მასწავლებელი, რომელიც სკოლაში ველოსიპედით დადის – „ასე სხვაგვარი თავისუფლება მეუფლება“
„თუ გვინდა, თანამედროვე ქალაქი მოვაწყოთ, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა გადაჯდეს ველოსიპედზე“, – ამბობს თბილისის 192-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, გუგა დუდუჩავა, რომელიც სამსახურში ველოსიპედით დადის. გვიყვება, რომ დღეში 20 კილომეტრამდე მანძილის გავლა უწევს, ველოსიპედით მოძრაობისას კი ქალაქის ეკოლოგიასაც უფრთხილდება და საკუთარ ჯანმრთელობასაც.
გუგა დუდუჩავა EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ მასწავლებლობა სხვისთვის სწავლებისა და დახმარების სურვილმა გადააწყვეტინა. ფიქრობს, რომ ეს ის პროფესიაა, რომლითაც შეუძლია საზოგადოება უკეთესობისკენ შეცვალოს, ამის ერთ-ერთ ფაქტორად კი სწორედ ის მიაჩნია, რომ ავტომანქანებით გადატვირთულ დედაქალაქში რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაჯდეს ავტომობილიდან ველოსიპედზე.
„ჩემი ძირითადი პროფესია პოლიტიკის მეცნიერება და ჟურნალისტიკაა. მანამდე სხვადასხვა ადგილას ვმუშაობდი, მაგრამ მერე მასწავლებლობის სურვილი გამიჩნდა. ჩავაბარე საგნის გამოცდა, შემდეგ, გავიარე მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა. შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ მასწავლებლობა იმ საქმიანობად მიმაჩნია, რომლითაც შეგიძლია, სხვების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო“, – ამბობს სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.
უკვე სამი წელია, რაც მასწავლებელი დიღმის მასივიდან დიდ დიღომში მდებარე სკოლაში ველოსიპედით დადის. ამბობს, რომ თბილისი არა ველომეგობრული ქალაქია, რადგან ქუჩების უმეტეს ნაწილში ველო ბილიკები არ არის და არც ჩვენი კულტურის შემადგენელი ნაწილია ველოსიპედის ტრანსპორტად მოხმარება.
„არადა, ეფექტური ტრანსპორტია ქალაქში გადასაადგილებლად და ჩემთვის განტვირთვის საშუალებაც გახლავთ. იმედის მომცემია, რომ ბოლო პერიოდში უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყენებს ველოსიპედს, როგორც ტრანსპორტს და არა როგორც ვარჯიშის თუ გართობის საშუალებას. ველოსიპედს, გარდა ტრანსპორტისა, ჩემთვის ერთგვარი ემოციური დატვირთვაც აქვს – როდესაც ველოსიპედით მოძრაობ, სხვაგვარი თავისუფლების შეგრძნება გეუფლება, თან ეს გახლავთ ეკოლოგიური, ჯანსაღი ტრანსპორტი. ისე მივეჩვიე, იშვიათად ხდება, რომ სახლიდან ველოსიპედის გარეშე გამოვიდე“, – გვიყვება მასწავლებელი.
როგორც გუგა დუდუჩავა ამბობს, მის მოსწავლეებს თავიდან უკვირდათ, როცა მასწავლებელს ველოსიპედით მოსიარულეს ხედავდნენ და ბევრ კითხვასაც უსვამდნენ. ახლა კი ის უკვირთ, როცა პედაგოგი სკოლაში ველოსიპედით არ მიდის და კითხვაც ძირითადად ეს არის: რატომ მივიდა ველოსიპედის გარეშე.
„ბევრი ადამიანი ველოსიპედით მგზავრობისგან თავს იმიტომ იკავებს, რომ დისკომფორტი ახლავს თან. მაგალითად, წვიმიან ამინდში სველდები, სამოსიც შესაბამისად უნდა გეცვას და ა. შ. მაგრამ, თუ დაფიქრდები, რომ ავტომობილით გარემოს აზიანებ და ასე უფრო ჯანმრთელადაც ხარ, ყველას ვურჩევ, ხანდახან მაინც მოიხმარონ ველოსიპედი. ხშირად ამბობენ, რომ თბილისი რთული რელიეფის მქონე ქალაქია და რთულია გადაადგილება. კი, თბილისი არ არის ამსტერდამივით სულ ვაკე ადგილი, მაგრამ თანამედროვე ტიპის ველოსიპედის გამოყენებით, ძალიან მარტივია მოძრაობა. უბრალოდ, მიჩვევა უნდა. ვინც ქალაქში ყოველდღიურად გადაადგილდება, მათი 5-6% მაინც რომ მოძრაობდეს ველოსიპედით, სულ სხვა რეალობა გვექნებოდა. პრიორიტეტული სწორედ ასეთი ეკოლოგიური ტრანსპორტი უნდა იყოს, რადგან კერძო ავტომობილების ზრდა ქალაქში ჩიხს ქმნის და ეს ჩვენს დედაქალაქშიც სახეზეა“ – ამბობს პედაგოგი, რომელიც თავის მოსწავლეებსაც მოუწოდებს, ჯანსაღად იცხოვრონ და ეკოლოგიას მოუფრთხილდნენ.
სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა იცის, რომ 14 წლამდე ბავშებისთვის კანონით იკრძალება ქუჩაში ველოსიპედით გადაადგილება და ამ ასაკამდე მოსწავლეებს, რა თქმა უნდა, ამ ტრანსპორტით ქუჩაში გასვლას არ ურჩევს, თუმცა, იმედი აქვს, რომ მათ მეხსიერებაში დარჩება მასწავლებელი, რომელიც ველოსიპედით დადიოდა სკოლაში და თუ თვითონ არ გამოიყენებენ, უჩვეულო მაინც არ იქნება მათთვის ამ ტრანსპორტით მოსარგებლე ადამიანების დანახვა, რაც თავად ბევრი ადამიანისთვის შეუმჩნევია.
„ვიყოთ ყურადღებით, მოვიხმაროთ ჩაფხუტი და დავიცვათ სხვა უსაფრთხოების ნორმები, როგორიც არის ღამის საათებში სპეციალური განათების გამოყენება, ვიაროთ მარჯვენა უკიდურეს ზოლში და ა. შ. არის ბევრი დაპირება, რომ შეიცვლება ამ მხრივ ინფრასტრუქტურა. ჭავჭავაძის გამზირზე უკვე არის შესაბამისი ბილიკები, მაგრამ ეს არასაკმარისია. ერთი და ორი ქუჩით ვერაფერს გახდები. თანამედროვე ევროპულ ქალაქებში ველო ბილიკები ასობით კილომეტრიანია. იმედია, ჩვენც დავეწევით ამ კუთხით განვითარებულ სამყაროს“, – გვითხრა პედაგოგმა, რომლის აზრით, სასიამოვნო და სასარგებლო ველოსიპედის გამოყენება ნებისმიერი სქესის, ასაკის ადმიანს შეუძლია, თუ მას სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები არ აწუხებს.
ასევე იხილეთ:
ფოთელმა მოსწავლეებმა გაკვეთილზე ბებიები მიიწვიეს
„მოსწავლეებმა დაინახეს, რომ პედაგოგსაც შეუძლია იყოს ბავშვი“ – ბათუმელი მასწი პეპი გრძელწინდას როლში