GE

ოდეერები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

„გათავისუფლდეს უნივერსიტეტი ე.წ. „ოდეერებისგან“ და  იყოს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი“ – თსუ–ის შემდეგ ამ მოთხოვნამ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მშვიდობიანი აქციის ირგვლივ გააერთიანა. აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი თამარ ბაუჟაძე აცხადებს, რომ უნივერსიტეტში არაოფიციალურად მოვლენილი ასეთი პიროვნება ენრიკო დევაძეა.  ისტორიის პირველი კურსის სტუდენტი აცხადებს, რომ დევაძე ბევრჯერ უნახავს უნივერსიტეტში შეიარაღებული, როგორ ესაუბრებოდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. თამარ ბაუჟაძის თქმით, ენრიკო დევაძე აქტიურად ერევა რექტორატისა და თვითმმართველობის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში:

12625942_807491766022526_1007228751_n„ბათუმის უნივერსიტეტშიც რომ არსებობს ოდეერი, ჩვენც ვეჭვობთ და გეტყვით რატომ; მართალია, ოფიციალური შტატი, როგორც თსუ-ში აქ არ არის, მაგრამ ადამიანი, რომელიც სამოქალაქო ფორმაში გადაცმული გამოდის საუნივერსიტეტო სივრცეში, უნივერსიტეტის ეზოში იარაღის თანხლებით და ამას არ მალავს, აქტიურად ესაუბრება პროფესორებს, აქტიურად ესაუბრება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, თვითმართველობის წარმომადგენლებს, ამ შემთხვევაში საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რომ სწორედ ენრიკო დევაძე არის, რომელსაც ჩვენ ვასახელებთ სუსის წარმომადგენლად და ოდეერის წარმომადგენლად. ეს არის ერთ–ერთი ეჭვის საფუძველი;  მე თვითონ მინახავს საღამოს საათებში როგორ მოდიოდა ეს პიროვნება სამოქალაქო ფორმით მარჯვენა მხარეს ჯიბეში იარაღით, რომელიც არც დამალული იყო და არც ცდილობდა ამის დაფარვას, პირიქით და ასეთ ფორმაში როგორ ესაუბრებოდა ადმინისტრაციის წარმომადგენლებს;  პროფესორებიც ესწრებოდნენ მათ დიალოგს სხვათაშორის.“

თამარ ბაუჟაძე edu.aris.ge–სთან საუბარში ჰყვება, რომ სტუდენტებს აქვთ კულუარული ინფორმაცია ოდეერის სხვა წარმომადგენლების შესახებაც, თუმცა ოფიციალურად ამის დადასტურებას ჯერჯერობით ვერ შეძლებენ. სტუდენტები ასევე საუბრობენ თვითმართველობის პოლიტიზირების საკითხზე და მათ კავშირზე ოდეერთან.

„კულუარებში არსებობს კიდევ რამდენიმე ადამიანზე ეჭვი, მაგრამ ამ შემთხვევაში არ გვაქვს ჩვენ ფაქტები, რომ დავადასტუროთ მათი კავშირი. მერაბ ხალვაში, როგორც რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მჭიდრო კავშირშია ამ სისტემასთან, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ოფიციალური შატატი არ არსებობს ბსუ-ში, მისთვის ადვილია თავი აარიდოს პასუხისმგებლობას; თუმცა ძალიან კარგი იქნება თუ აღიარებს, რომ ეს არის სისტემური პრობლემა და ეს არის ის პრობლემა, რომელიც მოგვარებას საჭიროებს. ვითხოვთ უნივერსიტეტის რეალურ ავტონომიას, გათავისუფლდეს ოდეერების სისტემისაგან. უნივერსიტეტი უნდა იყოს ღია და დამოუკიდებელი სივრცე.

ასევე, თვითმართველობა ბსუ-ში ელიტური წარმონაქმნია და  ძალიან ბევრი პრივივილეგიით სარგებლობს. თვითმართველობა გარკვეული ინტერესების გამტარებელია იმ სისტემის რა სისტემაც არსებობს უნივერსიტეტში, ადრე იყო ნაცმოძრაობის ინტერესების გამტარებელი, ეხლა არის ქართული ოცნება და მისი ინტერესების გამტარებელიცაა. თვითმართველობა ასევე პირდაპირ თანამშრომლობს ოდეერთან. შეთანხმებული მოქმედებებით აგრძელებენ ისინი გეგმების განხორციელებას“, – ამბობს ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტი.

მიუხედავად სტუდენტების საჯარო განცხადებებისა, რომ უნივერსიტეტის პროფესორები საჯაროდ და ხშირად თანამშრომლობენ ენრიკო დევაძესთან, როგორც სუს-ის და ოდეერის წარმომადგენელთან, ამ საკითხზე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი ამ დრომდე კომენტირებისგან თავს იკავებს.

ერთადერთი ლექტორი და აკადემიური საბჭოს წევრი,  ვინც ოდეერების ინსტიტუტის არსებობას ბსუ-ში საჯაროდ ადასტურებს მალხაზ ნაკაშიძეა:

„ყველამ ვიცით მათი არსებობის შესახებ და თავს რატომ ვიტყუებთ. თანაც დღეს სრულიად უკანონო სტატუსით იმყოფებიან ისინი. ვაღიაროთ და გავთავისუფლდეთ მათგან,“  – ეს კომენტარი ნაკაშიძემ რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებთან გააკეთა; edu.aris.ge–სთან საუბარში აცხადებს, რომ ამ თემის ირგვლივ სათქმელი ახალი არაფერი აქვს და ახლა „სხვა პროფესორების აზრით არის დაინტერესებული“, თუ რას განაცხადებენ ისინი.

სტუდენტების ბრალდების ადრესატ, ენრიკო დევაძესთან გასაუბრებას edu.aris.ge უშედეგოდ ცდილობდა. ბსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში კი ჩვენთან საუბარში ადასტურებს აღნიშნულ პიროვნებასთან თანამშრომლობას, როგორც სუს-ის წარმომადგენელთან; თუმცა ვერ ხედავს ენრიკო დევაძის კავშირს ოდეერთან. მერაბ ხალვაში აცხადებს, რომ ოფიციალური საშტატო განაკვეთი ოდეერის წარმომადგენლის პოზიციაზე უნივერსიტეტში არ არსებობს:

12596439_807495426022160_1660131171_n„მოდით გავარკვიოთ რას ნიშნავს უნივერსიტეტში ოდეერის წარმომადგენელი – ამ შემთხვევაში ის უნდა იყოს საშტატო განაკვეთით დანიშნული, ასეთი საშტატო განაკვეთი ჩვენს უნივერსიტეტში არ არსებობს.  მე ვიცი, რომ ენრიკო დევაძე არის ბიზნესის მიმართულებით დოქტორანტი, ასევე ვიცი, რომ იგი მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მაგრამ რა კავშირშია მისი ჩარევა ოდეერების საკითხში და რას გულისხმობენ  სტუდენტები ამაში, არ ვიცი. რას გულისხმობენ ისინი, რომ უნივერსიტეტის საქმიანობაში ერევა ენრიკო დევაძე? დამისახელონ კონკრეტულად რომელი გადაწყვეტილების მიღებაში ჩაერია?

მართალია, მე მასთან მქონდა შეხვედრა, თუმცა ეს ცდება ჩვენი უნივერსიტეტის პრობლემებს, ჩვენი ქვეყნისაც. მას როგორც უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელს, აინტერესებდა რაღაც ინფორმაცია და მე მქონდა ორჯერ შეხვედრა მასთან ამ საკითხზე. ეს პრობლემა ცდება ჩვენი ქვეყნის ფარგლებს და მსოფლიო პრობლემაა ნომერ პირველი,“ – განგვიცხადა უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.

კითხვაზე დაინტერესდება თუ არა სტუდენტების ინფორმაციით, რომ დევაძე უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით თავისუფლად გადაადგილდება და აქტიურად თანამშრომლობს უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან, მერაბ ხალვაში პასუხობს:

„მე დავინტერესდები ჰქონდა თუ არა მას მცდელობა რომელიმე სამსახურზე ზეწოლის. იარაღით სიარულის უფლება კი უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე არავის არ აქვს, თუმცა მას, როგორც ამ უნივერსიტეტის დოქტორანტს, უფლება აქვს უნივერსიტეტში იაროს. უნივერსიტეტის შინაგანაწესი კრძალავს ტერიტორიაზე ცეცხსასროლი იარაღის შემოტანას, თუ დადასტურდა, რომ ის იარაღით მოდიოდა აქ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყება ამასთან დაკავშირებით.“

ბსუ-ის სტუდენტების პრობლემით დაინტერესდა და აქციას შეუერთდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“  ბათუმის ორგანიზაცია. მალხაზ ჭკადუა  საგანმანათლებლო სივრცეში ოდეერების არსებობასთან დაკავშირებულ მავნე პრაქტიკაზე  საუბრობს.  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“  უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს საკითხში მეტი სიცხადის შეტანისკენ მოუწოდებს:

„სტუდედენტებს მიაჩნიათ, რომ რესურსები სწორად არ ნაწილდება, რომ თვითმართველობა სარგებლობს პრივილეგიებით – არ ვფიქრობთ რომ ეს არის ჯანსაღი მიდგომა; უნივერსიტეტი ღია სივრცე უნდა იყოს ყველასთვის და აკადემიური თუ ფინანსური რესურსი თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს. პრაქტიკა აჩვენებს რომ ოდეერების ინსტიტუტის გამოყენება უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში პრობლემატურია, ამიტომ ადმინისტრაცია თსუ-ის მოვლენების ფონზე, ამჯერად მაინც ღიად უნდა ლაპარაკობდეს ამ თემაზე. ჩვენი ორგანიზაცია წლებია, მოითხოვს ამ პრაქტიკის შეცვლას დ არც ახლა ვფიქრობთ სხვაგვარად. სტუდენტებს აქვთ ეჭვი და ეს ეჭვი, ან უნდა დაადასტუროს მერაბ ხალვაშმა, ან გაფანტოს“, – აცხადებს მალხაზ ჭკადუა.

ოფიციალური ინფორმაციით, ოდეერი (მოქმედი რეზერვის ოფიცერი) დაწესებულებაში ინიშნება „სახელმწიფო სტრატეგიული  დანიშნულებისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მქონე სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს სახელმწიფო წარმომადგენლობებში“.

არის თუ არა ბსუ-ს კანცლერის არჩევა პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგი?

მაია შავაძე – ბათუმი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური