GE

BTU დაარსებიდან 10 წელს აღნიშნავს

10 წელი, 13 680 ჩარიცხული სტუდენტი, 3 500-ზე მეტი კურსდამთავრებული, 16 აკრედიტებული პროგრამა და ასობით საერთაშორისო პროექტი – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაარსებიდან ათ წელს აჯამებს.

2016 წელს შექმნილი BTU მცირე დროის განმავლობაში ერთ-ერთ სწრაფად მზარდ უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა. 10 წლის განმავლობაში უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობამ 13 680-ს მიაღწია, BTU დაამთავრა 3 500-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა, ხოლო აკადემიური და მოწვეული პერსონალის რაოდენობა 350-მდე გაიზარდა. დღეს უნივერსიტეტში 16 აკრედიტებული საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა მოქმედებს.

ამავე პერიოდში შეიქმნა ორი კამპუსი, რომლებიც თბილისის ცენტრში 11 080 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. სასწავლო და კვლევითი სივრცეები აერთიანებს თანამედროვე აუდიტორიებს, ბიბლიოთეკებს, ტექნოლოგიურ ლაბორატორიებსა და მრავალფუნქციურ სტუდენტურ სივრცეებს.

170-მდე საერთაშორისო პროექტი და 10 000-ზე მეტი ბენეფიციარი

ათწლეულის განმავლობაში BTU-ში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაახლოებით 170 საერთაშორისო პროექტი განხორციელდა. მათი საშუალებით საქართველოს მასშტაბით 10 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა სრულად დაფინანსებული განათლებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა მიიღო.

BTU-ს საერთაშორისო ქსელი დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ პარტნიორ უნივერსიტეტს აერთიანებს. 110 გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 500-მდე სტუდენტმა და 220-მდე პროფესორმა, პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებთან შეიქმნა შვიდი ორმაგი სადიპლომო პროგრამა, ხოლო BTU-ს 400-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი და ლექტორი ეწვია. უნივერსიტეტი 12 საერთაშორისო ასოციაციის წევრია.

200-მდე სამეცნიერო ნაშრომი

10 წლის განმავლობაში საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალებში BTU-ს მკვლევართა 200-მდე ნაშრომი გამოქვეყნდა. გამოიცა წიგნები და მონოგრაფიები, დაფინანსდა 20-მდე კვლევითი პროექტი და ჩატარდა ანალიტიკური კვლევები კერძო, საჯარო და პოლიტიკური სექტორებისთვის.

უნივერსიტეტმა ასევე შექმნა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის კვლევების მხარდაჭერის პროგრამები, კვლევითი გრანტების კონკურსი და მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში პუბლიკაციების დაფინანსების სქემა.

600 000 ლარზე მეტი სტუდენტური სტიპენდიებისთვის

დაარდებიდან დღემდე BTU-მ საკუთარი რესურსებით სტუდენტებისთვის 600 000 ლარზე მეტი სტიპენდია გასცა. დაფინანსება 3 500-მდე სტუდენტის სწავლის საფასურს შეეხო.
2026 წელს უნივერსიტეტში შეიქმნა სტუდენტთა საგრანტო ფონდიც, რომელიც წარმატებული სტუდენტების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის ნაწილობრივ ან სრულ დაფინანსებას ემსახურება.

6 000-მდე მეწარმეობის პროგრამების ბენეფიციარი

BTU-ს მეწარმეობის ცენტრის გარშემო შექმნილმა პროგრამებმა 6 000-მდე ბენეფიციარი გააერთიანა. ცენტრის ფარგლებში ჩატარდა 400-ზე მეტი საგანმანათლებლო კურსი და აქტივობა და განხორციელდა 18 აქსელერაციისა და პრეაქსელერაციის პროგრამა.

BTU-ს პროგრამების ბენეფიციარმა სტარტაპებმა ჯამურად 2 727 000 ლარის დაფინანსება მოიზიდეს.

500-ზე მეტი პარტნიორი და 10 000-ზე მეტი კარიერული შესაძლებლობა

BTU-ს კარიერული განვითარების მიმართულება 500-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას აერთიანებს. 10 წლის განმავლობაში პარტნიორებთან ერთად განხორციელდა 200-ზე მეტი ინიციატივა და ჩატარდა 600-ზე მეტი პროფესიული ღონისძიება, ტრენინგი, მასტერკლასი და ვორქშოფი.

სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის გავრცელებული დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობების რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა. დასაქმების მაჩვენებელი სტუდენტებში 83%-ს, ხოლო კურსდამთავრებულებში 92%-ს შეადგენს.

კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა 20 ადგილობრივი დასაქმების ფორუმი. Job Shadowing-ის პროგრამაში ჩაერთო 70-მდე პარტნიორი კომპანია და 200-მდე სტუდენტი, ხოლო უნივერსიტეტის შიდა სტაჟირების პროგრამა BTUSHIP-ით 100-ზე მეტმა სტუდენტმა ისარგებლა.

10 წლის რიცხვები ასახავს უნივერსიტეტის ზრდას, თუმცა თითოეული მაჩვენებლის უკან სტუდენტები, კურსდამთავრებულები, მკვლევრები, მეწარმეები და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეები დგანან.

პირველი ათწლეულის შედეგებით BTU განვითარების ახალ ეტაპზე გადადის – უფრო ფართო საერთაშორისო პარტნიორობით, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციით, ახალი კვლევითი შესაძლებლობებითა და სტუდენტებისთვის შექმნილი დამატებითი რესურსებით.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური