თუ შენს შვილს პირველ კლასში რეგისტრაცია ონლაინ, 15 ივნისიდან უწევს – გაიარე რეპეტიცია
2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების პირველ კლასში რეგისტრაციის IV ეტაპი – საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია 15 ივნისს, 09:00 საათზე დაიწყება და 3 ივლისის 24:00 საათამდე გაგრძელდება.
საყოველთაო რეგისტრაციის ფარგლებში, ყველა მსურველს ეძლევა შესაძლებლობა, მისთვის სასურველ საჯარო სკოლაში დაარეგისტრიროს ბავშვი, რომელსაც 6 წელი 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება.
იმისთვის, რომ სწრაფად და მარტივად შეძლოთ ბავშვის დარეგისტრირება, EDU.ARIS.GE გიზიარებთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ გაწერილ ყველა ნაბიჯს, რომელიც ელექტრონული რეგისტრაციისთვის არის საჭირო.
პირველ რიგში, რეგისტრაციის გავლამდე, მოამზადეთ კომპიუტერული მოწყობილობები ან მობილური ტელეფონი, რეგისტრაციისათვის აუცილებელი ინფორმაცია/მონაცემები (ბავშვის და ერთ-ერთი მშობლის პირადი ნომრები) და წინასწარ შეარჩიეთ ის საჯარო სკოლა, რომელშიც გსურთ ბავშვის დარეგისტრირება. ასევე, თვალი ადევნეთ სკოლაში დარჩენილი თავისუფალი ადგილების შესახებ ინფორმაციას.
სკოლებში არსებული ადგილების ლიმიტების, ცვლებისა და სექტორების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
ონლაინ რეგისტრაციის გასავლელად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს – registration.emis.ge
ვებგვერდზე შესვლის შემდეგ, ეკრანზე გამოგიჩნდებათ ღილაკები, რომლებიც რეგისტრაციის დაწყების ან გაუქმების, ასევე სკოლაში დარჩენილი თავისუფალი ადგილების ნახვის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული ღილაკებიდან უნდა აირჩიოთ „რეგისტრაცია“, რის შემდეგაც ეკრანზე გამოჩნდება ველები – მოსწავლის მონაცემები, მშობლის მონაცემები, სკოლის მონაცემები, რეგისტრაციის დასრულება.
პირველი ნაბიჯი – მოსწავლის მონაცემების მითითება
შესაბამის ველებში მიუთითეთ ბავშვის პირადი ნომერი, სახელი და გვარი, ასევე მოქალაქეობა.
საქართველოს მოქალაქე/ბინადრობის მოწმობის მქონე – უნდა მონიშნოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არეგისტრირებთ საქართველოს მოქალაქეს ან ბინადრობის მოწმობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეს;
უცხო ქვეყნის მოქალაქე/ბინადრობის მოწმობის არ მქონე – უნდა მონიშნოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არეგისტრირებთ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან საქართველოში მცხოვრებ, ბინადრობის მოწმობის არ მქონე მოქალაქეს.
მონაცემების შეყვანის შემდეგ, რეგისტრაციის გაგრძელების მიზნით დააჭირეთ ღილაკს „შემდეგი“.
გაითვალისწინეთ: მოსწავლის შესახებ ეკრანზე გამოტანილი ყველა ველის შევსება სავალდებულოა. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ველი არაკორექტულად იქნა შევსებული, ეკრანზე გამოვა შესაბამისი შეტყობინება.
მეორე ნაბიჯი – მშობლის მონაცემების მითითება
შესაბამის ველებში მიუთითეთ ერთ-ერთი მშობლის (დედა/მამა/მეურვე) პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და რეგისტრაციის გაგრძელების მიზნით დააჭირეთ ღილაკს „შემდეგი“.
გაითვალისწინეთ: ელექტრონული ფოსტის გარდა, ეკრანზე არსებული ყველა ველის შევსება სავალდებულოა. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ველი არაკორექტულად იქნა შევსებული, ეკრანზე გამოვა შესაბამისი შეტყობინება.
მესამე ნაბიჯი – სკოლის მონაცემების არჩევა
ჩამოსაშლელი ველების საშუალებით ამოირჩიეთ შესაბამისი რეგიონი, რაიონი, სასურველი სკოლა, სექტორი, ცვლა, შენობა და რეგისტრაციის გაგრძელების მიზნით დააჭირეთ ღილაკს „შემდეგი“.
გაითვალისწინეთ: ყურადღება უნდა მიაქციოთ სკოლებში დარჩენილი თავისუფალი ადგილების რაოდენობას. მონაცემები იცვლება დინამიურ რეჟიმში. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის დასრულებამდე ამორჩეულ სკოლაში არსებული ლიმიტი ამოიწურა, ეკრანზე გამოვა შესაბამისი შეტყობინება.
მეოთხე ნაბიჯი – რეგისტრაციის დასრულება
რეგისტრაციის დასრულებამდე ეკრანზე გამოდის მოსწავლის შესახებ რეგისტრაციის პროცესში მითითებული ინფორმაცია – სკოლა, პირადი ნომერი, სახელი, გვარი, რეგისტრატორი, სახელი, გვარი, მობილური და რეგისტრაციის კოდი, რომელსაც სისტემა თითოეულ რეგისტრირებულ პირველკლასელს ავტომატურად ანიჭებს.
გაითვალისწინეთ: ეკრანზე გამოსახულ რეგისტრაციის კოდს რეგისტრატორი მიიღებს, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით. რეგისტრაციის კოდი უნიკალურია და მნიშვნელოვანია ბავშვის შემდგომი იდენტიფიცირებისათვის.
რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია იხილეთ აქ
დოკუმენტების წარდგენის ვადები და ჩამონათვალი
ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლეების ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტების წარდგენა სკოლებში 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით განხორციელდება.
მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, შესაბამის სკოლაში წარადგინოს:
- განცხადება;
- მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;
- ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.
გაითვალისწინეთ: დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
ასევე იხილეთ:
-
SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
„მშობლებს ხარჯს გვიორმაგებენ!“ – წლის დასაწყისში ტანსაცმელს იყიდით, სემესტრის ბოლომდე კი – სასკოლო ფორმას by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტში“ პირველი კლასის დამამთავრებელი ღონისძიებები გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი