GE

განათლების სამინისტრო სასკოლო ასაკის ბავშვების მშობლებს კიდევ ერთხელ მიმართავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრო სასკოლო ასაკის ბავშვების მშობლებს კიდევ ერთხელ მიმართავს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვების სკოლაში შეყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ შეიცვლება.

სანიკიძის უწყებაში განმარტავენ, რომ წელს სკოლაში სწავლას დაიწყებს მხოლოდ 2009 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვი, ხოლო ბავშვს, რომელსაც 6 წელი  15 სექტემბერს და მომდევნო დღეებში უსრულდება, სახლში დარჩენა მოუწევს

როგორც Aris.ge-განათლებას განათლების სამინისტროს ფსიქოლოგმა და სასკოლო ასაკის პატარებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციების ერთ-ერთმა თანაავტორმა ლევან ზარდიაშვილმა განუცხადა, უკმაყოფილო მშობლების პროტესტის მიუხედავად, კანონი გამონაკლისის დაშვებას არ ითვალისწინებს და ხუთი წლის ბავშვები სკოლებში არავითარ შემთხვევაში არ დაიშვებიან.

„მე მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი. 6 წლის შემდგომ ასაკში ბავშვის სკოლაში შეყვანა არც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და არანაირი სხვა ტიპის გადაწყვეტილება არ არის. ეს იყო მხოლოდდამხოლოდ ბავშვის ჯანმრთელობიდან ამომავალი გადაწყვეტილება. ბევრს ჰგონია,  რომ როდესაც ერთი ბავშვი არის 5 წლის და 9 თვის და მეორე ბავშვი არის  6 წლის, ამ ორ ბავშვს შორის განსხვავება მხოლოდ სამი თვეა და ეს სამი თვე არაფერს ნიშნავს. სინამდვილეში ეს ასე არ არის და ეს სამი თვეც ბევრს ნიშნავს“,- განუცხადა Aris.ge-განათლებას ზარდიაშვილმა.

ლევან ზარდიაშვილი ასევე განმარტავს, რომ რეგულაციები საერთშორისო პრაქტიკისა და კვლევების გათვალისწინებით შემუშავდა.

Aris.ge-განათლებას შეკითხვაზე – შეისწავლა თუ არა განათლების სამინისტრომ ქართველი სასკოლო ასაკის ბავშვების უნარები და ამ ყველაფრის გათვალისწინებით გამკაცრდა თუ არა  კანონი, ზარდიაშვილმა უპასუხა, რომ ამ კუთხით საქართველოში არავითარი კვლევა არ ჩატარებულა და სანიკიძის უწყება მხოლოდ საერთაშორისო პრაქტიკას და რეკომენდაციებს დაეყრდნო. მან ასევე განმარტა, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვების ფსიქიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობები არაერთმა ავტორიტეტულმა მონიტორინგმა შეისწავლა და მათ მიერ დადებული რეკომენდაციები უტყუარია.

რაც შეეხება უკმაყოფილო მშობლების მიერ ხელმოწერების შეგროვების დაწყების საკითხს, ზარდიაშვილის თქმით, განათლების სმაინისტრომ მყარად ჩამოაყალიბა პოზიცია და მისი ინფორმაციით, ვერავითარი ხელმოწერების შეგროვებით კანონის გადახედვა არ მოიაზრება.

აქვე გეტყვით, რომ წელს სკოლებში სწავლა 10 სექტემბრის შემდეგ, პირველივე ორშაბათს ანუ 14 სექტემბერს დაიწყება. შესაბამისად, პირველ კლასში მხოლოდ იმ ბავშვებს მიიღებენ, რომლებსაც 6 წელი 14 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. რეგულაციები და სასწავლო წლის დაწყების თარიღი ერთნაირად მოქმედებს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საჯარო სკოლებზე.

გიორგი არის© ხურცია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური