GE
8 დეკემბერი, 2023 11:00

„თუ სკოლაში ვიზიტს გეგმავთ, ამ პროცედურების დაცვა მოგიწევთ“ – სკოლის დირექტორის ინსტრუქცია მშობლებისთვის

თუ თქვენი შვილი სკოლის მოსწავლეა, მაშინ კარგად უნდა გესმოდეთ, რომ დღეს, სკოლაში ვიზიტისთვის მშობელს გარკვეული პროცედურების დაცვა მოეთხოვება.

სხვა წლების გამოცდილების მქონე მშობლისთვის, რომელიც სპონტანურად სტუმრობდა შვილის სკოლას, ეს, შესაძლოა, უჩვეულო სიახლეც იყოს და მას ერთი შეხედვით მართებული პრეტენზიაც გაუჩინოს: „რა საჭიროა სკოლაში მშობლის შესვლის ასე გართულება?“. როგორც გავარკვიეთ, ამ კითხვაზე პასუხი ერთსიტყვიანია და ეს სიტყვა არის: უსაფრთხოება.

მაშ ასე, საინტერესოა, რა წესებისა და პროცედურების დაცვა უწევთ იმ მშობლებს, რომლებიც სკოლაში ვიზიტს გეგმავენ. ვინ გიპასუხებთ ამ კითხვაზე იმაზე უკეთ ვიდრე თავად სკოლის დირექტორი.

ნინო გახარიამ, რომელიც ჯამბულ წურწუმიას სახელობის თბილისის 94-ე საჯარო სკოლის დირექტორია, EDU.ARIS.GE-სთან ჯერ საკუთარი სკოლის მაგალითზე აგვიხსნა მშობელთა ვიზიტის შესაძლებლობები დეტალურად, შემდეგ კი სტანდარტულად არსებული მოდელი განგვიმართა, რომელსაც მრავალი სკოლა იყენებს და მშობლებმა ამის შესახებ უნდა იცოდნენ.

2 158 მოსწავლისგან შემდგარი სკოლის დირექტორი გვიხსნის, როგორ რეგულირდება მათთან მშობლის ვიზიტი და გვიყვება, რა ფაქტორები მოქმედებს სხვადასხვა რეგულაციების შემუშავებაზე.

„დღეს, ნებისმიერი სკოლის შინაგანაწესში არის ჩანაწერი, რომელიც სკოლაში მშობლების გადაადგილების პროცესს არეგულირებს, თუმცა სკოლის საჭიროებისა და შიდა კულტურიდან გამომდინარე, ეს ჩანაწერი განსხვავებულია სხვადასხვა სკოლისთვის. მაგალითად, თითქმის 3 წელია, რაც ჩვენს სკოლაში მშობლის ვიზიტის დაგეგმვა გაკვეთილების შემდეგ პრაქტიკულად შეუძლებელია. გვყავს 2 158 მოსწავლე, სამცვლიანი სკოლა ვართ. სასწავლო პროცესი 08:30 საათზე იწყება და 19:15 საათზე მთავრდება. გვაქვს სკოლაში მშობელთა გამოცხადების მკაფიოდ შემუშავებული პოლიტიკა, რომელიც სპეციფიკურია“, -გვიხსნის მოქმედი დირექტორი.

რას ნიშნავს სპეციფიკური პოლიტიკა როგორც ნინო გახარიამ აგვიხსნა, სპეციფიკიდან გამომდინარე, სკოლას მშობლებთან კომუნიკაციის საინტერესო პრაქტიკა აქვს:

„წელიწადში ორჯერ ვატარებთ კვირეულს სკოლაში, რომელსაც ჰქვია, „მშობლის დღე“. ერთი კვირის განმავლობაში – დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლის 6 მშობელი თავიანთი სურვილით, წინასწარ შედგენილი განრიგით იმყოფებიან სკოლაში და თვალყურს ადევნებენ აბსოლუტურად ყველაფერს. სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, დასვენებებზე მოსწავლეთა გადაადგილებას დერეფანში და კვების ობიექტში. ამის შემდეგ იგეგმება შეხვედრა დირექტორთან და მის მოადგილეებთან, სადაც ინფორმაციის გაცვლას ვახდენთ და საჭიროების შემთხვევაში გვაქვს რეაგირება“.

ნინო გახარიამ იმ მშობლებისთვის გასათვალისწინებელი ინფორმაციებიც გაგვიზიარა, რომელთა შვილები სხვა საჯარო სკოლებში სწავლობენ და მათი სურვილიც არის, რომ პერიოდულად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შესვლა შეძლონ.

რა ეტაპები უნდა გაიროს მშობელმა, რომელიც სკოლაში ვიზიტს გეგმავს

1. თუ მშობელს სკოლაში ვიზიტი სურს, პირველ რიგში, ის უკავშირდება შვილის დამრიგებელს ან მასწავლებელს, რომელთან შეხვედრაც სურს;

2. ამ კომუნიკაციის დროს მხარეები თანხმდებიან სკოლაში ვიზიტის ზუსტ დროსთან დაკავშირებით;

3. შეთანხმებული დროის გათვალისწინებით, დამრიგებელი დაუშვებს საშვს, რომელიც დირექტორის მოადგილის მიერ არის ხელმოწერილი;

4. შეხვედრის დღის დილას, მოსწავლის კლასის დამრიგებელი საშვს გადასცემს შვეიცარს, რომელიც მითითებულ მონაცემებს ამოწმებს და მხოლოდ შემდგომ უშვებს მშობელს სკოლაში.

ჩვენი რესპონდენტის თქმით, იგივე პროცედურის დაცვა ხდება საჭირო, როცა მშობელს სკოლის ადმინისტრაციასთან სურს შეხვედრა: „აქაც არ არის შეზღუდვა საათებში, თუ როდის უნდა მოვიდეს მშობელი. მთავარია, დირექციის რომელიმე წევრს ჰქონდეს თავისუფალი დრო. თუ დირექტორი/მისი მოადგილეები დაკავებილები არიან, მშობელი, მისი სურვილის შემთხვევაში, პირველი სართულზე, მოსაცდელ სივრცეში იცდის ან მოდის სხვა დროს.

ასევე იხილეთ:

ვინ რეკავს ზარს საჯარო სკოლებში? – სკოლის დირექტორის პასუხი მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობას დააკმაყოფილებს

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში