2016 წლის ეროვნულ გამოცდებს 3000-მდე აბიტურიენტი გამოეთიშა – მაია მიმინოშვილი საატესტატო გამოცდებს აჯამებს
გამოსაშვები გამოცდები დღეს ქიმიის გამოცდით დასრულდა. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რამდენი ჩაიჭრა საერთო ჯამში, თუმცა, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, ეს რიცხვი შარშანდელ მონაცემს აღემატება. ეროვნულ გამოცდებზე კი 2900 აბიტურიენტი ვეღარ გავა.
სულ გამოსაშვებ გამოცდებზე 47 ათასამდე მოსწავლე იყო დარეგისტრირებული. მათგან ნაწილს მხოლოდ ატესტატის აღება უნდა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კი 41 600 აპირებდა გასვლას. თუმცა ახლა, გამოსაშვები გამოცდების შედეგად, გამოდის, რომ ეროვნულ გამოცდებზე დაახლოებით 38 ათასი აბიტურიენტიღა გავა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ჯერ-ჯერობით ვერც თითოეულ საგნებში ჩაჭრილთა ზუსტ ოდენობას ასახელებს, თუმცა, მათ მიერ გამოქვეყნებული პროცენტების მიხედვით EDU.ARIS.GE-მ გამოითვალა, რომ პირველ გამოცდაზე, ქართულში, სადაც 37 900-ზე მეტი აპლიკანტი იყო, 98%-მა ზღვარი წარმატებით გადალახა. ანუ, დაახლოებით 37 ათასმა გამოცდა ჩააბარა, 900 კი – ჩაიჭრა.
რაც შეეხება ისტორიას, ტესტირებაზე 42 ათასამდე მოსწავლე გამოცხადდა, ზღვარი წარმატებით მონაწილეთა 95%-ზე მეტმა დაძლია. ანუ, 39 ათასზე მეტმა გამოცდა ჩააბარა, დაახლოებით 2 ათასი – ჩაიჭრა.
უცხო ენის გამოცდაზე კი 43 ათასამდე მოსწავლე მივიდა. მათგან ზღვარი წარმატებით მონაწილეთა დაახლოებით 85%-მა გადალახა (ზღვრის გადასალახად მოსწავლეს სწორი პასუხი დაახლოებით 15 კითხვაზე უნდა გაეცა). ანუ, უცხო ენაში ბარიერი დაახლოებით 36 ათასმა დაძლია, დაახლოებით 6 500 კი – ჩაიჭრა.
საკმაოდ რთული სურათი მივიღეთ მათემატიკის გამოცდების შედეგებითაც, სადაც 42 700-ზე მეტი აპლიკანტიდან ზღვარი წარმატებით მონაწილეთა 86%-ზემეტმა (36 ათასზე მეტი) გადალახა. 5 ათასზე მეტი კი ჩაიჭრა.
რაც შეეხება ქიმიის გამოცდას, რომელიც დღეს ჩატარდა, მას 5 ათასზე მეტი აბარებდა და დაახლოებით 90 %-მა (4 500) ბარიერი დაძლია. ანუ, გამოდის, რომ დაახლოებით 500 მოსწავლე ჩაჭირა. ქიმიის დღევანდელ გამოცდაზე ის მოსწავლეები გავიდნენ, რომელთაც ბარიერი შარშან ვერ გადალახეს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ამბობს, რომ სტატისტიკა მკვეთრად არ გაუარესებულა. მართალია, გაიზარდა იმ აბიტურიენტთა რაოდენობა, რომლებიც ეროვნულ გამოცდებს გამოეთიშენ, მაგრამ საერთო ჯამში, ჩაჭრილთა ოდენობა დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც წინა წელს.
მაია მიმინოშვილი: გამოცდებმა კარგად ჩაიარა. გამოცდების ეს ტიპი მნიშვნელოვანწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორია ელექტროენერგიისა და ინტერნეტის მიწოდება. სხვათა შორის, წინა წლებში უფრო იყო ამ კუთხით ხარვეზები. წელს კი ნამდვილად ყველგან ყველაფერი ისე ჩატარდა, როგორც საჭირო იყო. ასე რომ არანაირი შეფერხება არ ყოფილა.
აქ საუბარი არაა იმაზე, რომ სადმე დენი ერთი წუთით გამოირთო. საუბარი მასშტაბურ ავარიაზეა, რის შედეგადაც მთელი დღე შუქი არაა. ეს სისტემა ისეთია, რომ გამოცდა სადაც გაჩერდება, მოსწავლე ისევ იმ წერტილიდან აგრძელებს. ასე რომ, კარგია, რომ ამ ფორმითა და კუთხით პრობლემა არ ყოფილა.
–რამდენი იყო დარეგისტრირებული გამოსაშვები გამოცდებისათვის და აქედან რამდენი ჩაიჭრა?
–მ.მ: რეგისტრირებული 47 ათასამდე მოსწავლე იყო. მოგეხსენებათ, აქ მხოლოდ მე-12 კლასელები არ იგულისხმებიან. ატესტატს ვერ იღებს, ის, ვინც ბარიერს ერთ საგანში მაინც ვერ გადალახავს. წელს გამოიკვეთა, რომ ჩაჭრილთა ოდენობა მათემატიკასა და უცხო ენაში ცოტა მაღალია. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ გაცილებით უარესი წლებიც გვქონია.
–რაც შეეხება თითოეულ საგანში ცალ-ცალკე?
–მ.მ: დაახლოებით 87 პროცენტია იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებმაც მათემატიკაში გადალახეს ბარიერი, 97%- ქართულ ენასა და ლიტერატურაში, დაახლოებით 96% -ისტორიაში. უცხო ენაში კი დაახლოებით იგივე სურათი გვაქვს, რაც მთემატიკაში – დაახლოებით 86 %-მა ჩააბარა.
–რამდენი აბიტურიენტია რეგისტრირებული ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და გამოსაშვები გამოცდების შედეგად რამდენი გამოაკლდა ამ რიცხვს?
–მ.მ: დარეგისტრირებული სულ 41 600 აბიტურიენტია, გამოსაშვები გამოცდებით კი დაახლოებით 2 900 მათგანი გამოეთიშა. სიმართლე რომ გითხრათ, ეს ციფრი წლიდან წლამდე დაახლოებით ერთნაირია. შარშანაც, როგორც მახსოვს, დაახლოებით 39 ათასი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული ერთიან ეროვნლ გამოცდებზე და საბოლოოდ დაახლოებით 37 ათასი გამოვიდა.
თუ ახალგაზრდას მხოლოდ ატესტატის აღება უნდა და რომელიმე საგანში ბარიერი ვერ გადალახა, არანაირი პრობლემა არაა – შეუძლია მომდევნო წელს მხოლოდ იმ საგნის გამოცდა ჩააბაროს, რომელშიც ჩაიჭრა და ატესტატი აიღოს.
–ანუ, თქვენ ამბობთ, რომ წინა წელთან შედარებით ჩაჭრილთა სტატისტიკა არ გაუარესებულა?
–მ.მ: აბიტურიენტების შემთხვევაში ნამდვილად ასეა. შეიძლება რიცხვებში ცოტა არის განსხვავება, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ სურათი დრამატულად შეიცვალა.
–გამოსაშვებ გამოცდებზე გამსლელთა შემთხვევაში კი ჩაჭრილთა რიცხვი გაზრდილია, ასეა?
–მ.მ: მათემატიკისა და უცხო ენის ხარჯზეა გაზრდილი.
–რითი ხსნით ამას? ადრეც ახსენეთ, რომ საგრძნიბლად შემცირდა იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებიც დამატებით საგნად მათემატიკის ჩაბარებას არჩევენ. რამ განაპირობა ასეთი ცვლილება?
–მ.მ: სამწუხადოდ ასეა. იმ დროს, როცა ჩვენ ერთიანი ეროვნული გამოცდები დავიწყეთ, მათემატიკის 3 ვარიანტის შედგენა გვჭირდებოდა ხოლმე. წელს კი მხოლოდ ერთი ვაიანტი გვექნება. ჩვენთვის კი უკეთესია, რაც ნაკლები ვარიანტი გვექნება, მაგრამ პირადად ჩემთვის ნამდვილად სამწუხარო ტენდენციაა.
ისტორიისა და გეოგრაფიის ჩამბარებელთა რიცხვი კი იზრდება. ამ საგნებს არაფერს ვერჩი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათემატიკა და საბუნებისმეტყველო საგნებიც სათანადოდ ისწავლებოდეს. ეს იმაზე მიუთითებს, აბიტურიენტებს წლიდან წლამდე მათემატიკის ჩაბარება ურთულდებათ.
–ანუ, გამოცდებზე არაფერი შეცვლილა, არ გართულებულა?
–მ.მ: ამაზე კითხვას ძალიან ხშირად სვამენ. საქმე ისაა, რომ გამოსაშვები გამოცდების სისტემა მისაღები გამოცდის სისტემისაგან რადიკალილურად გასნხვავებულია. მისაღებ გამოცდაზე ყოველწლიურად ახალი ტესტი იქმნება. მთელი წელი სჭირდება იმას, რომ დავალებები იმ პარამეტრებში იყოს, რომელიც ჩენ გვაკმაყოფილებას, რომ საშუალო სირთულესთან მიახლოებული ტესტი გამოგვივიდეს, ყოველ დავალებას აპრობაცია და კორექტირება სჭირდება, უამრავი ანალიზი და ა.შ. მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ წელს ტესტის დამწერმა უფრო რთული, ან მარტივი ტესტი დაწერა, ვიდრე შარშან. ანუ, შეიძლება კითხვა ასე დაისვას.
კომპიუტერზე ადაპრიტებულ ტესტირებას რაც შეეხება, სისტემა ისეთია, რომ ეს შეუძლებელია. მოგეხსენებათ, ეს სისტემა 2011 წლიდან შემოვიღეთ. 2010 წლიდან დაწყებული 2016 წლის ჩათვლით ვქმნით და ვქმნით დავალებათა ბანკს. ახლა მაგალითად, ყველა საგანში მინიმუმ 1000 დავალება გვაქვს. ზოგ საგანში გაცილებით მეტიც.
თითოეული დავალება მრავალგზის გამოცდილია. მათ შორის რეალურ გამოცდაზეც, რადგან მოსწავლეს რეალურ დავალებებთან ერთად სააპრობაციო დავალებებიც მისდის, რომელიც არ ფასდება. ბუნებრივია შემდეგ ე.წ. კალიბრაციის პროცესი, დავალებების პარამეტრების დაზუსტება იწყება და ბანკში მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ ხვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დავალებათა ბანკი დაახლოებით იგივეა, იგივე დავალებებია. ყველწლიურად დავალებათა დაახლოებით 10 % ახლდება.
თავად მოსწავლეზეა დამოკიდებული თუ რა დავალება მიუვა და არა გამომცდელზე. თუკი მოსწავლე საშუალო სირთულის დავალებებს პასუხებს სწორად სცემს, პროგრამა მას ავტომატურად ოდნავ რთულს აწვდის. თუ ვერ ცემს, მაშინ უმარტივებს. ის ალგორითმი, რომელიც ჩვენს ორგანიზაციაში შეიმნა, ამას ავტომატურ რეჟიმში აკეთებს.
რთული იყო დავალება თუ მარტივი, ეს მთლიანად კონკრეტულ მოსწავლესა და მის შესაძლებლობაზეა დამოკიდებული. ამიტომაცაა, რომ ეს პროგრამა თითოეული მოსწავლის შესაძლებლობას მაქსიმალური სიზუსტით ზომავს – სწორედ იმ დავალებებს უგზავნის, რომელიც მის შესაძლებლობებს შეესაბამება.
აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი, რომ წელს დავალება უფრო რთული იყო, ვიდრე შარშან, აბსოლუტურად არარელევანტურია.
–იგეგმება თუ არა რაიმე ღონისძიებების ჩატარება სკოლებში ტექნიკური საგნების უკეთ სწავლებისათვის?
–მ.მ: ამას სისტემური მიდგომა სჭირდება. ქვეყნის მიერ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები პრიორიტეტადაა გამოცხადებული და საქართველო ამაში გამონაკლისი არაა. ეს მიმართულებები ძალიან ბევრი ქვეყნისთვისაა მნიშნელოვანი. ისინი ძალისხმევას არ იშურებენ, რათა ამ საგნების სწავლებას ხელი მაქსიმალურად შეუწყონ.
რა თქმა უნდა, ჩვენც გვაქვს ამასთან დაკავშირებით გარკვეული ინტენციები, თუმცა, როგორც ჩანს, ამას მაინც უფრო სისტემური მიდგომა სჭირდება, რათა რაღაც შედეგი და ეფექტი გამოჩნდეს. დასამალი არაა, რომ ფიზიკა, ქიმია და მათემატიკა ის საგნებია, რომლისაც მშობლებსაც ეშინიათ და მსწავლეებსაც.
თაკო არის© მათეშვილი
მათემატიკის საატესტატო გამოცდაში 5 000–ზე მეტი მოსწავლე ჩაიჭრა
მე -11 კლასის გამოსაშვები გამოცდების განრიგი საგნების მიხედვით – 2015–16 სასწავლო წელი
- რამდენია თანამდებობრივი სარგოები განათლების სამინისტროში თანამდებობების მიხედვით – განკარგულება განახლდა by ARIS.GE-განათლება
- სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი
- ვასწავლოთ და ვისწავლოთ ასო-ბგერები „ბ“, „გ“, „დ“, „თ“, „კ“, „უ“, „ღ“, „ს“, „ხ“ – მასწავლებლის 9 პრეზენტაცია by განათლებული ბლოგი