„ვაი თუ დამჭირდეს..“ – ის, რაც მასწავლებელს აწუხებს, ვრცელი საუბარი ზოგადი განათლების სპეციალისტთან
„როგორ ვიმუშავე გასულ სემესტრში?!“ – თუ მასწავლებელი ხართ და თქვენთვის ეს მუდმივი კითხვაა, ან უბრალოდ კითხვა თვითრეფლექსიისთვის, ალბათ, გიჩნდებათ უფრო მნიშვნელოვანი ჩაკითხვებიც.
უტყუარია, რომ მასწავლებელი არ უნდა იღლებოდეს მუდმივად საკუთარი თავის შეფასებით და ამ მნიშვნელოვან საქმეში არც მარტო გრძნობდეს თავს.
საკუთარი თავის გარდა კიდევ ვინ აფასებს მასწავლებლის მუშაობას ანუ არსებობს თუ არა საქართველოში მასწავლებლის შეფასების სისტემა. ამ საკითხებზე, არგუმენტირებულად, პირადი პრაქტიკის მაგალითით EDU.ARIS.GE-სთან ზოგადი განათლების სპეციალისტი და მასწავლებელი, თათა ლაღიძე, 11 თებერვალს საუბრობს.
– თათა, ალბათ, თქვენც ხშირად ეკითხებით საკუთარ თავს, როგორ მუშაობთ და მიმართავთ თვითრეფლექსიას. სკოლაში თუ გაქვთ ერთიანი სისტემა, რომელიც მასწავლებელს შეაფასებს? მაგალითისთვის, როცა პედაგოგს სკოლიდან უშვებენ, მისი არგუმენტი შეიძლება იყოს ასეთი: „არ იყვნენ კმაყოფილი ჩემი მუშაობით“, მაგრამ კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს უკმაყოფილება, გაურკვეველია. თქვენი დაკვირვება როგორია?
– ცხადია, მხოლოდ თვითშეფასების კითხვარი ვერ იქნება მასწავლებლის წინსვლისა და პროფესიული ზრდის გარანტი. თუ სკოლა ათავისუფლებს მასწავლებელს და ეუბნება, რომ „არ ვართ თქვენი მუშაობით კმაყოფილი“ და მხოლოდ ამ სიტყვებით შემოიფარგლება, ჩემთვის ეს არაპროფესიონალიზმის და გულგრილობის მაჩვენებელია. როგორც ჩვენ, მასწავლებლებს მოგვეთხოვება მოსწავლეები შევაფასოთ კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით და გვაქვს შეფასების რუბრიკები თითოეული აქტივობის მიმართ, ზემოაღნიშნულ შემთხვევაში მასწავლებელსაც დეტალურად უნდა განემარტოს გათავისუფლების მიზეზი.
ამ სასწავლო წლიდან, ჩვენს სკოლაში დირექციის ინიციატივით, შემუშავდა გაკვეთილზე დასწრების და მასწავლებლის შეფასების რუბრიკა. რუბრიკის კრიტერიუმები კათედრის სხდომებზე მასწავლებლებმა განვიხილეთ და ჩვენი მოსაზრებები გავაცანით დირექციას. საბოლოოდ, ერთობლივად შევიმუშავეთ მასწავლებლის შეფასების რუბრიკა. ეს გამოკვეთს მასწავლებელთა საჭიროებებს, რაც სკოლას გაუადვილებს მიზანმიმართული აქტივობების დაგეგმვას მასწავლებელთა პროფესიული ზრდისთვის.
– პირდაპირ გკითხავთ, არსებობს თუ არა საქართველოში მასწავლებლის რეალური შეფასების სისტემა?
– თუ ვგულისხმობთ მაგალითად, სასწავლო წლის ბოლოს მასწავლებლის რაიმე სახით შეფასებას, ამ მომენტისთვის მასწავლებლის შეფასების ერთიანი სახელმწიფო სისტემა არ გვაქვს, თუმცა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში მითითებულია, რომ ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, აამოქმედოს მასწავლებელთა შეფასებისა და ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სისტემა მათ საქმიანობაზე დაკვირვების გზით. ამ მიმართულებით სკოლებს მიენიჭათ ავტონომია.
ამ მომენტისთვის, როგორც მასწავლებლის პროფესიული წინსვლის სქემაში ვკითხულობთ, პორტფოლიო მიბმულია მასწავლებლის სტატუსზე, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ მასწავლებელს სურს სტატუსის ამაღლება, მან უნდა ჩააბაროს წამყვან-მენტორის უნარების გამოცდა და ამის შემდეგ საკუთარი პორტფოლიო უნდა წარუდგინოს შესაბამის შეფასების ჯგუფს და დაიცვას. არადა ფაქტია, რომ უკვე ორი წელია, გაურკვეველი მიზეზით არ ცხადდება უნარების გამოცდა, რამაც ავტომატურად, ფაქტობრივად, გააუქმა პორთფოლიოს წარმოება.
– საინტერესოა, რა ინფორმაცია თავსდება პედაგოგის საქაღალდეში..
– სწორი ჩაკითხვაა, პორთფოლიოს წარმოების ვალდებულება არ გვაქვს, ამიტომ მასწავლებელი საკუთარი სურვილის შესაბამისად აგროვებს, აქვეყნებს ან ტვირთავს საქმიანობის ამსახველ მასალას მისთვის სასურველ სივრცეში, იქნება ეს პირადი ფლეშ მეხსიერების ბარათი, პირადი ბლოგი თუ მასწავლებლის შეფასების ელექტრონული სისტემა (E-school), იმის მოლოდინში „ვაი თუ დამჭირდეს..“
– როგორი იქნებოდა სწორი, ეფექტური და ხარისხიანი მასწავლებლის შეფასების სისტემა? ,აგალითებით რომ გაგვიზიაროთ
– მასწავლებლის შეფასების სისტემის შემუშავება, ვფიქრობ, არ უნდა იყოს მარტივი პროცესი, რადგან ის კომპლექსური საკითხია და რამდენიმე მიმართულებით მუშაობას უნდა მოიცავდეს – ის უნდა ეფუძნებოდეს მასწავლებელთა პროფესიულ სტანდარტს, უნდა ეფუძნებოდეს მკაფიოდ განსაზღვრულ ინდიკატორებს, გათვალისწინებული უნდა იქნეს მოსწავლეთა აკადემიური შედეგები. მასწავლებლის შეფასების სისტემამ უნდა შეძლოს მთავარი გამოწვევის დაძლევა – მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება მასწავლებლის უწყვეტი განვითარებითა და პროფესიული ზრდის საშუალებით. მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა მიიღოს კონსტრუქციული, ამომწურავი უკუკავშირი და შეფასებისას იგრძნოს მხარდაჭერა, რადგან მუდმივ დაძაბულობაში მყოფი პედაგოგი ვეღარ იქნება პროდუქტიული. ამით კი დაზარალდება ყველაზე მნიშვნელოვანი – მოსწავლე.
– როგორ უნდა გახდეს პორტფოლიო ერთგვარი ინსტრუმენტი მასწავლებლის შეფასებისთვის, მცირედი რჩევა გაუზიარეთ მათ, ვისაც ეს საქმე ეხება?
– მასწავლებლის საქმიანობის ამსახველი პორტფოლიო არ უნდა იყოს მიბმული სტატუსზე და ყველა მასწავლებელს უნდა ჰქონდეს მისი წარმოების ვალდებულება, მიუხედავად იმისა, გეგმავს თუ არა სტატუსის ამაღლებას. ყველა სკოლამ კი ინდივიდუალურად უნდა შეიმუშაოს პორტფოლიოს შეფასების კრიტერიუმები და განსაზღვროს სავალდებულო დოკუმენტების ჩამონათვალი, რაც მასწავლებელმა უნდა განათავსოს თავის პროფესიულ საქაღალდეში.
ვფიქრობ, სწორედ პორტფოლიო უნდა მოიცავდეს ისეთ დოკუმენტაციას, რომელიც შეამოწმებს და შეაფასებს მასწავლებლის საქმიანობას ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების მიხედვით. თავის მხრივ სკოლამ პორტფოლიოს შეფასების შემდეგ უნდა გამოკვეთოს პედაგოგთა საჭიროებები და ამის მიხედვით დაგეგმოს მიზანმიმართული აქტივობები.
მენტორი მასწავლებელი კოლეგებს ელექტრონულ რესურსს უზიარებს – „უკეთესია რვეულსა და ბაინდერზე“
ესაუბრა მზეო შველიძე