფიოდ და უფრო სავალდებულო ლოგიკაშია მოქცეულია.
მაშ, რას ასწავლიან და როგორ შეაფასებენ მოსწავლეს სკოლაში განახლებილი ეროვნული სასწავლო გეგმით?
მენტორი მასწავლებელის შინაარსობრივი ანალიზი ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ გასაგებ ენაზე ასეთია:
წავიკითხე №116/ნ ბრძანების ოფიციალური ტექსტი და ერთმანეთისგან გავმიჯნავ იმას, რაც ნამდვილად წერია და იმას, რაც ჩემეული დასკვნაა.
ოფიციალური დოკუმენტი: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე — №116/ნ, 4 სექტემბერი 2026. №116/ნ-ში არის 12 დანართი და საათობრივი ბადე დანართ №1-ით შემოდის, ამიტომ საათების კონკრეტულ ციფრებს აქ არ შევეხები, ისინი სწორედ დანართ №1-დან უნდა ამოიკითხოთ.
№116/ნ – რა იცვლება რეალურად?
ეს ბრძანება მხოლოდ „ახალი პროგრამების“ დამატება არ არის. ის ცვლის ეროვნული სასწავლო გეგმის რამდენიმე ძირითად პრინციპს:
1. რა არის სწავლის შედეგი;
2. როგორ უნდა დაიგეგმოს სწავლება;
3. როგორ უნდა შეფასდეს მოსწავლე;
4. როგორი უნდა იყოს შემაჯამებელი დავალება;
5. როგორ უნდა დაიგეგმოს ქართული ენა და ლიტერატურა;
6. რომელ კლასებში და როდის ამოქმედდება ახალი საგნობრივი სტანდარტები;
7. რა ახალი არჩევითი საგნები შეიძლება შესთავაზოს სკოლამ.
1. მთავარი იდეა – „რა იცის?“ აღარ არის საკმარისი. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მისია პირდაპირ განისაზღვრება როგორც მოსწავლის ჰოლისტური განვითარება – შემეცნებითი, ფიზიკური და ფსიქო-სოციალური. საფეხურების მიხედვით აქცენტები განსხვავებულია:
- დაწყებითში – წიგნიერების, რაოდენობრივი წიგნიერების, თვითმართვის საფუძვლები;
- საბაზოზე – ფუნქციური ცოდნა, დამოუკიდებელი სწავლა, სამოქალაქო ცნობიერება;
- საშუალოზე – სისტემური ცოდნის ინტეგრირება, კრიტიკული ანალიზი, პროფესიული ორიენტაცია.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებში პირდაპირ წერია:
- ინფორმაციის კრიტიკული გააზრება;
- არგუმენტირებული აზრის ჩამოყალიბება;
- კულტურული მრავალფეროვნების გააზრება;
- ანალიტიკური აზროვნება;
- პრობლემის გადაჭრა;
- მეტაკოგნიტური რეფლექსია;
- ცოდნის ტრანსფერი;
- სამოქალაქო პასუხისმგებლობა.
ადამიანურად რომ ვთქვათ, მასწავლებლის მიზანი აღარ არის მხოლოდ: „მე-10 კლასში ეს თემები უნდა გავიარო.“ მიზანი უნდა იყოს: „ამ თემის სწავლის შემდეგ მოსწავლემ რა უნდა შეძლოს?“
2. სწავლის შედეგი სამ ნაწილად იყოფა. №116/ნ-ში სწავლის შედეგი სამი კომპონენტის ერთობლიობად განისაზღვრა:
1. საგნობრივი ცოდნა
ცნებები, ფაქტები, თეორიები;
2. ფუნქციური კომპეტენციები
როგორ იყენებს მოსწავლე მიღებულ ცოდნას;
3. ღირებულებითი ასპექტები
დამოკიდებულებები, პრინციპები, ეთიკური და სამოქალაქო პასუხისმგებლობა.
ეს ქართული ენისა და ლიტერატურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მაგალითად, ვაჟას ტექსტის სწავლა მხოლოდ პერსონაჟების დახასიათება აღარ უნდა იყოს. (თითქოს აქამდე ეს იყო მხოლოდ) მოსწავლემ უნდა შეძლოს: ტექსტის გაგება – გაანალიზება – საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება – სხვა კონტექსტში გამოყენება.
3. „შუალედური მიზანი“ – ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. ბრძანებაში წერია, რომ შუალედური მიზანი განისაზღვრება მოსწავლის მიერ შესრულებული შემოქმედებითი პროდუქტით. ამ პროდუქტმა მოსწავლეს უნდა მისცეს შესაძლებლობა:
- საკუთარი ხედვა გამოხატოს;
- საკუთარი ინტერესები გაითვალისწინოს;
- აჩვენოს, რამდენად ღრმად გაიაზრა საკითხი;
- მიღებული ცოდნა ფუნქციურად გამოიყენოს.
მაგალითად, ქართულში ტექსტის შემდეგ პროდუქტი შეიძლება იყოს:
- არგუმენტირებული ესე;
- პოდკასტის სცენარი;
- პერსონაჟის დღიური;
- სასამართლო პროცესი;
- დოკუმენტური მინი-კვლევა;
- ინტერვიუს მოდელი;
- ვიდეოს სცენარი;
- წერილი პერსონაჟს;
- კვლევითი ანგარიში.
ანუ პროდუქტი ხდება იმის მტკიცებულება, რომ მოსწავლემ ცოდნა ნამდვილად გაიაზრა.
4. შეფასების მთავარი მიზანიც იცვლება. №116/ნ პირდაპირ ამბობს: მოსწავლის შეფასების მთავარი მიზანია მისი სწავლის პროცესის ხარისხის მართვა. ამასთან, შეფასება უნდა ეფუძნებოდეს შუალედური მიზნების ფარგლებში მოსწავლის მიერ შესრულებულ შემოქმედებითი ბუნების სამუშაოს. ეს , ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ფილოსოფიური ცვლილებაა. ადრე შეიძლება გვეფიქრა: შეფასება = ქულა. ახალი მიდგომაა: შეფასება = ინფორმაცია → რა ისწავლა → რა უჭირს → რა უნდა გავაკეთოთ შემდეგ.
5. შეფასება სამ დონეზეა. ბრძანება გამოყოფს:
საკლასო დონეს-მასწავლებლის განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.
სასკოლო დონეს-სკოლა აანალიზებს სწავლა-სწავლების ძლიერ და სუსტ მხარეებს.
სისტემურ დონეს- გარე შეფასებები – ეროვნული შეფასებები, PISA, PIRLS, TIMSS და სხვ.
6. ცვლილება – სემესტრული შეფასების სამი კომპონენტი. საჯარო სკოლაში მოსწავლე სემესტრის განმავლობაში ფასდება:
1. მიმდინარე საშინაო დავალებით;
2. მიმდინარე საკლასო დავალებით;
3. შემაჯამებელი დავალებით.
სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს. ეს ნიშნავს, რომ ახალი წესით შეფასების სისტემაში არც საკლასო, არც საშინაო და არც შემაჯამებელი კომპონენტი ავტომატურად არ არის „უფრო მნიშვნელოვანი“, მაგრამ არის გამონაკლისი – სკოლას შეუძლია რომელიმე საგანში შეფასებისთვის მხოლოდ შემაჯამებელი კომპონენტის გამოყენება, მაგრამ ეს უბრალოდ სკოლის გადაწყვეტილება აღარ არის. საჯარო სკოლამ ამის დასაბუთება უნდა წარუდგინოს შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრს შესათანხმებლად. ეს მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სიახლეა.
7. I–IV კლასები და V კლასის პირველი სემესტრი. აქ წესი ძალიან მკაფიოა:
I–IV კლასები – ყველა შეფასების კომპონენტში – მხოლოდ განმავითარებელი შეფასება.
V კლასის I სემესტრი- ასევე – მხოლოდ განმავითარებელი შეფასება. გარდა ამისა, I–VI კლასებში საშინაო დავალება მხოლოდ განმავითარებლად ფასდება. ანუ, პირველკლასელს საშინაო დავალებაზე განმსაზღვრელი ნიშანი არ უნდა დაუწერო.
8. V კლასის II სემესტრიდან – შემაჯამებლების მინიმალური რაოდენობა, V კლასის მეორე სემესტრიდან, VI კლასში და საბაზო-საშუალო საფეხურებზე თითოეული საგნისთვის სასკოლო სასწავლო გეგმამ უნდა განსაზღვროს: სემესტრში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა თემების მიხედვით. ანუ კათედრისთვის უკვე მნიშვნელოვანი ხდება: თემა → შუალედური მიზანი → პროდუქტი → შემაჯამებელი → რუბრიკა.
9. როგორი უნდა იყოს შემაჯამებელი? აქ №116/ნ საკმაოდ მკაცრია. შემაჯამებელში სავალდებულოა შემოქმედებითი და კონტექსტის მქონე დავალებების გამოყენება. დავალებამ უნდა მოითხოვოს:
- ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება;
- კომპლექსური პრობლემის გადაჭრა.
ბრძანება პირდაპირ ასახელებს მაგალითებს:
• ესე;
• პროექტი;
• კვლევითი/საველე ანგარიში;
• შემოქმედებითი პროდუქტი;
• მონაცემთა ანალიზი და სხვა.
ანუ: „შემაჯამებელი = ტესტი“ აღარ არის სწორი უნივერსალური მიდგომა. ტესტი შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში სასწავლო ინსტრუმენტი იყოს, მაგრამ ახალი მოთხოვნა შემაჯამებელ კომპონენტში შემოქმედებით, კონტექსტურ და ფუნქციურ დავალებებს ითხოვს.
10. რუბრიკა სავალდებულოა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია შემაჯამებელი დავალებისთვის:
წინასწარ უნდა იყოს შემუშავებული შეფასების კრიტერიუმები/რუბრიკა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლემ ეს რუბრიკა წინასწარ უნდა მიიღოს. ანუ ჯერ: „აი, რას მოგთხოვ და აი, როგორ შეგაფასებ“ და შემდეგ: დავალების შესრულება.
11. თუ მოსწავლემ შემაჯამებელი გააცდინა? სკოლა ვალდებულია, მისცეს აღდგენის შესაძლებლობა. აღდგენის ვადები და ფორმა უნდა განისაზღვროს სკოლის სასწავლო გეგმით. ეს ნიშნავს, რომ მასწავლებელმა/სკოლამ წინასწარ უნდა იცოდეს:
- როდის აღადგენს;
- როგორ აღადგენს;
- რა წესით ფასდება.
12. სემესტრული ქულის დათვლისას ყველა შემაჯამებელი უნდა გაითვალისწინო. ბრძანება პირდაპირ ამბობს, რომ სემესტრული ქულის გამოსათვლელად გათვალისწინებული უნდა იყოს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შემაჯამებელი დავალებების სრული რაოდენობა. ანუ თუ სასკოლო სასწავლო გეგმაში წერია, რომ სემესტრში უნდა ჩატარდეს 5 შემაჯამებელი, საბოლოო შეფასებისას ამ 5-ის შედეგი უნდა იყოს გათვალისწინებული.
13. თუ მოსწავლე სხვა სკოლაში გადავიდა – სემესტრის განმავლობაში სკოლიდან სკოლაში გადასვლისას შეფასებაში აისახება:
- ძველ სკოლაში შესრულებული შემაჯამებლები;
- ახალ სკოლაში შესრულებული შემაჯამებლები.
ასევე, თუ ახალ სკოლაში ისეთი განსხვავებული საგანია, რომელიც ძველ სკოლაში არ უსწავლია, ამისთვის სპეციალური წესია გაწერილი.
14. 10-ქულიანი შეფასება რჩება. 10-ქულიანი სისტემა არ უქმდება.
15. განმავითარებელი შეფასება აღარ არის უბრალოდ „კომენტარი“. ახალი წესით მოსწავლე თავადაც არის განმავითარებელი შეფასების აქტიური მონაწილე. ანუ მოსწავლე ჩართულია შეფასებისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვებასა და დამუშავებაში. ამიტომ, პრაქტიკულად უფრო მნიშვნელოვანი ხდება: თვითშეფასება + თანატოლთა შეფასება + მასწავლებლის უკუკავშირი + რეფლექსია.
16. რემედიაცია. თუ მოსწავლეს აკადემიური შეფერხება აქვს, სკოლამ ის ადრეულ ეტაპზე უნდა გამოავლინოს და შესაბამისი მხარდაჭერა უზრუნველყოს. რემედიაციის პროგრამა კონკრეტული მოსწავლის საჭიროებების მიხედვით იქმნება. კიდევ უფრო კონკრეტული მოთხოვნაა: თუ მოსწავლეს რომელიმე საგანში 5.0-ზე დაბალი წლიური შეფასება აქვს, სკოლამ მას საშემოდგომო გამოცდამდე რემედიაციის პროგრამა უნდა შესთავაზოს.
17. ქართული ენა და ლიტერატურა – ეს ფილოლოგებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება. აქ წესი ზუსტად ასეა ჩამოყალიბებული: I–VI – ქართული ენა და ლიტერატურა; VII – ქართული ენა + ქართული ლიტერატურა; VIII – ქართული ენა და ლიტერატურა; IX – ქართული ენა + ქართული ლიტერატურა; X–XII – ქართული ენა და ლიტერატურა.
18. რას ნიშნავს ეს VII და IX კლასებისთვის? ბრძანება საგნობრივ სტრუქტურაში ცალკე გამოყოფს:
- ქართულ ენას;
- ქართულ ლიტერატურას.
ამიტომ VII და IX კლასების სასწავლო დაგეგმვისას ეს ორი მიმართულება ცალსახად უნდა გაიმიჯნოს.
19. ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივ ჯგუფში ახალი არჩევითი საგნებია
დაემატა/დაზუსტდა:
- ფოლკლორი და მითოლოგია
- XIX–XX საუკუნის დასავლური ლიტერატურა
- მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენა
- მედიაწიგნიერება
- ფინანსური წიგნიერება
- ციფრული წიგნიერება
- ხელოვნური ინტელექტი.
ამასთან, არჩევითი საგნების ცხრილში ფოლკლორი და მითოლოგია – 2-სემესტრიანი მოდული, X/XI/XII კლასებში; XIX–XX საუკუნის დასავლური ლიტერატურა – 2-სემესტრიანი მოდული, X/XI/XII კლასებში. (ეს საათები, ალბათ, ის საათებია, საჭირო ადამიანებისათვის რომ ინახავენ ხოლმე)
20. ხელოვნური ინტელექტი ცალკე არჩევით მიმართულებადაც ჩნდება. №116/ნ-ის არჩევით საგანთა ნუსხაში არის: „ციფრული წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი“ – ერთსემესტრიანი მოდული, X/XI/XII კლასებისთვის. ეს უკვე საინტერესოა ქართული ენის მასწავლებლისთვისაც, რადგან AI ცალკე საგნობრივ/არჩევით მიმართულებად შემოდის და არა მხოლოდ ტექნოლოგიის გამოყენების არაფორმალურ ნაწილად. (დიდი სიამოვნებით ჩავატარებდი ამ საგანს ჩემს სკოლაში, უფრო მეტიც, მოდულადაც კი შევთავაზებდი ნებისმიერ სკოლას, თავის დროზე სავალდებულო ტრენინგებისას ტექნოლოგიების გამოყენება ქართულ ენასა და ლიტერატურაში თუ გამომივიდა და მთელი საქართველოს მასწავლებლები იმ ჩემი დაწერილი მოდულებით გადამზადდნენ, არც ეს გამომივიდოდა ცუდად, მაგრამ არავისაც არ უნდა).
21. პირველი უცხოური ენა
- ახალი ჩანაწერით:
პირველი უცხოური ენა – II–XII კლასებში; - II კლასიდან სავალდებულოა ინგლისური;
- მეორე უცხოური ენა – V კლასიდან;
- სკოლამ მოსწავლეებს მინიმუმ ორი უცხოური ენა უნდა შესთავაზოს ასარჩევად.
საჯარო სკოლას შეუძლია დაწყებით და საბაზო საფეხურებზე მეორე უცხოური ენის შეცვლა, მაგრამ ამისთვის სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებაა საჭირო.
22. ისტორიის ცვლილება. ისტორიის საგნობრივ ჯგუფში ახალი განაწილება ასეთია:
- VII – მსოფლიოს ისტორია
- VIII–IX – ისტორია
- XI–XII – ისტორია
- VII და X–XII – საქართველოს ისტორია.
ამავე დროს: მოქალაქეობა – VII–XII კლასებში, ხოლო XI–XII კლასებში გათვალისწინებულია სავალდებულო პროექტებით სწავლება.
23. ახალი არჩევითი საგნების სია საკმაოდ ფართოვდება
№116/ნ-ის არჩევით საგანთა ცხრილში არის, მათ შორის:
- მედიაწიგნიერება;
- ფინანსური წიგნიერება;
- ციფრული წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი;
- ამერიკისმცოდნეობა;
- გეოგრაფიული კვლევა;
- ეკონომიკის საფუძვლები;
- მეწარმეობის საფუძვლები;
- კომპიუტერული მეცნიერება;
- მსოფლიო კულტურა;
- მულტიმედია და დიზაინი;
- ფოლკლორი და მითოლოგია;
- XIX–XX საუკუნის დასავლური ლიტერატურა;
- საქართველოს ეთნოგრაფია;
- სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა;
- გარემო და მდგრადი განვითარება და სხვ.
24. მცირე სკოლებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილება
მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში დაშვებულია კლას-კომპლექტების შექმნა. ძირითადი წესი:
- ერთ კლას-კომპლექტში მაქსიმუმ ორი კლასი;
- მოსწავლეთა საერთო რაოდენობა – მაქსიმუმ 10;
- I–IV კლასებში შესაძლებელია სხვადასხვა კომბინაცია;
- სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის საგნებში შეიძლება რამდენიმე კლასის გაერთიანება;
- ასეთ კლასებში სწავლება მთლიანად დიფერენცირებულ მიდგომებს უნდა დაეფუძნოს.
25. სასწავლო კვირა-საჯარო სკოლაში სასწავლო კვირა ხუთდღიანია. თუ გაუთვალისწინებელი მიზეზით სასწავლო დღე გაცდა, სკოლამ ის უნდა აღადგინოს და სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია. თუ სკოლას ობიექტური მიზეზით დასვენების დღის განსაზღვრა სურს, ეს სამინისტროსთან უნდა შეათანხმოს და გაცდენილი დღე აღადგინოს.
26. ახალი სტანდარტები ერთბაშად ყველა კლასში არ შედის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ აქ შეიძლება ბევრი გაუგებრობა გაჩნდეს. №116/ნ არ ამბობს: „2026 წლის სექტემბრიდან ყველა კლასი ახალ პროგრამაზე გადადის.“ პირიქით, სხვადასხვა სტანდარტს სხვადასხვა ამოქმედების ვადა აქვს. 2026–2027 სასწავლო წლიდან ცვლილებების გარკვეული ნაწილი იწყება კონკრეტულად:
- I კლასში;
- V კლასში;
- VII კლასში;
- IX კლასში;
- X კლასში;
ხოლო რიგი სტანდარტები დანარჩენ კლასებში 2028–2029 სასწავლო წლიდან ამოქმედდება. ეს ნიშნავს, რომ 2026–2027 სასწავლო წელი გარდამავალი ეტაპია.
27. კონკრეტულად ქართული ენისთვის რას ნიშნავს ეს? ბრძანების მე-12 მუხლი ამბობს, რომ VII და IX კლასებში ქართული იყოფა: ქართული ენა + ქართული ლიტერატურა. მაგრამ საგნობრივი სტანდარტების ამოქმედება ეტაპობრივია და 2026–2027-ში ახალი სტანდარტები მხოლოდ მითითებულ კლასებში შედის. ამიტომ არასწორი იქნება იმის თქმა, რომ: „2026–2027 წლიდან ყველა X–XII კლასის ქართული მთლიანად ახალი პროგრამით ისწავლება.“ არა, ბრძანება ეტაპობრივად ამოქმედებს სხვადასხვა სტანდარტს.
28. და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი – მასწავლებელს პრაქტიკაში რა მოუწევს? მე ამას ასე დავყოფდი: ადრე იყო: თემა → გაკვეთილები → შემაჯამებელი → ქულა, ახალი მიდგომით იქნება: თემა → მიზანი/სწავლის შედეგი → შუალედური მიზანი → შემოქმედებითი პროდუქტი → შეფასების კრიტერიუმები → შემაჯამებელი → უკუკავშირი → რეფლექსია. ეს არის №116/ნ-ის რეალური ლოგიკა.
29. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ამ ბოლო ცვლილებებით ყოველი თემის დაგეგმვისას უნდა შეეძლოს უპასუხოს კითხვებს: (თითქოს არ აკეთებდა აქამდე)
- რა უნდა გაიგოს მოსწავლემ?
- რა უნდა შეძლოს ამ ცოდნით?
- რა პროდუქტის შექმნით დამიმტკიცებს, რომ ეს შეძლო?
- რა კრიტერიუმებით შევაფასებ?
- იცის თუ არა მოსწავლემ ეს კრიტერიუმები წინასწარ?
- სად და როგორ გამოვიყენებ განმავითარებელ შეფასებას?
- როგორ ჩავრთავ მოსწავლეს თვითშეფასება/რეფლექსიაში?”.
– ქალბატონო რუსუდან, რას მიესალმებით განახლებულ ესგ- ში?
– ერთადერთი, რაც მე აქ მომწონს, ნამდვილად არის შემოქმედებითი პროდუქტების შემოღება. ეს განსაკუთრებით ქართული ლიტერატურისთვის არის ძალიან სწორი, რადგან ლიტერატურა მხოლოდ მოსწავლის ცოდნის შემოწმებით არ უნდა დასრულდეს. კარგია შეფასება, როგორც სწავლის მართვა, სხვანაირად ვერ გაიგებ, რა ისწვლა და რა ვერა მოსწავლემ. ტრანსფერი და ფუნქციური ცოდნის მიმართულებაც მნიშვნელოვანი ცვლილება მგონია, სწორედ აქ ჩანს მართლა გაიგო თუ არა მოსწავლემ და გამოიყენებს თუ არა რამეში ცოდნას. ყველაზე მნიშვნელოვნად კი მიმაჩნია AI და ციფრული მეცნიერების ცალკე მიმართულებად გაჩენა. ეს ძალიან საინტერესო შესაძლებლობის გაჩენააა სკოლებისათვის, თუმცა იმ საუბრის ფონზე, რომ სკოლებში ტელეფონები და ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება უნდა აიკრძალოს, ვფიქრობ, ამით ძალიან უკან დაწევენ ჩვენს მოსწავლეებს.
– რა რისკებს ხედავთ დღეს?
– იდეაში ძალიან კარგი ცვლილებებია და ბევრჯერ დაწერილა ძალიან კარგი, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი 28-წლიანი მასწავლებლობის გამოცდილებიდან არცერთი დაწყებული რეფორმა ბოლომდე მიტანილი არ მინახავს, ისე რომ გვეთქვას – “შედეგი ვნახეთ”. მართლა არ მინახავს და გული მწყდება. საკუთარ თავზეც გამოვცადე, როდესაც 9 წელი დამჭირდა მენტორობამდე და ამის შემდეგ ყველაფერი გაანულეს. ზოგადად, არცერთი ცვლილება, რა სახითაც დაანონსდა, ბოლომდე არ მისულა. ახლაც ეს მგონია მთავარი რისკი, რომ კარგი საგანმანათლებლო იდეა ბიუროკრატიულ ფორმალობად არ გადაიქცეს. თუ მასწავლებელს ყვველა თემაზე მოუწევს ასე ფორმალურად შეავსოს – მიზანი, შუალედური მიზანი, პროდუქტი, შემაჯამებელი, მერე რეფლექსია და მას რეალურად ვერ ექნება დრო, რესურსი და მხარდაჭერა, მაშინ ცვლილება ისევ ქაღალდზე დარჩება. ბევრ სკოლაში იმის რესურსი ნამდვილად არ არის, რომ ეს ყველაფერი, ასე ლამაზად ჩამოწერილი, შესრულდეს. მაშინ მასწავლებელმა ისევ საკუთარი დროის, რერსურსისა და ფინანსების ხარჯზე უნდა შეასრულოს. ისევ ისე მოუწევს, რასაც აქამდე აკეთებდა მასწავლებელი. აი, ეს მგონია ძალიან დიდი რისკი.
მეორე დიდი რისკი, რასაც მე ვხედავ, არის შემოქმედებითი პროდუქტის გაიგივება უბრალო ლამაზ აქტივობებთან. გვიწერია პოსტერი, ვიდეო, პოდკასტი და ჩამოთვლილია რა სახის შემოქმედებითი დავალებები შეიძლება იყოს. ეს ძალიან კარგია და მართლა შემოქმედებითი დავალებებია, მაგრამ ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ მოსწავლემ რაღაც სიღრმისეულად ისწავლა ხომ?! მთავარი კითხვა უნდა იყოს, რა ცოდნა და უნარი გამოავლინა ამ პროდუქტმა. ამიტომ, მასწავლებელი ამას რანაირად გააკეთებს, როგორ მიიტანს მოსწავლემდე და მოსწავლე როგორ გააკეთებს, ესეც საკითხავია.
– გულისხმობთ კომპლექსური დავალებების ბედს ხომ არ გაიზიარებს?
დიახ, რა თქმა უნდა.
კიდევ ერთი საკითხი, რასაც მინდა შევეხო ისაა, რომ შემაჯამებელი დავალება ტესტი აღარ უნდა იყოს ახალი ესგ-ის თანახმად. კი, რაღაც კუთხით შეიძლება ბევრ რამეს ვერ ამოწმებს ეს ტესტი, მაგრამ ტესტის მთლიანად ცუდ ფორმად ქცევა მიმაჩნია, რომ ძალიან ცუდი რამეა. იმიტომ, რომ კონკრეტული ცოდნის ძალიან სწრაფად და ზუსტად შემოწმებას ზოგჯერ ტესტი ძალიან კარგად აკეთებს, მთავარია მისი აზრი და მიზანი.
– რა მოლოდინები გაქვთ განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმისგან, ახალი დოკუმენტის დადებით გავლენას მოსწავლეების შედეგებში დავინახავთ?
– ჩემი მოლოდინები და მწარე გამოცდილება, უფრო იქით იხრება, რომ ესეც მალე შეიცვლება და დარჩება ქაღალდზე ძალიან ლამაზად დაწერილი. კიდევ ვამბობ, რომ იდეა კარგია, მაგრამ მე არ ვიცი რამდენად ხანგრძლივად დარჩება ის, რაც ახლა მივიღეთ. ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი სწრაფად იცვლება, მაგრამ რაც განათლებაში გვაქვს ცვლილებების სისწრაფე, ასეთი, მგონი, არცერთ სფეროში და ეს მასწავლებელშიც ძალიან დიდ უნდობლობას იწვევს. შენ აკეთებ იმას, რასაც სახელმწიფო გთხოვს, სადღაც ერთ წელიწადში გეუბნებიან, რომ არა, თურმე შენ ყველაფერი არასწორად გიკეთებია, ან შეცდომაა, რაც შენ გააკეთე. ან გეუბნებიან ერთს, და სინამდვილეში ბოლოს აღმოჩნდება, რომ ვინც აკეთებს ის წაგებულია, იმიტომ, რომ ვინც არაფერი გააკეთა, ის ყოველთვის მოგებულია. რეალურად ეს სურათი გვაქვს და ეს არ არის ჩემი სუბიექტური პოზიცია, ეს ფაქტია.
ამ დოკუმენტმა საქმეზე საქმე დაუმატა მასწავლებელს, ახალი ფორმალური საბუთებით და შედეგად, მასწავლებელს მოსწავლისთვის ელემენტარულად ან საერთოდ არ დარჩება დრო, ან ძალიან ცოდა დრო დარჩება.
საგნობრივი სტანდარტები საგნების მიხედვით მოცემულია საქართველოს განათლების მინისტრის 7 სექტემბრის ბრძანებაში – 12 ფაილად.
EDU.ARIS.GE საგნობრივი სტანდარტების თაობაზე წერას გააგრძელებს.
-
„მასწავლებელმა თვითონ უნდა იცოდეს, რა დროს გამოიყენოს მობილური – ამის კარნახი რაღაცნაირად უპატივცემულობაცაა“
by ARIS.GE-განათლება
-
„არ გვაქვს ილუზია, რომ წელს დავასრულებთ ყველა სკოლას – დავაჩქარებთ და მივიღებთ ისევ უხარისხოს“
by ARIS.GE-განათლება
-
რა უფლებები და ვალდებულებები აქვთ ფსიქოლოგს და სპეციალურ მასწავლებელს ელექტრონულ ჟურნალზე მუშაობისას – განახლებული წესი
by ARIS.GE-განათლება