GE

გზავნილები სასკოლო და საუნივერსიტეტო საზოგადოებას პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრისგან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მიმართვებს ავრცელებენ.

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, ქვეყნის სიძლიერესა და საიმედო მომავალს სწორედ ცოდნა და განათლება განსაზღვრავს.

„ყველა მოსწავლეს და სტუდენტს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებს და მშობლებს, გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

განსაკუთრებით გილოცავთ პირველკლასელებსა და პირველკურსელებს, ვისთვისაც დღეს ცოდნის შეძენის, პიროვნული ზრდისა და ახალი შესაძლებლობების უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება.

სწორედ თქვენი ცოდნა, განათლება და შრომისმოყვარეობა განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერეს და საიმედო მომავალს. მჯერა, არაერთ წარმატებას მიაღწევთ.

მომავალი თაობების აღზრდის საქმეში ფასდაუდებელია ჩვენი პედაგოგების როლი. მადლობას ვუხდი თითოეულ მასწავლებელსა და ლექტორს ამ საპატიო მისიის ერთგულად შესრულებისთვის. ნაყოფიერ, საინტერესო და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მიმართვაში.

გივი მიქანაძის განცხადებით, მთავრობის მთავარი ამოცანაა, თითოეული მოსწავლისთვის უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო, ჯანსაღი და თანამედროვე სასწავლო გარემო, ამ მიზანს კი ზოგადი განათლების რეფორმა და ბოლო წლებში განხორციელებული თითოეული
ინიციატივა ემსახურება.

„მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და სრულიად საზოგადოებას გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად შეაღებენ სკოლის კარს.

სკოლა ის ადგილია, სადაც იდგმება პირველი ნაბიჯები მომავლისკენ, სადაც ბავშვები, ცოდნის მიღებასთან ერთად, სწავლობენ ერთმანეთის პატივისცემას, მეგობრობას, პასუხისმგებლობასა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას…

მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებსა და თანამშრომლებს – თქვენი პროფესიონალიზმი, თავდადება და ყოველდღიური შრომა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მოსწავლეთა განვითარებასა და სასკოლო გარემოს გაუმჯობესებაში.

მადლობას ვუხდი მშობლებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის. თქვენი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში და თანადგომა ბავშვის წარმატების მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.

მჯერა, რომ ახალი სასწავლო წელი თითოეული მოსწავლისთვისა და სტუდენტისთვის საინტერესო აღმოჩენების, ახალი შესაძლებლობებისა და წარმატების გზის საწყისი იქნება. კიდევ ერთხელ გილოცავთ! გისურვებთ ნაყოფიერ, საინტერესო და სიხარულითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსე წელს!“, – აღნიშნულია განათლების მინისტრის მიმართვაში.

ასევე იხილეთ: 

სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო – ყველა სიახლე და ცვლილებები, რომლებიც მოსწავლეებს შეეხოთ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური