GE
25 დეკემბერი, 2024 10:45

„შეარჩიეთ საგანმანათლებლო თემატიკა“ – უფროსკლასელების მასწავლებელი „ტიკ-ტოკ“ ტრენდებზე კოლეგებს ესაუბრება

„ჩემი უფროსკლასელების ინტერესი სოციალური ქსელების მიმართ მზარდია. როცა აბიტურიენტს საგამოცდო წელი აქვს, ალბათ, უმჯობესია, მშობელიც და პედაგოგიც კიდევ უფრო ყურადღებიანი გახდეს”, – ამის შესახებ უფროსკლასელების მასწავლებელი, მარიამ ობოლაძე EDU.ARIS.GE-ს დღეს, 25 დეკემბერს ესაუბრება.

სამოქალაქო განათლების სპეციალისტი, რომელიც მოსწავლეებთან ერთად „ტიკ-ტოკზე“ ტრენდებს თავადაც მიჰყვება, გვიხსნის როგორ შეიძლება დავაბალანსოთ მისი გამოყენება ზედა კლასებში.

„მოქალაქეობას ვასწავლი მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით. როცა მასწავლებელი თავადაც არის ამ პლატფორმის მომხმარებელი, გარკვეული გავლენა აქვს მოსწავლეზე, იცნობს გამოწვევებს, იცავს მოსწავლესა და მის უსაფრთხოებას. თინეიჯერების ინტერესები უსაზღვროა და ვფიქრობ, პედაგოგი უნდა მოერგოს ამ ინტერესებს. ვცდილობთ ვიხალისოთ, კლასელებმა ერთმანეთი დადებით მომენტებში გაიცნონ, დაახლოვდნენ, ერთად იცინონ და ა.შ. სასკოლო ცხოვრება მათთვის გახდეს უფრო სასურველი და არა რუტინა”, – გვითხრა მარიამმა.

პედაგოგის რჩევები კოლეგებს:

შეისწავლეთ „ტიკ-ტოკ“-ის ის ტრენდები, რომლებიც ახლა განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში. თუ თავად არ იცით, როგორ მუშაობს ეს პლატფორმა, ვერ დაეხმარებით მოსწავლეს.

შექმენით საკუთარი ტრენდი და მოსწავლეები ჩართეთ მაქსიმალურად. აჩვენეთ, თქვენ როგორ იღებთ ვიდეოს პლატფორმისთვის და დააინტერესეთ. მიეცით ბიძგი, რომ გაუჩნდეთ საგანმანათლებლო ინტერესები.

მოუწოდეთ თავადაც გადაიღონ, შეარჩიეთ საგანმანათლებლო თემატიკა – მაგალითად, თუ გადიხართ დემოკრატიის თემას, სთხოვეთ მოამზადონ ვიდეო, რომელსაც ამ აპლიკაციისთვის გადაიღებდნენ. არ არის აუცილებელი, ეს ვიდეო გამოქვეყნდეს.

მშობლების ჩართულობა მაღალი უნდა იყოს. მშობლებო, მიბაძეთ პედაგოგებს და თავადაც შეისწავლეთ პოპულარული ტრენდები და გააცოცხლეთ შვილთან ერთად. ასევე, აკონტროლეთ დრო. აბიტურიენტისთვის საგამოცდო წელი მნიშვნელოვანია და ნაკლებად უნდა იყოს დაკავებული „ტიკ-ტოკ“-ის სქროლვით, თუმცა ეს იმ შემთხვევაში თუ აქტიურად იყენებს. მიზანმიმართულად არ შექმნათ პრობლემა.

ასევე იხილეთ:

როცა 5 წლის ბავშვი მოსწავლე ხდება – როგორი უნდა იყოს ყურადღებიანი მშობლის დახმარების გეგმა

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში