GE

„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საჯარო და კერძო სკოლებს „ძალიან ბევრი“ გამოწვევა აქვთ, თუმცა „მთელი რიგი კერძო სკოლები ხარისხობრივად უკეთესია მთელ რიგ საჯარო სკოლებზე“.

როგორც ირაკლი კობახიძემ დღეს, 14 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს განათლების რეფორმა და საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის განათლების ხარისხის გათანაბრებაა.

„გამოწვევები, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია კერძო სკოლებშიც, სხვათა შორის და საჯაროშიც. სწორედ ამის გამო დავიწყეთ მასშტაბური რეფორმის პროცესი. გვინდა საჯარო სკოლების მაქსიმალურად გაძლიერება. მაგალითად, რომ ავიღოთ საჯარო საბავშვო ბაღი თბილისში – იმდენად მაღალი ხარისხია საჯარო საბავშვო ბაღებში, რომ ბევრი კერძო ბაღი ვერ უძლებდა კონკურენციას და დაიხურა კიდეც. გვინდა, რომ ასეთივე მასშტაბის გაუმჯობესებას მივაღწიოთ საჯარო სკოლებში ისე, რომ მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის.

არის მთელი რიგი კერძო სკოლები, რომლებიც ხარისხობრივად უკეთესია მთელ რიგ საჯარო სკოლებზე. დღევანდელი მდგომარეობით, დაახლოებით, 70 ათასი ბავშვი სწავლობს კერძო სკოლებში, დანარჩენი – საჯაროში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი მიზანია, რომ საჯარო სკოლებში მომსახურების, განათლების ხარისხი გაუთანაბრდეს მაქსიმალურად მოკლე დროში კერძო სკოლებში მომსახურებისა და განათლების ხარისხს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე იხილეთ: 

„არ გვაქვს ილუზია, რომ წელს დავასრულებთ ყველა სკოლას – დავაჩქარებთ და მივიღებთ ისევ უხარისხოს“

მოდულური დროებითი სკოლები მთელ საქართველოში – ახალი გამოსავალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური