სპორტის მასწავლებელი: ახალ სტადიონზე ვითამაშებთ ფეხბურთს, რაგბს, კალათბურთს, ჩავატარებთ „მხიარულ სტარტებს“…
თბილისის 98-ე საჯარო სკოლში სპორტულ მოედანს რესტავრაცია ჩაუტარდა, რამაც ამ სკოლის სპორტის მასწავლებელი, ინგა აკოპოვა და მისი მოსწავლეები ძალიან გაახარა. ეს სიხარული ინგამ EDU.ARIS.GE-ს გაუზიარა.
როგორც აკოპოვა ამბობს, სპორტული მოედანი გარე სივრცეში ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა სპორტული ცხოვრებისთვის, რადგან უფრო მეტი სივრცეა და ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის აუცილებელ პირობებს მოიაზრებს.
„ადრე გვქონდა ეზოში სტადიონი, მაგრამ დროთა განმავლობაში დაზიანდა – ზოგ ადგილას მიწა ჩავარდა და წვიმა რომ მოდიოდა, წყალი დგებოდა. ახლა კი გაარემონტეს და ყველა ბედნიერები ვართ. ბავშვებს იცით, როგორ უხარიათ ახალი სტადიონი?!… შემოდგომაზე, სკოლაში რომ დავბრუნდებით, არც სიცხე იქნება, არც სიცივე და გარეთ ვავარჯიშებ“, – ამბობს სპორტის მასწავლებელი.
როგორც აკოპოვამ გვითხრა, სკოლაში დარბაზიც აქვთ, მაგრამ სარემონტოა. მისი აზრით, დიდ სკოლას ერთი კი არა, ორი დარბაზი მაინც უნდა ჰქონდეს, ამ სკოლაში კი 1 100-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს.
„კარგი იქნება, თუ დარბაზსაც გაგვირემონტებენ. ხის იატაკია დარბაზში, რომელიც ჩავარდნილია რამდენიმე ადგილას და სპორტული გაკვეთილის ჩატარება ჭირს. ეზოში მოწყობილ ახალ სტადიონზე კი კალათბურთის ფარები უკვე გვაქვს. ახლა ვაპირებ, ფრენბურთის ბადე დავკიდო და ფრენბურთსაც ვათამაშებთ. აქამდე დარბაზში ვთამაშობდით ფრენბურთს, მაგრამ, გარე სივრცე უფრო სხვა მოტივაცია იქნება მოსწავლეებისთვის. ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირში – „თბილისის თასი 2021- 2022“ – ჩვენი სკოლის ვაჟთა გუნდმა I ადგილი მოიპოვა. ახლა კი უფრო მეტსაც შევძლებთ.
„ღია სტადიონი ძალიან მნიშნელოვანია ბავშებში სპორტული ცხოვრების განვითარებისთვის. ვითამაშებთ ასევე ფეხბურთს, რაგბს, კალათბურთს, ჩავატარებთ „მხიარულ სტარტებს…“, – უთხრა ინგა აკოპოვამ EDU.ARIS.GE-ს.
ასევე იხილეთ:
მოსწავლეების მიერ ასომთავრული ასოებით შესრულებული „დედა ენის“ ამბავი
მასწავლებელი, რომელიც სკოლაში ველოსიპედით დადის – „ასე სხვაგვარი თავისუფლება მეუფლება“