GE

სკოლებში დამლაგებლების პრობლემას მუნიციპალიტეტი ან ერთიანი ტენდერი მოაგვარებს? – რა ითქვა ამ თემაზე პარლამენტში

„სკოლებს აქვთ ჰიგიენასთან დაკავშირებული გამოწვევები, ვერ შოულობენ დამლაგებლებს და ამის მოგვარება დირექტორებს უწევთ“, – განაცხადა პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა მარიამ ლაშხმა 7 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე, სადაც ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენდა.

სკოლის დასუფთავება, როგორც სისტემური პრობლემა – რა გამოწვევებზე საუბრობენ დაწყებითი კლასების დამრიგებლები

მარიამ ლაშხმა საკუთარი კითხვაში წინადადებით მიმართა მთავრობას და დამლაგებლების პრობლემის გადაჭრის გზად საერთო ტენდერის გამოცხადებაც დაასახელა.

როგორც ცნობილია სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხები, განათლების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გაუქმების შემდეგ, მათ შორის მოვლა-შენახვის ნაწილი ორ სამინისტროზე გადანაწილდა, რაც 2026 წლის ბიუჯეტის პროექტშიც არის ასახული.

„მოვლა-შენახვის ნაწილში თუ რის გათვალისწინებული ჰიგიენის კომპონენტი? ვინაიდან სკოლებს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა აქვთ ჰიგიენის კუთხით – ვერ შოულობენ დამლაგებლებს და სკოლის დირექტორები, იმის მაგივრად, რომ კონცენტრირებულები იყვნენ უშუალოდ შინაარსზე, ხშირად უწევთ… [დამლაგებლების ძებნაზე მუშაობა]. გნსაკუთრებით, როდესაც სკოლა ქალაქის ცენტრშია, რა რესურსიც არის გამოყოფილი, სამწუხაროდ, ვერ პოულობენ დამლაგებლებს. ამაზე ჩვენ, კომიტეტს, შეგვიძლია, რომ გარკვეული სამუშაოები ჩავატაროთ. ან ერთობლივი ტენდერი გამოცხადდეს დალაგება-დასუფთავებაზე, ან რაიმე სხვა ოპტიმალურ ვერსიაზე ვიმუშაოთ იმსათვის, რომ ჰიგიენა სკოლებში მაქსიმალურად მაღალ დონეზე იყოს დაცული“, – მიმართა მარიამ ლაშხმა ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს.

მომხსენებელმა, გიორგი კაკაურიძემ კი საპასუხოდ განმარტა, რომ დამლაგებლების მოძიების პრობლემა ხშირად სკოლის მენეჯმენტთან არის დაკავშირებული და მხოლოდ რესურსის სიმწირეს არ უკავშირდება, თუმცა საკითხზე იმუშავებენ და მოგვარების პროცესში როგორც მუნიციპალიტეტის ჩართულობა, ისე ტენდერიც შეიძლება იყოს გათვალისწინებული.

“დამლაგებლების საკითხი და ესეთი დეტლები, ალბათ, გასავლელი იქნება, თუმცა როდესაც ვსაუბრობთ, რომ მოვლა-შენახვის ნაწილი და მიმდინარე რემონტები უნდა გადავიდეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რეალურად, სამინისტრო ხომ არ იქნება ამის განმახორციელებები, ეს იქნება მუნიციპალიტეტი და ამიტომ, უკვე მუნიციპალური სერვისების ნაწილი იქნება. მუნიციპალური სერვისები ჩაერთვება და მგონია, რომ მუნიციპალიტეტი უფრო ეფექტურად შეძლებს ამ პროცესის მართვას, ვიდრე, შეიძლება, ეს ცენტრალიზებულად ხდებოდა.

მესმის, რომ სკოლებს, შეიძლება, გარკვეული რესურსი ამისი არ აქვთ, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მხოლოდ რესურსის პრობლემა არ იყო, იქ მენეჯმენტის გარკვეულწილად პრობლემა იყო, სკოლის შიგნით თუ ასე შემდეგ და მუნიციპალიტეტში ამ ფუნქციის გადასვლა დელეგირების ნაწილში, ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებებს გააუმჯობესებს. შესაძლებელია, სადღაც აუცილებელი იყოს გარკვეული ერთიანი ტენდერის გამოცხადება დიდი ქალაქების შემთხვევაში, მაგრამ მეორეს მხრივ, შეიძლება ამ ერთიანმა ტენდერმა გარკვვეული შეფერხებებიც შექმნას. ამიტომ, სკოლა ცოტა ისეთია, რომ ინდივიდუალური მიდგომები შეიძლება დასჭირდეს სხვადასხვა რეგიონებსა და ქალაქებს. ამაზე სამუშაო იქნება, როგორი გადაწყვეტილებაც იქნება ოპტიმალური, ალბათ ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ”, – განაცხადა კომიტეტის სხდომაზე გიორგი კაკაურიძემ.

ასევე იხილეთ:

„ახალ სასწავლო წელს დამლაგებლების მაღალი ხელფასებით რომ შეხვედროდით, მოსწავლეებს იატაკის ხეხვა არ მოუწევდათ“ – ამბავი რეგიონიდან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური