GE
9 მაისი, 2022 14:06

თბილსის სკოლები ერთმანეთს სროლაში შეეჯიბრნენ – გამარჯვებული სკოლები და მოსწავლეები

თბილისის 17 საჯარო და კერძო სკოლა ერთმანეთს პნევმატური იარაღით სროლაში შეეჯიბრა. სასკოლო ტურნირი წელს პირველად, სატესტო რეჟიმში გაიმართა.

გუნდურ შეჯიბრში პირველი ადგილი სკოლა „პროგრესმა“ დაიკავა, მეორე ადგილი პირველ კლასიკურ გიმნაზიას ხვდა წილად, ხოლო მესამე ადგილი წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის სკოლას ერგო.

გოგონათა შორის ინდივიდუალურ შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა წმინდა გიორგი და ექვთიმე მთაწმინდელების სახელობის სკოლის მოსწავლე მარიამ მარშავამ, მეორე ადგილი მოიპოვა ანა ლიპარტელიანმა სკოლა „პროგრესიდან“, ხოლო მესამე ადგილზე 145-ე საჯარო სკოლის მოსწავლე, მარიამ შაქარაშვილი გავიდა.

ვაჟთა შორის პირველი ადგილზე გავიდა სკოლა „პროგრესის“ მოსწავლე, ჯემალ გონაშვილი, მეორე ადგილი პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეს, გიორგი უჩაძეს ერგო, მესამე ადგილი  კი 146-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს, ლევან მანაგაძეს ხვდა წილად.

როგორც შეჯიბრის ორგანიზატორმა, სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის“ პრეზიდენტმა, ანზორ გოგოლაძემ EDU.ARIS.GE-ს უთხრა, პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და პნევმატური იარაღით სროლის სახეობის პოპულარიზაციაა. ტურნირები კი სასკოლო და საუნივერსიტეტო ჩემპიონატების სისტემის ჩამოყალიბებას, ერთიანი პლატფორმის ქვეშ გაერთიანებას ემსახურება და ელექტრონული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებით, დღემდე, წარმატებით ხორციელდება.

„სპორტის ეს სახეობა, პნევმატური იარაღით სროლამ ბავშვებზე, რა თქმა უნდა, დადებითად ისახება. ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისთვისაა მნიშვნელოვანი და, როგორც სროლის ფედერაციაში გვითხრეს, ნერვულ სისტემაზე მოქმედებს ძალიან კარგად.

ბავშვები ძალიან აქტიურობდნენ. მონაწილეთაგან ძალიან ბევრი მოსწავლე იყო, ვისაც არასოდეს უსვრია. მათგან ერთი მესამე ადგილზეც კი გავიდა და სროლის ფედერაციამ მას სთხოვა, ამ სპორტში დარჩენილიყო. პირველ-მეორე ადგილებზე ვინც გავიდნენ, მათ გარკვეული გამოცდილება უკვე ჰქონდათ ამ სპორტში. ამის მიუხედავად, არათანაბარი პირობები არ ყოფილა“, – მოგვიყვა ანზორ გოგოლაძე.

„პნევმატური იარაღით სროლაში სასკოლო ლიგა 2022″ სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის” ორგანიზებით, 8 მაისს, ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში ჩატარდა. როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, ამჯერად სასკოლო ლიგაში მხოლოდ თბილისი სკოლები მონაწილეობდნენ, მომავალში კი მთელი საქართველოს სკოლების მოცვა იგეგმება.

ასევე იხილეთ:

ჭადრაკის ჩემპიონი გურჯაანელი ბიჭის ამბები

სკოლა, სადაც მასწავლებლები და მოსწავლეები ამხანაგურ მატჩებს მართავენ – „ასეთ ღონისძიებებს კეთილგანწყობა, ერთმანეთზე ზრუნვა და პატივისცემა მოაქვს“

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში