GE
22 სექტემბერი, 2022 18:51

სკოლის ამბავი, რომელიც სასწავლო წლის დაწყებიდან დაახლოებით ერთ თვეში დაიკეტება – „ლაბორატორიებით და სხვა ტექნიკით აღჭურვა არ შედის ამ დაფინანსებაში“

თბილსის 160-ე საჯარო სკოლაში ოქტომბრის ბოლოს სარემონტო სამუშაოები იწყება. მოსწავლეები დროებით ყველაზე ახლოს მდებარე, 136-ე საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში ისწავლიან.

160-ე სკოლას, რომელიც გლდანში, მეორე მიკრო რაიონში მდებარეობს, 2023 წლის სექტემბერში 50 წლის იუბილე აქვს. დირექტორი, მაია ზაზიკაშვილი იმედოვნებს, რომ მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე სარემონტო სამუშაოები დამთავრდება და საიუბილეო წელს ზეიმით აღნიშნავენ.

დირექტორს თავადაც ეს სკოლა აქვს დამთავრებული, მისი გახსნაც ახსოვს და EDU.ARIS.GE-სთან ყვება:

„ეს პირველი ქართული სკოლაა, რომელიც გლდანში გაიხსნა. მანამდე ერთი რუსულენოვანი სკოლა ფუნქციონირებდა, სადაც ქართული სექტორიც იყო შეკედლებული. პირველ კლასში შევდიოდი, როცა ამ სკოლამ ფუნქციონირება დაიწყო. აქ მაშინ მხოლოდ რამდენიმე კორპუსი იდგა. ჩემს ბავშვობაში ეს სკოლა საბჭოთა კავშირის სკოლათა ასეულში შედიოდა თავისი სწავლის დონითა და განსაკუთრებულობით. ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა იყო ჩვენს ქვეყანაში და მახსოვს, ბავშვებს ეს როგორ გვეამაყებოდა. ამ სკოლაში გავიზარდე და მერე მოვედი ლაბორანტის პოზიციაზე, ვიყავი სკოლის ორგანიზატორი, დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში… ორი წელიც არ არის, რაც დირექტორი ვარ. დირექტორობა იმისთვის მინდოდა, რომ სიახლე შემომეტანა და მოწინავე რიგებში ჩამეყენებინა. ეს სკოლა ჩემი ბავშვობაა, ჩემი კედლებია“…

მაია ზაზიკაშვილის ინფორმაციით, რემონტი, რომელიც სკოლაში დაახლოვებით ერთ თვეში დაიწყება, შენობის რეაბილიტაციას გულისხმობს და არა მის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვას, რაზეც დირექტორს გული სწყდება.

„ელექტროგაყვანილობა საშინელ დღეშია და, პირველ რიგში, მისი გამოცვლა მოვინდომე. ერთი წელია, ვიბრძვი დაფინანსების მოსაპოვებლად, რადგან უსაფრთხო გარემო არ არის სკოლაში. ხან სად გადაიწვება ელექტროგაყვანილობის ქსელში რაღაც და ხან სად და ვეძებთ კედლებში. განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტომ დაგვაფინანსა – გამოგვიყვეს თანხები და სრულ რეაბილიტაციაში ჩაგვსვეს. ანუ ყველაფერი გაკეთდება – გათბობა, ელექტროგაყვანილობა, ფანჯრები, ოთახები, ეზოს შემოღობვა… შემოღობილი არ გვაქვს ეზო და ძაღლები სპორტულ მოედნებზე შედიან, ანაგვიანებენ…

„თანამედროვე სკოლა აღჭურვილი უნდა იყოს თანამედროვე ტექნიკით, ქიმიის, ფიზიკის ლაბორატორიებით… ბავშვი თვალით რომ ხედავს, უფრო კარგად სწავლობს იმ საგანს. კარგი იქნებოდა, ყველა კლასში დამონტაჟებული იყოს პროექტორი თავისი დაფით… 6 პროექტორი მომცა განათლების სამინისტრომ, მაგრამ ყველა კლასში ხომ ვერ დავამონტაჟებთ და როცა მასწავლებელი ხშირად იყენებს პროექტორს, უნდა შეიტანოს კლასში, გამართოს… ამ დროს გაკვეთილი გადის. როცა ყველა კლასშია პროექტორი, ყველაფერი უფრო მარტივია. ამჯერად მხოლოდ ოთახებს გაგვირემონტებენ. ლაბორატორიებით და სხვა ტექნიკით აღჭურვა არ შედის ამ დაფინანსებაში. იქნებ მერე ამის დაფინანსებაც მოვითხოვოთ“, – ამბობს დირექტორი.

სკოლა, სადაც 1155 ბავშვი სწავლობს, ახალი სკოლის მოდელშია ჩართული. დირექტორს, მიუხედავად დროებით სხვა სკოლაში გადასვლისა, დიდი სასწავლო გეგმები აქვს:

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ფეხი ავუწყოთ თანამედროვე სწავლებას. პირველი სემესტრის ბოლოს დიაგნოსტიკური წერის ჩატარება გვაქვს დაგეგმილი. გამოიკვეთება, რა უჭირთ ბავშვებს და მეორე სემესტრში იმ საჭიროებებზე ვიმუშავებთ. გაკვეთილების მერე დატოვებენ ბავშვებს მასწავლებლები და იმ საკითხში დაეხმარებიან, რაც უჭირთ. მეც ვასწავლი მათემატიკას – წამყვანი მასწავლებელი ვარ“, – ამბობს მაია ზიკაკიშვილი, რომელიც ირწმუნება, რომ გაკვეთილის ჩატარებისა და ბავშვებთან ურთიერთობის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია.

„გაკვეთილის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. გაკვეთილი და ბავშვები ჩემთვის ყველაფერია. ბავშვები თუ არ გიყვარს, წარმოუდგენელია, მასწავლებლად იმუშაო. თუ ბავშვს მასწავლებელი არ შეუყვარდა, იმის საგანს არ ისწავლის. მერე, საგნით უნდა დააინტერესო. ბევრ ჩემი მოსწავლის მშობელს უთქვამს, ბავშვი მეუბნება, მაია მასწავლებელი იმდენად მიყვარს, მეც მათემატიკის მასწავლებელი უნდა გამოვიდეო. მე ჩემი დამრიგებლის, ქართულის მასწავლებლის, ია მაჩაიძის მიბაძვით გავხდი მასწავლებელი. ძალიან ჰუმანური და საყვარელი იყო. ცელქი ბავშვი ვიყავი და ჩემს ქცევებზე ისეთი რეაქციები ჰქონდა, შეუძლებელი იყო, არ შეგყვარებოდა. ბავშვმა თუ შეგატყო, რომ შენ ის გიყვარს, მერე ურთიერთობა ძალიან მარტივია. ყოველ წელს, პირველ კლასში შევდივარ და ვეუბნები, რომ მათი მეგობარი ვარ. ბავშვი რომ მეგობრად ჩაგთვლის, ურთიერთობაც მარტივდება. მიმეგობრდებიან და მერე თავიანთ ყველა პრობლემაზე და საერთოდ, ყველაფერზე მიყვებიან“, – გვითხრა სკოლის დირექტორმა.

ასევე იხილეთ:

სკოლამ, სადაც რემონტის გამო სწავლა ვერ დაიწყო, პირველკლასელებს ზეიმი მაინც მოუწყო

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში