GE
2 თებერვალი, 2026 17:10

სასკოლო ფორმის ტარების ვალდებულება ყველა მოსწავლეზე არ გავრცელდება – ინფორმაცია მშობლებს

სასკოლო საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების I-VI კლასების მოსწავლეებისთვის, 2026-2027 სასწავლო წლიდან, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება. ამ სიახლეს ითვალისწინებს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია, რომლის საფუძველზეც მომზადებული საქართველოს კანონის პროექტი ახლა უკვე პარლამენტშია.

კანონპროექტში, სახელწოდებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ფორმასთან დაკავშირებით აქამდე დაანონსებულ ცვლილებებთან ერთად, საუბარია იმაზეც, თუ რა შემთხვევაში გათავისუფლდება დაწყებითი საფეხურის მოსწავლე სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ტარების ვალდებულებისგან.

კანონპროექტის თანახმად, საჯარო სკოლის მოსწავლე ამ ვალდებულებისგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეიძლება გათავისუფლდეს.

„მოსწავლე საჯარო სკოლაში, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, ატარებს სასკოლო ფორმის ტანსაცმელს.

ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე საჯარო სკოლის მოსწავლისთვის სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ტარება სავალდებულოა.

სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ტარების ვალდებულებისგან საჯარო სკოლის მოსწავლე შეიძლება გათავისუფლდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამინისტროსთან საჯარო სკოლის წერილობით შეთანხმებული გადაწყვეტილებით“, – წერია კანონპროექტში.

ამასთან, პარლამენტში წარდგენილ კანონის პროექტში ვკითხულობთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფის ღონისძიებები, მათ შორის, ნიმუშის, საფასურის, რეალიზებისა და გადაცემის წესი, 2026 წლის 1-ელ ივნისამდე უნდა დაადგინოს.

მთავრობამ კი, განათლების სამინისტროს წარდგინებით, 2026 წლის 1-ელ ივნისამდე, სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამა უნდა დაამტკიცოს.

კანონპროექტი:

ახალი დეტალები სასკოლო სიახლეებიდან – რა წერია კანონპროექტში, რომელსაც პარლამენტი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს

ასევე იხილეთ:

განათლების სამინისტრო მოსწავლეების სასკოლო ფორმებს თავისი გემოვნებით შეარჩევს

schools.ge (ნ)