სკოლაში და მოსწავლეებთან პროდუქტიულად მუშაობისთვის საჭირო რჩევები ენერგიული პედაგოგისგან
15 იანვრიდან საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო სემესტრი დაიწყო და როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, სტატუსის ამაღლების მსურველ პედაგოგებს, მნიშვნელოვნად შეუმსუბუქდათ სამუშაო. რასაც იმით ხსნიან, რომ შემცირდა პორტფოლიოს ძირითადი დოკუმენტაციათა სია და ის შეფასების კრიტერიუმები, რომლითაც ეს დოკუმენტები კომისიის მიერ ფასდებოდა. წამყვან-მენტორის სტატუსის მოსაპოვებელი გამოცდის დანიშვნაზეც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან არაფერი ისმის. პედაგოგთა მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი გამოწვევის წინაშე დგას – „საქმეები კი შეგვიმსუბუქდა, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ და უფრო პროდუქტიულები ვიყო, ეს კი მარტივი არ არის“.
ამ თემაზე EDU.ARIS.GE-სთან ირმა მესხორაძე საუბრობს, პედაგოგი, რომელსაც კოლეგები ახასიათებენ როგორც გამორჩეულად ენერგიულსა და მოტივაციით სავსეს.
მცხეთის მე-2 საჯარო სკოლის, ინგლისური ენის წამყვანი პედაგოგი გვიყვება, რომ მისთვისაც შეიცვალა დღის რუტინა და ახლა უფრო მეტი დრო აქვს რეალური პროფესიული განვითარებისთვის. პედაგოგის თქმით, ამის შესაძლებლობასაც ე.წ ფურცლომანია ნაკლებად ტოვებდა.
„გაცილებით უფრო მეტ დროს ვუთმობ ბავშვებთან მუშაობას. აღარ ვფიქრობ, რა დაწერს ახლა ამდენსთქო. ფურცლომანია არ იყო ეფექტური, ვწერდით ძალიან ბევრს, მაგრამ იცით, როცა საქმეები გიმსუბუქდება, დღის რუტინაც გეცვლება და ეს თავისუფალი დრო, რაღაცნაირად ეფექტურად უნდა გამოიყენო, სხვა შემთხვევაში სიზარმაცე იჩენს თავს და მერე უკვე რთულია პროდუქტიულობაზე საუბარიც“, – გვიხსნის პედაგოგი.
აი, რა რჩევებს უზიარებს ირმა მესხორაძე პედაგოგებს, რომლებისთვისაც პროდუქტიულობა მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა და გაზარმაცების სურვილიც არ აქვთ:
როცა სასწავლო მეთოდებსა და აქტივობებს არჩევთ, მოსწავლის გარდა საკუთარ თავზეც იფიქრეთ. ჩემი მაგალითი ასეთია – როცა ვხედავ, რომ ბავშვები მოწყენილები არიან, დაღლილები ამ ერთი და იმავე, დაშტამპული აქტივობებით, ვცდილობ, რაღაც ახალი და უჩვეულო შევთავაზო, რომ გამოფხიზლდნენ, დაინტერესდნენ, გახალისნენ და მეც იგივე განწყობა შემექმნას. თუ მოსწავლე მოტივირებულია, შენც მოტივირებული ხარ და შესაბამისად, უფრო პროდუქტიული ხდები. მიაქციეთ ყურადღება ამ საკითხს, თუ თქვენი აუდიტორია მუდმივად მიძინებული გყავთ, ეს თქვენც პასიურს გაგხდით.
შეიყვარეთ თქვენი პროფესია და მიეცით საკუთარ თავს მეტი შესაძლებლობა. ჩემი განწყობა ასეთია. რაც არ უნდა დიდი პრობლემა მქონდეს, სკოლის კარებს რომ მივხურავ, ის გარეთ რჩება. ბავშვებს ჩემს ცუდად ყოფნას არ ვაგრძნობინებ და გაკვეთილის აუცილებლად ღიმილით ვიწყებ. ვეკითხები როგორ განწყობაზე არიან? – ეს მეხმარება. ასე ვარ კოლეგებთანაც, ვიცინი და ვხალისობ. მასწავლებლობა საოცარი პროფესია და დიდი კომფორტიც არის, რადგან უამრავ სიყვარულს იღებ. ამასთან, თავისუფალი უნდა იყო ჩარჩოებისგან და შემოქმედებითი გახდე. გაკვეთილის ახსნისა თუ გამოკითხვის მხოლოდ სალექციო მეთოდებს ნუ მიენდობი, შენი სტილი გქონდეს.
ყველაზე მნიშვნელოვანი – შეცვალე დღის რუტინა და დატკბი თავისუფალი დროის ქონით. როგორც აღვნიშნე, რადგან ამდენი წერა აღარ გვიწევს, უფრო მეტი თავისუფალი დრო გვაქვს და აუცილებლად უნდა შევცვალოთ დღის რუტინა. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავზე ზრუნვას, ჯანმრთელობას, პიროვნულ ზრდას – ამის გარეშე ვერც პროფესიული წარმატება გექნებათ და ვერც პროდუქტიულად იგრძნობთ თავს. გშია თუ გწყურია, ეს არსად ჩანს, ვერავინ ხედავს, მაგრამ იმას, თუ როგორ გამოიყურები, ყველა მოსწავლე ამჩნევს. არაა აუცილებელი, ბრენდული ტანსაცმელი გეცვას ან სადღესასწაულო მაკიაჟი გქონდეს. მთავარია, სუფთად და უბრალოდ გამოიყურებოდე. პირადად მე, ვარჯიშის დაწყებასაც ვგეგმავ. მიხედეთ ჯანმრთელობას! – ამას განსაკუთრებით ვურჩევ ხანშიშესულ პედაგოგებს, არაფერია იმაში ცუდი, რომ გაკვეთილების დასრულების შემდეგ პედაგოგმა საკუთარ თავსა და ცხოვრებას დაუთმოს დრო, ამის უფლებას ხომ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია და შრომის კოდექსიც იძლევა.
საუბრის დასასრულს ჩვენს რესპონდენტს ვკითხეთ – ე.წ ფურცლომანიის გარდა, კიდევ რა უშლიდათ და ახლა თუ უშლით რაიმე ხელს, რომ უფრო პროდუქტიულები იყვნენ.
როგორც პედაგოგმა აგვიხსნა, დაბალი ხელფასები, ზეგანაკვეთური შრომა, ნაკლები დაფასება და ოჯახური პრობლემები ძირითად შემთხვევაში ხელისშემშლელი გარემოებები იყო, ახლა კი იმედოვნებს, რომ ეს პრობლემები უკან დარჩება, პედაგოგები კი შინაგანი მოტივაციის გაძლიერებაზე თავადაც დაიწყებენ ფიქრს.
ძვირფასო პედაგოგებო, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილებაც, ხომ არ უჩივით არაპროდუქტიულობას და რა გზებით უმკლავდებით?
ასევე იხილეთ: